Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი რუსეთში - 18 წლის ზურიკო დავითაშვილი რუბინში მაინც გადავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 18 წლის ნახევარმცველმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ზურიკო დავითაშვილი ბოლოს თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა  

თბილისის ლოკომოტივის 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ახლახან ჰქონდა, კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ნიჭერი ფეხბურთელი ყაზანის რუბინში ითამაშებს, სადაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ყაზანის კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დავითაშვილი რუბინის ღირსებას 11-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის კლუბში დამკვიდრებას გასულ ზამთარსაც ცდილობდა და მასთან ერთად შეკრებაც გაიარა. რუბინის სამწვრთნელო შტაბი ქართველი ფეხბურთელით  აღფრთოვანებას არ მალავდა, თუმცა საბოლოოდ კლუბსა და მოთამაშეს შორის კონტრაქტზე შეთანხმება მაშინ ვერ მოხერხდა. რუბინი დავითაშვილს 2,5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა, ქართველი ფეხბურთელისთვის კი მისაღები მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი იყო. საბოლოოდ, ბელეკში შეკრებაზე მყოფი ზურიკო გუნდსა და კლუბის თანამშრომლებს დაემშვიდობა.

მეტი ამ თემაზე: 'ყველაზე თვალსაჩინო და ალბათ, ერთადერთი' - 17 წლის ქართველი რუბინში

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში თბილისის ლოკომოტივის ღირსება 10 მატჩში დაიცვა, საიდანაც 7 ძირითადში დაიწყო. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მის ანგარიშზე 18 მატჩში 9 გოლია. ცნობილი პორტალი transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 500 ათას ევროს ასახელებს.

ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. გუნდის თავკაცის თანამდებობა ყურბან ბერდიევმა დატოვა, დროებით მწვრთნელად კი რომან შარონოვი დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები