Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეცხრე დღე
  • დღეს გამოსვლა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამმა ქართველმა დაიწყო
  • იაკობ ქაჯაიამ მინსკში ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ნახევარფინალშია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილმა სამმა წევრმაც დაიწყო. რობერტ კობლიაშვილი (-87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (-97) და იაკობ ქაჯაია (130) ასპარეზობაში 1/8-ფინალიდან ჩაებნენ, მათგან დაუმარცხებლად კი მხოლოდ ქაჯაია გამოდის.

ქაჯაიამ 1/4-ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა

დავით ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში ლიეტუველი რომას ფრიდრიკასი დაამარცხა (4-0), შემდეგ კი აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის მოუგო (10-4). ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 19:20 სთ-ზე უნდა გაიმართოს.

კობლიაშვილმა სტარტზე ბერძენ დიმიტრიოს ცეკერიდისს იოლად მოუგო (10-0), მაგრამ 1/4-ფინალში ბულგარელ რაძიკ კულიეუს ვეღარ აჯობა (1-2). პირველივე შეხვედრა დათმო რევაზ ნადარეიშვილმა, რომელსაც მეტოქედ სომეხი არტურ ალეკსანიანი ჰყავდა (1-2).

კობლიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შედეგების მიხედვით, დღეს ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე (-67) ფინალში იბრძოლებს, ხოლო ბრინჯაოს მოპოვებას დავით ჩხარტიშვილი (-60) შეეცდება. ეს შეხვედრები თბილისის დროით 19:30 სთ-იდან დაიწყება.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 25 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო მეხუთეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები