Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მერვე დღე
  • შმაგი ბოლქვაძე ფინალში ისე გავიდა, ქულა არცერთ მეტოქეს დაუთმო
  • დავით ჩხარტიშვილი 1/2-ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძვის 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე (-67 კგ) იბრძოლებს, ხოლო ბრინჯაოს მოპოვებას დავით ჩხარტიშვილი (-60) შეეცდება. 

თამაშების მერვე დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი მოჭიდავე 1/8-ფინალიდან ჩაება და მათგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ გელა ბოქვაძე გამოეთიშა (-77), რომელიც შვედ ალექს კესიდისთან 1-3 დამარცხდა.

ქართულ-სომხური დაპირისპირება ნახევარფინალში

შმაგი ბოლქვაძემ ავსტრიელი კრისტოფ ბურგერთან გამარჯვება ვადამდე იზეიმა (8-0), შემდეგ კი სერბ მეტ სემენსს აჯობა (2-0). ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ქულა არც ნახევარფინალში, სომეხ კარენ ასლანიანს ააღებინა - 5-0. 

შმაგი ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ხვალ, 29 ივნისს, 20:00 სთ-ზე გაიმართება, რუს ზაურ კაბალოევს შეხვდება. 

📺 შმაგი ბოლქვაძის შეხვედრა ასლანიანთან

დავით ჩხარტიშვილმა პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯაკოპო სანდრონს დამაჯერებლად სძლია (5-0), შემდეგ კი ხორვატი ივან ლიზატოვიჩი დაამარცხა (8-1) და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უნგრელი ერიკ ტორბა შეხვდა. სამწუხაროდ, ჩხარტიშვილმა ტორბასთან დაძაბულ ბრძოლაში 5-6 წააგო და ეს ძალიან ემოციურადაც გამოხატა.

დავითი ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.

დავით ჩხარტიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

29 ივნისს, მინკში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ასპარეზობას რობერტ კობლიაშვილი (-87), რევაზ ნადარეიშვილი (-97) და იაკობ ქაჯაია (130) დაიწყებენ.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 25 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო მეხუთეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები