Thumbnail
  • ჯეიმს ჰარდენმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
  • ჰიუსტონის ვარსკვლავმა NBA-ს ისტორია დაწერა.
  • 60 ქულა და სამმაგი დუბლი ერთად გრანდიოზული შედეგია.

ჰიუსტონ როკეტსის სუპერვარსკვლავმა ჯეიმს ჰარდენმა ორლანდო მეჯიქთან შეხვედრაში, ისტორია დაწერა! ჰიუსტონმა ეს მატჩი 114:107 მოიგო, მაგრამ შეხვედრის შემდეგ როკეტსის გამარჯვება აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი იყო, რადგან ეს ჯეიმს ჰარდენის საღამო იყო!

ჰარდენი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც 60 ქულა და სამმაგი დუბლი ერთად გააკეთა! ასეთი რამ თავის დროზე თვით დიდ უილ ჩემბერლენსაც კი არ მოუხერხებია!

“ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. განსაკუთრებით კარგად დაცვაში გამოვიყურებოდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰარდენმა და თავისი 60 ქულა ფაქტობრივად არ შეიმჩნია.

ჰარდენის სასწაული ციფრებში ასე გამოიყურება: მან პერიმეტრიდან 30 ტყორცნიდან 19 ჩააგდო (5 სამქულიანი) და 18 საჯარიმოდან 17 მოათავსა კალათში. ამას ემატება 10 მოხსნა და 11 პასი, რითაც ჯეიმსმა სასწაული სრულყო. შესაბამისად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ჰარდენმა მეჯიქი მარტომ დაამარცხა. აქვე ვთქვათ, რომ მან 60-ქულიან ზღვარს თავის კარიერაში პირველად მიაღწია.

ორლანდოში საუკეთესოები მარიო ჰეზონია და მარის სპეიტსი იყვნენ - 17-17 ქულით.

ჰიუსტონი, დასავლეთ კონფერენციაში, 36 მოგებით და 13 მარცხით მეორე ადგილზეა - ჩამორჩება რა მხოლოდ გოლდენ სტეიტს (40:11), რომელიც იუტასთან დამარცხდა. ორლანდოს 14 მოგება და 35 წაგება აქვს, რითაც მეჯიქი NBA-ში კვლავ ყველაზე სუსტი გუნდია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები