Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მერვე დღე
  • მინსკში ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს
  • 1/2-ფინალში გასვლა დავით ჩხარტიშვილმა და შმაგი ბოლქვაძემ მოახერხეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. დღეს ხალიჩაზე სამი ქართველი ფალავანი გავიდა: დავით ჩხარტიშვილი (-60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (-67) და გელა ბოლქვაძე (-77), რომლებმაც გამოსვლა 1/8-ფინალიდან დაიწყეს. სამიდან ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალშია გასული. 

ჩხარტიშვილმა პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯაკოპო სანდრონს დამაჯერებლად სძლია (5-0), შემდეგ კი ხორვატი ივან ლიზატოვიჩი დაამარცხა (8-1) და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უნგრელი ერიკ ტორბა ეყოლება. ეს დაპირისპირება დღეს 20:00 სთ-ზეა დაგეგმილი.

დავით ჩხარტიშვილი მედლისთვის ბრძოლას დამაჯერებლად აგრძელებს

შმაგი ბოლქვაძემ ავსტრიელი კრისტოფ ბურგერთან გამარჯვება ვადამდე იზეიმა (8-0), შემდეგ კი სერბ მეტ სემენსს აჯობა (2-0). ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის მეტოქე ნახევარფინალში სომეხი კარენ ასლანიანი იქნება. შეხვედრა დღეს 19:10 სთ-ზეა დანიშნული.

პირველივე შეხვედრა დათმო და გამოსვლა დაასრულა გელა ბოლქვაძემ, რომელიც 1/8-ფანალში შვედ ალექს კესიდისთან 1-3 დამარცხდა. 

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 24 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 11 ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო მეხუთეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები