Thumbnail
  • მსოფლიო თასისთვის მზადებას ბორჯღალოსნები 43-კაციანი გუნდით დაიწყებენ 
  • გოჩა სვანიძემ და მილტონ ჰეიგმა შევარდენის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შევარდენის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა გამოცხადდა.

მეტი ამ თემაზე: ჰეიგის სია მსოფლიო თასისთვის - ჟვანია ბორჯღალოსნებში არაა

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური უოსპსის მორაგბე ზურა ჟვანიამ გულშემატკივრებს მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გამო ვერ დაეხმარება.

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

ვასახელებთ შემადგენლობას და ვიწყებთ მარათონულ მზადებას იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ყველაფერი წესრიგშია და გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, რაც წარმატების მთავარი საწინდარია. 

მილტონ ჰეიგი (საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი)

დღეს, ვასახელებთ გუნდის გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. გვყავს ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ტრავმა აწუხებთ და სარეაბილიტაციო კურსს გადიან. გუნდში არიან როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ისე ახალბედა მორაგბეები, რომლებიც მომავალში საქართველოს ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანენ. ბოლო 3.5-წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით მორაგბეებს, რომ ოპტიმალაური შემადგენლობა შეგვეკრიბა. ბოლო 6 თვეში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ფიზიკურ მომზადებას. მიხარია, რომ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ამ გუნდში დიდი სიღრმეებია.

ხომ არ დაემატა ვინმე სამწვრთნელო შტაბს?

ჰეიგი: დაგვემატა ორი სპეციალისტი. ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ჯო რუზლი ტექნიკური მრჩეველი იქნება და მეტწილად დაცვაზე იმუშავებს. გაგვიმართლა, რომ ეს ადამიანი შემოგვიერთდა. მეორე ფილ ჰილია, ზერაგბში ნამუშევარი ძალიან გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც ფიზიკურ მომზადებაზე იმუშავებს.

ზურა ჟვანიამ განაცხადა, რომ ვიღაცის ინტერესების გამო ვერ მიდის მსოფლიო თასზე. რას იტყვით ამ თემაზე?

სვანიძე: ეს განცხადება მეც ვნახე და ძალიან შევშფოთდი. თუ არ იცით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემადგელობის სელექცია მხოლოდ მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა და მასში ვერავინ ჩაერევა. ვეცადეთ გაგვერკვია, ხომ არ ცდლობს ვინმე გარედან ჩაერიოს ამ პროცესში, მაგრამ გავიგეთ რომ ყველაფერი რიგზეა. მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ სელექციაში ვინმე ჩარეულიყო. 

ჰეიგი: გარედან ნამდვილად არავინ ჩარეულა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ერთ კონკრეტულ დღეს, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს უნდა ჩაებარებინათ კონკრეტული ტესტები და ეჩვენებინათ ისეთი შედეგი, როგრიც კარიერის განმავლობაში არასდროს ჰქონიათ. თუ მსოფლიო თასზე განსაკუთრებული თამაშის ჩვენება გვინდა, ასეთი მოთხოვნები უნდა გვქონოდა. მორაგბეების 95%-მა ტესტები წარმატებით ჩააბარა, ზურა ჟვანია კი სამწუხაროდ იმ 5%-ში იყო. მესმის, რომ ჟვანია გულგატეხილია, მაგრამ ბევრი სხვა მორაგბე დარჩა განაცხადს მიღმა, რომლებსაც ასევე სურდათ მსოფლიო თასზე თამაში და ამისთვის ბევრსაც შრომობდნენ.

ჰეიგის თქმით, ზურა ჟვანიამ ნაკრებში მოსახვედრად ტესტი ვერ ჩააბარა

თუ რამდენიმე მორაგბეს ტრავმა აქვს, ვერც იდეალურ ფორმაში იქნებიან. მხოლოდ ამ ტესტებთ შეირჩა გაფართოებული შემადგენლობა?

ჰეიგი: სხვადასხვა კრიტერიუმები იყო და მათ შორის ხსენებული ტესტები. როდესაც ითქვა, რომ კონკრეტულ დღეს მორაგბეები იმაზე უკეთეს ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე ოდესმე ყოფილან, ეს უნდა შესრულებულიყო. თუ შეხედავთ ჟვანიას პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეებს, მიხვდებით რომ დიდი კონკურენციაა. რა მოთხოვნები იყო ამ ტესტებზე, ეს ჩვენი შიდა საქმეა და ვერ გავამხელ.

ასეთი სერიოზული მოთხოვნების პირობებში, რა მიზნები აქვს ნაკრებს დასახული მსოფლიო თასზე?

ჰეიგი: ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ. მინიმუმ ის შედეგი უნდა გავიმეოროთ, რაც წინა მუნდიალზე ვაჩვენეთ. თუნდაც იგივე შედეგის ჩვენება გაცილებით რთული იქნება, რადგან ჩვენი ჯგუფის მეორე ეშელონის გუნდები: ფიჯი და ურუგვაი ძალიან ძლიერები არიან. 

თუ არის განაცხადში მოთამაშე, რომელმაც ტესტი ჩააგდო?

ჰეიგი: ერთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც ტესტი არ ჩაუბარებია, მაგრამ ტრავმირებული მორაგბე ჩაანაცვლა.

თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, შესაძლოა რომ ზურა ჟვანია დაემატოს ნაკრებს?

ჰეიგი: კი, შესაძლებელია.

2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში, 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ბორჯღალოსნები D ჯგუფში გამოვლენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები