Thumbnail

მინსკი 2019 | ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - მისი მეტოქე უკრაინელი მჭედლიძეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეშვიდე დღე
  • ოდიკაძე ევროპულ თამაშებში ზედიზედ მეორე მედლის მოპოვებას შეეცდება
  • ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მისი მეტოქე უკრაინელი მურაზი მჭედლიძე იქნება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში საქართველო კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოსაა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (-97) რეპეშაჟში გამარჯვება იზეიმა და ბრინჯაოსთვის უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზი მჭედლიძეს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მინსკში დღეს, თბილისის დროით 20:30 სთ-ზე გაიმართება. 

30 წლის მოჭიდავემ 1/8-ფინალში სომეხ სარგის ჰოვსეპიანს სძლია (13-2), 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან წააგო (3-7). საბედნიეროდ, გაჯიევი ფინალში გავიდა, ოდიკაძე კი სანუგეშოში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე პოლონელი რადოსლავ ბარანი იყო და 3-2 გაიმარჯვა. 

ელიზბარ ოდიკაძე საქართველოსთვის მინსკში მე-11 ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება

მჭედლიძესთან გამარჯვების შემთხვევაში, ელიზბარ ოდიკაძისთვის ეს ევროპულ თამაშებში მოპოვებული ზედიზედ მეორე მედალი იქნება. ქართველი ფალავანი 2015 წელს, ბაქოში გამართულ თამაშებში ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 22 მედალია - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო და ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მესამეა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მინსკში ჯერჯერობით ორი მედალი აქვს მოპოვებული - ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა (125), ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (-74) დაისაკუთრა.

დღესვე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65 კგ) ოქროსთვის იბრძოლებს, რომელსაც ფინალში მეტოქედ აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი ჰყავს.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები