Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მედალი მინსკშიც გაინაღდა
  • ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში მისთვის კარგად ნაცნობ ახმედ ჩაკაევი დაამარცხა
  • 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსს ელიზბარ ოდიკაძე ინარჩუნებს 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ოქროს მედლისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე 28 წლის ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალური ბარიერი დაძლია და 27 ივნისს, ფინალში იასპარეზებს.

ლადომ ჩეჩენ მეტოქეს შანსი არ მისცა

ხინჩეგაშვილმა გამოსვლა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც მეტოქედ მოლდოველი ანდრეი პერპელიცა ჰყავდა. ფრედ 1:1 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, ლადომ მეორეში კიდევ 3 ქულა მოიპოვა და 1/2-ფინალში გავიდა.

📺 ხინჩეგაშვილის შეხვედრა პერპელიცასთან

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა ნახევარფინალური შეხვედრა მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან, რუსების ჩეჩენ ფალავანთან, ახმეტ ჩაკაევთან გამართა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია - 8:2. 

📺 ხინჩეგაშვილის შეხვედრა ჩაკაევთან

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლადო ხინჩეგაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ აზერბაიჯანელ მოჭიდავეს, ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება. 

27 ივნისს, 97 კგ-მდე წონით კატეგორიის სანუგეშო ეტაპიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ელიზბარ ოდიკაძე მიიღებს. 30 წლის მოჭიდავემ 1/8-ფინალში სომეხ სარგის ჰოვსეპიანს სძლია (13-2), 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან წააგო (3-7). საბედნიეროდ, გაჯიევი ფინალში გავიდა, ოდიკაძე კი სანუგეშოში პოლონელ რადოსლავ ბარანთან იჭიდავებს.

ელიზბარ ოდიკაძეს მინსკში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

დღესვე მოგვიანებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრის მძიმე წონის ფინალში გამოვა გივი მაჭარაშვილი (125), ხოლო ბრინჯაოსთვის - ავთანდილ კენჭაძე (-74) იბრძოლებს. 

UPDATE: მინსკი 2019 | ავთანდილ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 20 მედალია - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მესამეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები