Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეექვსე დღე
  • ლადო ხინჩეგაშვილი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს
  • ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ორმა ქართველმა ფალავანმა დაიწყო. 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი წარსდგა, ხოლო 97-ში - წინა, 2015 წლის ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ელიზბარ ოდიკაძე. 

ხინჩეგაშვილმა ასპარეზობა 1/4-ფინალში დაიწყო, სადაც მეტოქედ მოლდოველი ანდრეი პერპელიცა ჰყავდა. ფრედ 1:1 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, ქართველმა ფალავანმა მეორეში კიდევ 3 ქულა მოიპოვა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ რუსი ახმეტ ჩაკაევი ეყოლება.

ხინჩეგაშვილისა და ჩაკაევის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 სთ-ზე გაიმართება. 

ელიზბარ ოდიკაძე ბაქოს თამაშებში ნაჩვენებ შედეგს მინსკში ვეღარ გაიმეორებს

ოდიკაძემ გამოსვლა 1/8-ფინალში დაიწყო, სადაც სომეხ სარგის ჰოვსეპიანს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია (13-2).  30 წლის ქართველმა ფალავანმა 1/4-ფინალში აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევთან წააგო (3-7). ოდიკაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი გაჯიევი ფინალში გააღწევს.

სამწუხაროდ, დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა ლაშა ლომთაძემ (-57), რომელიც სანუგეშო რაუნდში თურქ სულეიმან ატლისთან დამარცხდა.

ლაშა ლომთაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს მძიმე წონის ფინალში იჭიდავებს გივი მაჭარაშვილი (125), ხოლო ბრინჯაოსთვის - ავთანდილ კენჭაძე (-74)

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 20 მედალია - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მესამეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები