Thumbnail

ტრანსფერები | კონტეს ჯეკო მიჰყავს - რომა და ინტერი თითქმის შეთანხმდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 33 წლის ბოსნიელი კარიერას დიდი ალბათობით მილანის ინტერში გააგრძელებს
  • სანაცვლოდ რომა 10 მილიონ ევროს და ახალგაზრდა ედოარდო ვერგანს მიიღებს

რომას ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო მილანის ინტერში გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

"ინტერმა ჯეკოს ტრანსფერის პირობები შეათანახმა - 10 მილიონი ევრო კომპენსაციად, რასაც ახალგაზრდა ფორვარდი ვერგანი დაემატება. ჯეკომ ინტერს დიდი ხნის წინ უთხრა თანხმობა და ახლა მზადაა, ანტონიო კონტეს შეუერთდეს", - წერს რომანო.

იტალიური მედიის ცნობით, ბოსნიელი თავდამსხმელის გადაბირებით პირადად ინტერის ახალი თავკაცი ანტონიო კონტეა დაინტერესებული. თავის მხრივ, რომაულმა კლუბმა თანხმობა უკვე განაცხადა და ტრანსფერი სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე განხორციელდება. ამბობენ, რომ რომა ჯეკოს შემცვლელად იუვენტუსის ფორვარდ გონსალო იგუაინსა და ზენიტის თავდამსხმელ სებასტიან დრიუსის განიხილავს.

ედინ ჯეკო რომაში 2016 წლის ზაფხულში, მანჩეტერ სიტიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 11 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 33 წლის ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

რაც შეეხება ედოარდო ვერგანის, 18 წლის ფეხბურთელი ინტერის აღზრდილია. ვერგანიმ გასულ სეზონში მილანური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ 17 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები