Thumbnail
  • ბათუმის დინამო 2:2 ქუთაისის ტორპედო
  • ბათუმის დინამოსა და საბურთალოს თანაბარი ქულები აქვთ

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩში ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედოს ანგისას ბაზაზე უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ბათუმელთათვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც უშუალო კონკურენტმა, საბურთალომ თბილისის ლოკომოტივთან 0:1 წააგო და საჭირო ქულები დაკარგა, თუმცა ვერც ბათუმელებმა მოიგეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

შეხვედრა ბათუმელი ქომაგების მორიგი პერფორმანსით დაიწყო, პირატებმა ტრიბუნაზე გემი "ჩამოატარეს" და შემდეგ ღუზაც "ჩაუშვეს", რითიც ქომაგებს მიანიშნეს, რომ ბათუმის დინამოს ადგილი ეროვნულ ლიგაშია და ამ ლიგიდან დაქვეითებას აღარ აპირებენ.

მატჩი დინამოსთვის ცუდად დაიწყო. ბათუმელებმა სწრაფი გოლი გაუშვეს - შეხვედრის მე-9 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ მიხეილ ალავაძეს ულამაზესი დარტყმით გაუტანა და ტორპედო დააწინაურა - 0:1.

0:1 ქავთარაძე 9'

შეხვედრის მე-14 წუთზე მინდორზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეიჭრა - ბათუმის დინამოს, რამდენიმე ქომაგის გამო, უკვე ბევრჯერ მოუწია ფულადი ჯარიმის გადახდა, რაც კლუბს მნიშვნელოვნად აზარალებს. კარგი იქნება, თუ ზოგიერთი ქომაგი კლუბის თხოვნას გაითვალისწინებს და მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენს.

ბათუმის დინამომ გათანაბრება მალევე მოახერხა - 21-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბათუმური კლუბის მთავარი ბომბარდირია.

1:1 ფლამარიონი 21'

მეორე გოლიც ბრაზილიელი ლეგიონერის ანგარიშზეა, ამჯერად თავი 23 წლის გაბრიელ რამოსმა გამოიჩინა, რომელმაც ბათუმის დინამო 30-ე წუთზე დააწინაურა და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა - 2:1.

2:1 რამოსი 30'

მატჩის 65-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა ანგარიში გაათანაბრა. ქუთაისის ტორპედომ წონასწორობა აღადგინა და ბრძოლა გააგრძელა. ბათუმელებს მატჩის ბოლოს მოგება შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ნიკოლოზ საბანაძემ ვერ გაიტანა, ხოლო 88-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა კარში ზუსტად დაარტყა, თუმცა ქვილითაიამ ქუთაისელები გადაარჩინა.

2:2 გეგეჭკორი 65'

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბათუმის დინამომ 39 ქულა დააგროვა, რითიც ეროვნულ ლიგაში გალიდერდა. მიუხედავად იმისა, რომ საბურთალოსა და ბათუმელებს თანაბრი ქულები აქვთ, დინამო ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა. ბათუმელების მომდევნო მეტოქე თბილისის დინამო იქნება, რომელსაც 3 ივლისს შეხვდებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეაფასა:

'მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უპირატესობაც გვქონდა. ანგარიშიც ჩვენ სასარგებლოდ წავიყვანეთ, მაგრამ იმ პატარა მონაკვეთმა, რომელიც ჩავაგდეთ, ეს შედეგი მოიტანა. გვქონდა მცდელობები წინ გასვლის, მაგრამ ეს ვერ შევძელით. შედეგი შეიძლება ლოგიკურად მივიჩნიოთ, სამუშაო ნამდვილად ბევრია. გარკვეულწილად დაღლილობამაც თავი იჩინა.''

ბათუმის დინამო 2:2 ქუთაისის ტორპედო

ბათუმის დინამო (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, ადამაძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ტეიდი, მამუჩაშვილი - რამოსი, ფლამარიონი, მანჯგალაძე - საბანაძე

ქუთაისის ტორპედო (4-4-2): ქვილითაია - ქიმაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, გეგეჭკორი - ნებიერიძე, ტაბატაძე, გიგაური, ქავთარაძე - კაპანაძე, წიქარიძე

კომენტარები

ბოლო ამბები