Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეხუთე დღე
  • მინსკის თამაშებში ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს
  • მაჭარაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს, ლომთაძე და კენჭაძე - ბრინჯაოსთვის

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს, 125 კგ-ში მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი კი ფინალში გავიდა და სულ ცოტა, ვერცხლის მედალი განაღდებული აქვს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 ივნისს ჩატარდება, მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირება. 

22 წლის მცხეთელმა მძიმეწონოსანმა პირველ წრეში ფინელი იერე ჰეინო დაამარცხა (10:0), შემდეგ კი რუმინელ რარეს ჩინტოანს აჯობა (14:3). მაჭარაშვილი ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ფალავანს, ჯამალადინ მაგომედოვს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს 4:2 აჯობა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ქულა მაგომედოვმა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში მაჭარაშვილმა 2-ქულიანი გდების შესრულება მოახერხა და დაპირისპირება გამარჯვებამდე მიიყვანა. 

რაც შეეხება მინსკის ხალიჩაზე დღეს გამომსვლელ სხვა ქართველ ფალავნებს, 26 ივნისს ბრინჯაოს მედლებისთვის ლაშა ლომთაძე და ავთანდილ კენჭაძე იბრძოლებენ.

ავთანდილ კენჭაძე მინსკის თამაშებში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ​

57 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 1/8-ფინალში დამარცხდა ლაშა ლომთაძე, რომელსაც მეტოქედ სერბი სტევან მიჩიჩი ჰყავდა - 2:4. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შესაბამისად, ლომთაძე სანუგეშო ტურნირში გადაერთო, სადაც მეტოქედ თურქი სულეიმან ატლი ჰყავს. წარმატების შემთხვევაში, ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ ტარას მარკოვიჩს დაუპირისპირდება.

ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ), რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, 1/4-ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვთან წააგო - 3:5. ხვალ კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელარუს აზამატ ნურიკაუს შეხვდება.

1/4 ფინალში დამარცხდა სანდრო ამინაშვილიც (-86), რომელმაც იქამდე შვეიცარიელ სტეფან რეიხმუტს კი აჯობა (3:2), მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ ალეკსანდერ გოსტიევთან წააგო - 2:6. ეს უკანასკნელი 1/2-ფინალში დამარცხდა და ამინაშვილმა ვეღარც სანუგეშო ტურნირში გამოსვლის შესაძლებლობა მიიღო. 

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 20 მედალია - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები