Thumbnail
  • რუსთავის 18 წლის ფეხბურთელი ლოკომოტივთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა
  • რუსთავის დირექტორის თქმით, ტრანსფერზე გავლენას პოლიტიკა ვერ მოახდენს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 2018/19 წლების სეზონი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გაატარა, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ რუსულ გუნდს შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა.

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, რომლის სატრანსფერო უფლებებს რუსთავი ფლობს, მოსკოველებთან საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და როგორც ჩანს, ლოკომოტივი ხვიჩასთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. 

ხვიჩა კვარაცხელიამ ავსტრიულ შეკრებაზე უკვე ივარჯიშა

ქართული კლუბების მიერ ახლახან გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, ТАСС კი დაინტერესდა, ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რა ბედი ეწევა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს მოსკოვის ლოკომოტივში და ამის გასარკვევად რუსთავის დირექტორს, ბადრი მაჭავარიანს ესაუბრა.

"რა შუაშია აქ ინციდენტი? ტრანსფერი განხორციელდება მხოლოდ ფეხბურთელისა და კლუბების ინტერესებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილებაზე სხვა ვერაფერი იმოქმედებს. რაც შეეხება კვარაცხელიას ლოკომოტივში გადასვლას, ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად რჩება და საიჯარო შეთანხმების ვადა ჯერ არ გასულა", - თქვა მაჭავარიანმა.

ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგაში გოლი ყაზანის რუბინს გაუტანა

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება ავსტრიულ შეკრებაზე კვარაცხელიასთან ერთად გამოცხადდა საბა კვერკველიაც, რომელიც ჯერ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივს წლის დასაწყისში შეუერთდა, რუსეთის პრემიერლიგასა და რუსეთის თასზე ჯამში ჩატარებულ 10 მატჩში კი ერთი გოლი მიითვალა. 18 წლის ფეხბურთელი, საბა კვერკველიასთან ერთად, ლოკომოტოვში რუსეთის თასის გამარჯვებული გახდა.

ცნობილი პორტალი transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო სატრანსფერო ფასად 900 ათას ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები