Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეხუთე დღე
  • მინსკში გამოსვლა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს
  • ოთხი ქართველი ფალავნიდან 1/2-ფინალში გასვლა ერთმა შეძლო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. ხალიჩაზე ოთხი ქართველი ფალავანი გავიდა, რომელთაგან ოქროს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი - გივი მაჭარაშვილი (125) აგრძელებს.

22 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და 1/2-ფინალშია გასული. მაჭარაშვილმა პირველ წრეში ფინელი იერე ჰეინო დაამარცხა (10:0), შემდეგ კი რუმინელ რარეს ჩინტოანს აჯობა (14:3) და ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ფალავანს, ჯამალადინ მაგომედოვს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მინსკის დარაზში დღეს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ავთანდილ კენჭაძე თავისი გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა

რაც შეეხება დღეს გამომსვლელ სხვა ქართველ ფალავნებს, 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 1/8-ფინალში დამარცხდა ლაშა ლომთაძე, რომელსაც მეტოქედ სერბი სტევან მიჩიჩი ჰყავდა - 2:4.

ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ), რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, 1/4-ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვთან წააგო - 3:5.

ამ ეტაპის გავლა ვერც სანდრო ამინაშვილმა (-86) მოახერხა, რომელმაც 1/8-ფინალში შვეიცარიელ სტეფან რეიხმუტს კი აჯობა (3:2), მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ ალეკსანდერ გოსტიევთან წააგო - 2:6.

სანდრო ამინაშვილმა მინსკში მხოლოდ სასტარტო ბრძოლა მოიგო

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები