Thumbnail

ტრანსფერები | უარი ბარსელონას? დე ლიხტი იუვენტუსთან ახლოსაა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსის კაპიტანი მატეის დე ლიხტი დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი მცველია
  • ახალი ცნობების თანახმად, ჰოლანდიელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს იუვენტუსია

სად გააგრძელებს კარიერას ამსტერდამის აიაქსის მცველი მატეის დე ლიხტი? ეს ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვაა. 19 წლის ჰოლანდიელი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია - მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. აქამდე, დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტად ბარსელონა მიიჩნეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. უახლესი ინფორმაციით, დე ლიხტი ტურინის იუვენტუსში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ჰოლანდიური De Telegraaf-ის ცნობით, იტალიურმა გრანდმა 19 წლის ჰოლანდიელს ისეთი პირობები შესთავაზა, რაზეც უარის თქმა თითქმის შეუძლებელია. ამასთან, იუვენტუსი მზადაა, აიაქსს დე ლიხტის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს. მართალია, ამსტერდამელებს დე ლიხტის გაყიდვა უფრო ძვირად სურთ, მაგრამ Sky Italia წერს, რომ ფეხბურთელმა იუვეს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც აიაქსს ტურინულ კლუბთან ვაჭრობა გაუჭირდება.

მატეის დე ლიხტი იუვენტუსს მიუახლოვდა

ჩვენი იტალიელი და ჰოლანდიელი კოლეგები წერენ, რომ დე ლიხტის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია კრიშტიანო რონალდომ. როგორც იცით, ერთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, პორტუგალიელი ჰოლანდიელთან მივიდა და იუვეში გადასვლაზე ელაპარაკებოდა. იუვენტუსის გარდა, დე ლიხტისთვის ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და მიუნხენის ბაიერნი იბრძვიან. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, მათი შანსები მინიმუმამდე შემცირდა.

აიაქსთან ერთად დე ლიხტმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ტოტენჰემთან დამარცხდნენ. მანამდე, აიაქსმა ტურნირიდან იუვენტუსი გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები