Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოსტებმა ევროპულ თამაშებში გამოსვლა დაიწყეს
  • ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა 

22 ივნისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლა დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).

მედლებისთვის ბრძოლას 4 ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს - ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მეორე წრეში ებრაელი ბენ დავიდი 3 წუთსა და 17 წამში იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ფრანგ ვალიდ ხიარს შეხვდა - მეტოქე ორი შიდოს უპირატესობით იგებდა, თუმცა ამირანმა გათანაბრება მოახერხა, მაგრამ ფრანგმა ძიუდოისტმა რამდენიმე წამით ადრე იპონით იმარჯვა და პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. რეპეშაჟში პაპინაშვილის მეტოქე თორნიკე ჭკადუა იქნება, რომელსაც ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუგო.

ამირან პაპინაშვილის მსგავსად, ლუხუმ ჩხვიმიანიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან თურქი მიჰრაჩ აკკუსი 33 წამში იპონით დაამარცხა. ჩხვიმიანმა მეოთხედფინალში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას შიდოების უპირატეობით სძლია და ნახევარფინალში ვალიდ ხიარს დაუპირისპირდება, რომელმაც ამირან პაპინაშვილი გამოაგდო.

ბაგრატ ნინიაშვილმა მეოთხედფინალამდე ფრანგი ლე ბლუში და ესპანელი მარტინ გაიტერო იპონებით დაამარცხა. ნინიაშვილმა მოლდოველ დენის ვიერუსთან მძიმე ბრძოლაში ვაზარით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ბაგრატის მეტოქე ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია იქნება.

ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირის პირველ ბრძოლაში სერბ ბუნჩიჩს ვაზარით მოუგო. მეორე დაპირისპირებაში კი ვადიმ ბუნესკუს ჯერ ვაზარი აუღო და შემდეგ იპონზე დააგდო. ვაჟამ მეოთხედფინალში ჩეხი პაველ პეტრიკოვი 2 წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იტალიელ მატეო მედვესს შეხვდება.

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მან იჩინხორლოო მუნხცედევს დამატებით დროში ვაზარით აჯობა. სამწუხაროდ, მეორე დაპირისპირებაში რუს დარია მეჟეცკაიას მხოლოდ წუთი და 8 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ ეთერი სუფთად დაემარცხებინა და ტურნირიდან გამოეგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები