Thumbnail
  • ევროპის თამაშებზე საქართველოს მეცხრე მედალი ნინო ოძელაშვილმა მოუტანა
  • ნინოს ფინალში მასპინძელ სპორტსმენთან წაგება საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში საქართველოს კიდევ ერთი ვერცხლი სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა (-72) მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში, მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიასთან დამარცხდა.

ოძელაშვილი ანგარიშში უპირატესობას ფლობდა - 2:0. შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე ნინო უხერხულად დაეცა და ხელი იტკინა, მსაჯმა კი  ბელარუსის გამარჯვებულად გადაწყვიტა. ტატამზე საქართველოს ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი შეიჭრა, მაგრამ მისმა პროტესტმა არ გაჭრა. სამწუხაროდ, ქართველ სამბისტს მაინც წაგება ჩაეთვალა.

მსოფლიოსა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრამდე რუმინელ ლორენა-ალეკსანდრა პოდელენცკისა (9-0) და ფრანგ კამილ ლარუსს (8-0) იოლად აჯობა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ევროპულ თამაშებში მოპოვებული 9 მედალია - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები