Thumbnail
  • საქართველოს მონაგარი მინკში შვიდი მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო
  • მინდია ლილუაშვილი ფინალში ბელარუს ალიაკსანდრ კოკშასთან დამარცხდა

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი მეშვიდე მედალი სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა (-68 კგ) მოუტანა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ალიაკსანდრ კოკშასთან დამარცხდა - 0-5.

მანამდე, 1/4-ფინალში, ლილუაშვილმა რუს ნიკიტა ხლესტოვს ტექნიკური ქულით მოუგო (2-2), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ემილ ჰასანოვს სძლია (4-3).

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სამბისტებმა სამივე სინჯის მედალი უკვე მოიპოვეს. ევროპული თამაშების ჩემპიონი ვახტან ჩიდრაშვილი (-57 კგ) გახდა, ბექა ბერულავამ (-82) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.

დღესვე მოგვიანებით ფინალურ შეხვედრებს დავით ლორიაშვილი (-100), ნინო ოძელაშვილი (-72) და ელენე ქებაძე (+80) გამართავენ. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები