Thumbnail
  • საქართველო ევროპის თამაშებში პირველი ოქროს მედლების მოპოვებასთან ახლოსაა
  • ფინალში ხუთი ქართველი სამბისტი გავიდა, ერთი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით გამოდიან ქართველი სამბისტები. ასპარეზობაში 7 ქართველი სპორტსმენი ჩაება და მათგან 5 ჩემპიონობასთან ახლოსაა, ერთი კი - ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან.

ფინალურ შეხვედრაში იბრძოლებენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ), მინდია ლილუაშვილი (-68), დავით ლორიაშვილი (-100), ნინო ოძელაშვილი (-72) და ელენე ქებაძე (+80). ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ბექა ბერულავა (-82). მედლებისთვის ბრძოლას კი ნაადრევად მხოლოდ მარიამ ჯანაშვილი ჩამოშორდა (-56), რომელიც სტარტზეც დამარცხდა და სანუგეშო ტურნირშიც. 

მინსკში სამბისტთა შეჯიბრის ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 18:00 სთ-იდან დაიწყება. 

ვახტანგ ჩიდრაშვილს ევროპულ თამაშებზე ბრინჯაო აქვს მოპოვებული

ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, ნახევარფინალში ბელარუს ვლადისლავ ბურძს (3-0) აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს საიან ხერტეკს შეხვდება.

მინდია ლილუაშვილმა 1/4-ფინალში რუსი ნიკიტა ხლესტოვს ტექნიკური ქულით მოუგო (2-2), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ემილ ჰასანოვს სძლია (4-3) და ოქროს მედლისთვის მასპინძელ სპორტსმენს, ალიაკსანდრ კოკშას შეხვდება.

სასტარტო შეხვედრაშივე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა დავით ლორიაშვილმა, რომელმაც ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტს, რუს ალსიმ ჩერნოსკულოვს, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (1-0). 

ლორიაშვილმა ფინალამდე უკრაინელ ანდრიი ბოლობანს სძლია (3-0), გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლატვიელ ვიკტორს რესკოს შეხვდება.

ბექა ბერულავამ პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ ჰუსეინოვს სძლია (5-0), მაგრამ შემდეგ სომეხ დავით გრიგორიანთან წააგო (0-1). ბექა ბრინჯაოსთვის მოლდოველ სერგიუ ოსლობანუს შეხვდება. 

ნინო ოძელაშვილი მინსკში საცეკვაოდ ემზადება

რაც შეეხება გოგონებს, ნინო ოძელაშვილმა ფინალამდე რუმინელ ლორენა-ალეკსანდრა პოდელენცკისა (9-0) და ფრანგ კამილ ლარუსს (8-0) აჯობა, ოქროს მედლისთვის კი მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიას შეხვდება. იმედია, ნინოს შესრულებულ ქართულ ცეკვას მინსკის დარბაზშიც ვიხილავთ.

კიდევ ერთ ოქროს მძიმე წონაში ელენე ქებაძე უმიზნებს, რომელმაც რუს ანა ბალაშოვას (1-0) და ფრანგ ელენა ჩირაკს (2-0) აჯობა და ფინალში უკრაინელ ანასტასია საპსაის შეხვდება. 

ელენე ქებაძემ მინსკში ორი შეხვედრა უკვე მოიგო

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები