Thumbnail

155 კმ/სთ სიჩქარით, ღვედის გარეშე და სიგარეტით - ბუფონი ასე მოგზაურობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ინსტაგრამზე ფოტოსურათი გამოაქვეყნა
  • ფოტოსურათის მიხედვით, 41 წლის სპორტსმენი არცთუ სამაგალითოდ იქცევა
  • ჯიჯი ინსტაგრამის მომხმარებლებს მოგზაურობის ერთადერთ წესს ასწავლის 

ჯანლუიჯი ბუფონი თავისუფალი აგენტია და როგორც ჩანს, თავისუფლებით ტკბება. 41 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ახლახან ინსტაგრამში ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრები და მედია განსაკუთრებით დააინტერესა. ფოტოზე ავტომობილის საჭესთან მოკალათებული ბუფონია აღბეჭდილი. 

"მოგზაურობის ერთადერთი წესი - არ უნდა დაბრუნდე იმავე გზით, რომლითაც მოხვედი. სხვანაირად დაბრუნდი", - მიაწერა ჯიჯიმ ფოტოს. 

გულშემატკივრებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ იტალიელი მეკარე 155 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და რაც მთავარია, არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი. გარდა ამისა, ფოტოზე, ჯიჯისგან ხელმარცხნივ, სიგარეტის კოლოფი მოჩანს. 
   
ჯანლუიჯი ბუფონი თავისუფალი აგენტი ამ ზაფხულს გახდა, როდესაც პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა. 

ჯიჯი ფეხბურთელის კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. არ არის გამორიცხული, იტალიელმა მეკარემ კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მეორე მეკარის პოზიციაზე ეპატიჟებიან

ჯანლუიჯი ბუფონი პარმას აღზრდილია, სადაც 1995 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო 17-წლიანი კარიერა იუვენტუსში, რომელიც გასულ ზაფხულს დასრულდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბუფონმა 176 მატჩი ითამაშა. მეკარე იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები