Thumbnail

მინსკი 2019 | ევროპული თამაშები საზეიმოდ გაიხსნა - ქართველების განრიგი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო
  • პირველ დღეს მშვილდოსნებმა და მოკრივეებმა იასპარეზეს

დღეს, 21 ივნისს, მინსკში მეორე ევროპული თამაშები დაიწყო. საზეიმო გახსნაზე საქართველოს მედროშე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახლდათ.

გახსნამდე, პირველ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან გამოსვლა მშვილდოსნებმა დაიწყეს. 

კლასიკური მშვილდით, ვაჟთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ჯაბა მოსაშვილმა იასპარეზა, რომელმაც 648 ქულა დააგროვა და 23-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი კი თურქმა გაზოზ მეთემ აჩვენა - 685 ქულა. 25 წლის ქართველი სპორტსმენი 1/32 ფინალში ხორვატ მატია მიჰალიკს შეხვდება. ვაჟთა შორის ეს ეტაპი მინსკში, 24 ივნისს, თბილისის დროით 10:00 სთ-ზე დაიწყება.

ჯაბა მოსაშვილი

კლასიკური მშვილდით, ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრის სარეიტინგო რაუნდში ციკო ფუტკარაძემ იასპარეზა, რომელმაც 602 ქულა დააგროვა და 48 სპორტსმენს შორის, 39-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი ჰოლანდიელმა გაბრიელა ბაიარდომ აჩვენა - 666 ქულა. 23 წლის ქართველი სპორტსმენი 1/32 ფინალში პოლონელ მარია სილვია ჟიჟანსკას შეხვდება, რომელმაც 623 ქულით 26-ე სარეიტინგო ადგილი დაიკავა. ქალთა შორის ეს ეტაპი მინსკში, 25 ივნისს, თბილისის დროით 10:00 სთ-ზე დაიწყება.

ციკო ფუტკარაძე

მოგვიანებით, ასპარეზობა მოკრივეთა ნაკრებმაც დაიწყო. დღეს რინგზე ოთხი ქართველი მოკრივე წარსდგა და ოთხივემ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. უმჩატეს წონაში (-56 კგ) წარმატებული იყო არტიუშ გომციანის გამოსვლა, რომელმაც პოლონელ იაროსლავ ივანოვს სძლია (5-0) და 1/8-ფინალში გავიდა. გომციანის მომდევნო მეტოქე რუსი ბახტოვარ ნაზიროვია, რომელსაც 24 ივნისს დაუპირისპირდება.

75 კგ-მდე, საშუალო წონით კატეგორიაში, სტარტი წარმატებული ჰქონდა გიორგი ხარაბაძეს, რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ სერბი მოლოსლავ სავიჩი ჰყავდა (5-0). გიორგი 1/16-ფინალში აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის დაუპირისპირდება. ბრძოლა 22 ივნისს გაიმართება.

91 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ბეგაძემ ლუქსემბურგელ მიჩელ ერპელდინგს მოუგო (5-0) და 23 ივნისს, 1/8-ფინალში, უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს შეხვდება. სუპერმძიმე წონის (+91) 1/16-ფინალში მიხეილ ბახტიძე უნგრელ ისტვან ნაგი ბენცეს იოლად გაუსწორდა (5-0), 1/8 ფინალში კი, რომელიც 24 ივნისს ჩატარდება, ირლანდელ დეან გარდინერს შეხვდება.

🔗 ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი

 

კომენტარები

ბოლო ამბები