Thumbnail

'საქართველოს ნაკრებში აქტიურად მიწვევენ' - რას აპირებს გიორგი წიტაიშვილი?

  • კიევის დინამოს 18 წლის ტალანტის მიწვევა საქართველოს ნაკრებში ძალიან სურთ
  • ახალგზარდა ფეხბურთელი უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ღირსებას იცავს
  • გიორგი ახლო მომავალში ქართული პასპორტის აღების შესაძლებლობაზე საუბრობს  

18 წლის გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თანაც, ერთი გოლი ფინალში სწორედ კიევის დინამოს ქართველმა ტალანტმა გაიტანა და ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

მეტი ამ თემაზე: კლიმენტი წიტაიშვილი გახსოვთ? მისი შვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გიორგი, წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. საქართველოში კი არ კარგავენ იმედს, რომ ის საბოლოოდ არჩევანს საქართველოს ნაკრებზე გააკეთებს, უკრაინაში კი სწორედ ამის ეშინიათ.

ახლახან გიორგიმ უკრაინულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, ერთ-ერთი კითხვა კი მის მომავალს შეეხებოდა - საბოლოოდ რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე გააკეთებს არჩევანს.

გიორგიმ კიევის დინამოს მთავარ გუნდში გასული სეზონის 6 მატჩში ითამაშა

"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ავხსნი, თორემ შემდეგ დაწერენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ. ჯერ ერთი, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის დინამოში მოვდიოდი, უცხოელის აყვანა არ შეიძლებოდა. დინამოს სკოლაში უცხოელებს არ იღებენ", - აქვეყნებს გიორგი ნათქვამს Dynamo.kiev.ua.

"11 წლის ვიყავი და მითხრეს, რომ თუკი დინამოში მოხვედრა მსურდა, აუცილებლად უნდა მქონოდა უკრაინული პასპორტი. დედის ხაზით უკრაინაში ნათესავები გვყავს. მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სწორედ იმის გამო ვთქვით, რომ დინამოში მეთამაშა”, - 
ამბობს წიტაიშვილი.

როგორც ჩანს, გიორგი ახლო მომავალში ისევ უკრაინის სახელით აპირებს გამოსვლას: 

"პირველი შეკრებიდან მოყოლებული, ყოველთვის უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ვიყავი და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოვდიოდი. ახლა აქტიურად დაიწყეს ჩემი საქართველოს ნაკრებში მიწვევა. საუბარია მთავარ ნაკრებზე. მაგრამ მე ხელში უკრაინული პასპორტი მიჭირავს. ასე ვთქვათ, მთხოვენ პასპორტის გამოცვლას, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ ისევ უკრაინელი ვარ და უახლოეს მომავალში ნამდვილად არ ვფიქრობ პასპორტის შეცვლას".

კომენტარები

ბოლო ამბები