Thumbnail

ტორონტო რეპტორსის წლევანდელ ჩემპიონობას ერთი უბრალო მიზეზი აქვს - ამ გუნდში კავაი ლეონარდი თამაშობს. ეს არის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, NBA-ს სამ საუკეთესო კალათბურთელს შორისაა, წლევანდელი ფინალის შემდეგ კი მას სრულიად ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, რომ ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნეოდეს.

როგორ გარდაქმნა კავაი ლეონარდმა წლების მანძილზე წარუმატებელი ტორონტო საჩემპიონო გუნდად და როგორ თამაშობს ის, ამ ყველაფრის შესახებ ამ სტატიაში წაიკითხავთ.

პოზიცია, რომელიც ჩემპიონობას იგებს

იმ წლებში, როდესაც სტეფ კარის (ან თუნდაც ჯეიმს ჰარდენს) ლიგაში საუკეთესო მოთამაშეს უწოდებდნენ, ყოველთვის ირონიულად მეღიმებოდა. ეს არა იმიტომ, რომ კარის ან ჰარდენს პატივს არ ვცემ, პირიქით. უბრალოდ მარტივი ფაქტია - ძალიან რთულია, მაგალითად, სტეფ კარის ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშე ლიგაში საუკეთესო იყოს. თუ გავიხსენებთ, 2012 წლის შემდეგ რომელი მოთამაშეები ხდებოდნენ ფინალების MVP-ები (ანუ ჩემპიონი გუნდების საუკეთესო მოთამაშეებზე ვსაუბრობთ), ერთი კანონზომიერება მოგვხვდება თვალში.

ყველა შემთხვევაში ეს მოთამაშეები ერთ პოზიციაზე თამაშობენ - ისინი მსუბუქი ფორვარდები არიან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ათლეტური და მულტიფუნქციური კომბო-ფორვარდები, მოთამაშეები, რომლებიც თავისი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან.

ეს დამთხვევა არ არის, ამ ტიპის მსუბუქ ფორვარდებს ყველაფერი შეუძლიათ. ისინი საკმარისად მაღლები და ათლეტურები არიან იმისთვის, რომ სამწამიანში ითამაშონ და საკმარისად კარგად ფლობენ ბურთს, რომ პერიმეტრიდანაც სახიფათოები იყვნენ. ეს არის პოზიცია, რომელზეც ყველაზე მარტივია მულტიფუნქციური მოთამაშე გყავდეს - სწორედ ისეთი, როგორიც ლებრონი, დურანტი ან კავაი ლეონარდია.

კავაი ლეონარდი დურანტზე თითქმის 10 სანტიმეტრით დაბალია, ლებრონზე თითქმის 10 კილოთი მსუბუქი და ნაკლებად ათლეტური, თუმცა ამის მიუხედავად, ის სწორედ იმ ტიპის მოთამაშეა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია - შეტევა სამწამიანიდან, შეტევა საშუალო მანძილიდან, შეტევა პერიმეტრიდან, ბურთის გათამაშება, მოხსნა, დაცვაში თამაში და ეს კავაის უნარების სრული ჩამონათვალი კიდევ არ არის.

ტენდენცია ნათელია - ლიგის საუკეთესო მოთამაშეს სამწამიანიდან შეტევა ცენტრის ეფექტურობით  უნდა შეეძლოს, პერიმეტრიდან კი გამთამაშებლის მსგავსად, სროლების შექმნა თავისთვისა და თანაგუნდელებისთვის. ამ უნარებს სწორედ კომბო ფორვარდის პოზიცია აერთიანებს და სწორედ ასეთია კავაი ლეონარდი.

წაიკითხე | კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

ისტორიული სეზონი

NBA-ს ბოლო წლების გაკვეთილი ერთი იყო - იმისთვის, რომ ჩემპიონობა მოიგო, რამდენიმე სუპერვარსკვლავი უნდა გაერთიანდეს. ასე იყო "დიდი სამეულის" ბოსტონსა და მაიამიში, კაირი-ლებრონი-კევინ ლავის კლივლენდში, სან ანტონიოსა და გოლდენ სტეიტში. ლეონარდის ტორონტო ამ მხრივ გამორჩეული გუნდია - კავაი კანადელთა ერთადერთი ვარსკვლავი იყო. პლეი ოფი მან ისტორიული შედეგით დაასრულა.

ძალიან ბევრი წელიწადია არ გვინახავს (ალბათ მაიკლ ჯორდანის შემდეგ), რომ ერთ მოთამაშეს თავისი ინდივიდუალური ძალისხმევით სეზონი ასე მოეგოს. კონფერენციის ნახევარფინალი და ფინალი, ფილადელფიასა და მილუოკისთან, ლეონარდმა, ფაქტობრივად, მარტო მოიგო - ტორონტოს შეტევა არ გამოსდიოდა და ლეონარდი კანადელთა ერთადერთი შემტევი იარაღი იყო.

პირველივე თამაში ფილადელფიასთან მან თავისი კარიერის საუკეთესო 45 ქულით დაასრულა, მეოთხე თამაშში გასვლაზე, როდესაც ტორონტო ანგარიშში უკან იყო (1-2), 39 ქულით და 14 მოხსნით ანგარიში გაათანაბრა, გადამწყვეტ მეშვიდე თამაშში 41 ქულა (ტორონტომ სულ 92 ჩააგდო) და ისტორიული სროლა ბოლო წამზე - კავაი ერთადერთი მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში, რომელსაც მეშვიდე თამაშის ბოლო წამზე აქვს სროლა ჩაგდებული.

კავაის გადამწყვეტი სროლა ფილადელფიასთან

იგივე გამეორდა მილუოკისთან. პირველი ორი წაგებული თამაშის შემდეგ, კავაიმ ჯერ 36 ქულით პირველი გამარჯვება მოუტანა გუნდს, შემდეგ კი გადამწყვეტ მეხუთე თამაშში 35 ქულა ჩააგდო. კავაი ლეონარდი წლევანდელ პლეი ოფში ჩაგდებული 732 ქულით მესამეა NBA-ს ისტორიაში.

კავაის წლევანდელი პლეი ოფი მაიკლ ჯორდანის საუკეთესო სეზონებს ჰგავს - დაცვით გუნდში ერთადერთი შემტევი ოფცია, 40-ქულიანი გადამწყვეტი თამაშები და ისტორიული მომენტები, რომლებიც ლიგის ისტორიაში სამუდამოდ რჩება.

ორი დეტალი შედარებისთვის: 1. კავაის ჯორდანისგან განსხვავებით, სკოტი პიპენის კალიბრის მოთამაშე გუნდში არ ჰყოლია. 2. ლებრონ ჯეიმს ასეთი რამდენიმე სეზონი აქვს ნათამაშები, თუმცა მისი გუნდი ტორონტოსგან გასხვავებით, ამ ტიპის სეზონებში ფინალს მუდამ აგებდა - ლებრონს ის ფინალები აქვს მოგებული, როცა იგი გუნდიდან საკმარის დახმარებას იღებდა (ვეიდი, ბოში 2012-2013, კაირი 2016).

კიდევ ერთი ისტორიული მაჩვენებელი: ლებრონთან და ქარიმ აბდულ-ჯაბართან ერთად, კავაი ლეონარდი ის იშვიათი კალათბურთელია, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშე ორ სხვადასხვა გუნდში გახდა. შეხსენებისთვის, ლეონარდი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა.

წაიკითხე | მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

კავაის ევოლუცია

ზემოთ დურანტი და ლებრონი ვახსენე და კავაი მათგან ერთი ასპექტით არის განსხვავებული. ახალგაზრდობის წლებში იგი ფენომენალურ ტალანტად არასოდეს მიიჩნეოდა, დრაფტზე მხოლოდ 15 ნომრად აირჩიეს და რეალურად, მხოლოდ გრეგ პოპოვიჩმა დაინახა მისი რეალური შესაძლებლობები. კავაი ინდიანა პეისერსმა აირჩია და პოპოვიჩმა დრაფტის შემდეგ ინდიანას სულ ახალგაზრდა ლეონარდში მისი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე, ჯორჯ ჰილი გაუცვალა. ეს იყო გაცვლა, რომელიც იმ დროს საკმაოდ სარისკოდ მიიჩნეოდა. პირველ სეზონში თამაშში 7.9 ქულით, ლეონარდიც ბევრი არაფრით გამოირჩეოდა.

პირველი სერიოზული ნაბიჯები ლიგაში მან, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა გადადგა - თავის მეორე სეზონში ლეონარდი NBA-ს ფინალში ლებრონს შეხვდა და მის წინააღმდეგ მთელი სერია ძალიან ღირსეულად ითამაშა. უკვე მაშინ 21 წლის ლეონარდი ლებრონის წინააღმდეგ ლიგაში საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა. რომ არ ყოფილიყო რეი ალენის ჯადოსნური სამქულიანი ბოლო წამებზე, ლეონარდს კიდევ ერთი ჩემპიონობა ექნებოდა.

თავის მესამე სეზონში ლეონარდი და მისი სან ანტონიო NBA-ს ფინალში დაბრუნდა, კვლავ ლებრონის მაიამისთან. ამჯერად უკვე ფლორიდულ გუნდს შანსი აღარ ჰქონია, დამაჯერებელი 4-1 ფინალში, ლეონარდის ძალიან კარგი დაცვა ლებრონის წინააღმდეგ და ფინალის MVP-ს ტიტული. თუნდაც, ამ სეზონში ლეონარდი ჯერ კიდევ არ იყო, ელიტური შემტევი. მისი სროლა იდეალურისგან ძალიან შორს იყო - კავაი თამაშში 9.8-ჯერ ისროდა (ძალიან ცოტა ელიტური შემტევისთვის) და 12.8 ქულას აკეთებდა ( ასევე ცოტა NBA-ს ვარსკვლავისთვის). ლეონარდი პირველ რიგში მცველი იყო, ვინც მეტოქის საუკეთესო მოთამაშეებს კეტავდა, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა და ძალიან კარგი იყო ე.წ. transition basketball-ში ანუ, როდესაც ჩაჭრის, მოპარვის ან ბურთის დაკარგვის შემდეგ, მეტოქის ღია ნახევარს უტევდა.

2014-15 წლების სეზონში ლეონარდი თამაშში 2.3 მოპარვით საუკეთესო იყო ლიგაში. ჩაჭრებისა და მოპარვების რაოდენობით იგი ყოველ წელს ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორის არის - გასულ სეზონშიც თამაშში 1.8 მოპარვით იგი მესამე პოზიციაზე იყო მთელ NBA-ში.

თავის პირველ სეზონში ლეონარდი სროლების მესამედზე მეტს, 36.9 პროცენტს, ერთ მეტრამდე დისტანციიდან ასრულებდა. ანუ, ეს იყო ჩატენვები და ლეი აფები. პირველ სამ სეზონში კი ამ დისტანციიდან თავისი სროლების 30 პროცენტზე მეტს ასრულებდა.

ამ წლებში კავაის ჩაგდებისთვის ფართან ახლოს მისვლა სჭირდებოდა და სწრაფ კალათბურთში მას შანსი ჰქონდა, რომ ღია ფარისთვის შეეტია. 3-5 მეტრამდე დისტანციიდან, ანუ საშუალო მანძილიდან, ამ წლებში მას თავისი სროლების 10 პროცენტიც კი არ ჰქონდა.

კავაი უფრო ხშირად უტევს საშუალო დისტანციიდან

შენიშვნა: ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებში არ ითვლება 2017/2018 წლების სეზონი, რადგან ლეონარდმა ტრავმის გამო მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა.

დროსთან ერთად, ლეონარდის სროლა სულ უფრო უკეთესი ხდება - იგი სულ უფრო და უფრო ხშირად უტევს საშუალო და გრძელი დისტანციიდან. დღეს კავაი კვლავ ძალიან სახიფათოა, როდესაც უშუალოდ ფარს უტევს.

კავაის შეტევა სამწამიანში

ამავე დროს, მას ძალიან კარგად შეუძლია საშუალო მანძილიდანაც ისროლოს და პერიმეტრიდან 37.1- პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. ეს იმან ნიშნავს, რომ მას სრულყოფილი შემტევი თამაში აქვს - მეტოქის ფარს იგი მოედნის ყველა წერტილიდან უქმნის ხიფათს.

ევოლუციის შემდეგ, ლეონარდი ერთნაირად ეფექტურია, როგორც ნელ, ასევე სწრაფ თამაშში. თუ წლების წინ კავაი, მისი დინამიურობიდან და სისწრაფიდან გამომდინარე, ყველაზე სახიფათო მაღალ ტემპში თამაშის დროს იყო, ახლა ლეონარდს შეუძლია ნელ ტემპში თამაშის დროს, მაშინაც კი, როდესაც მეტოქე თავისი სამწამიანის გამაგრებას ასწრებს, შეუტიოს ფარს გრძელი ან საშუალო დისტანციიდან.

კავაის დაცვა - გრძელი ხელები, რომელსაც ვერ დაუსხლტები

ლეონარდი კიდევ ერთი ასპექტით განსხვავდება თანამედროვე სუპერვარსკვლავებისგან. ბოლო წლებში, ის მოთამაშე, რომელიც გუნდის ძირითადი შემტევი ოპციაა, ჩვეულებრივ, რთული დაცვითი ამოცანებისგან თავისუფალია ხოლმე. ლეონარდი თავს არ არიდებდა დაცვით ამოცანებს ტორონტოშიც კი, სადაც ხშირად მთელი თამაში მარტო შეტევა უწევდა. იგი კვლავ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

მილუოკისთან პირველი ორი წაგებული თამაშის შემდეგ, ლეონარდმა იანისის წინააღმდეგ თამაში დაიწყო. იმ 94 შეტევის დროს, როდესაც ლეონარდი იანისს მეურვეობდა, ანტეტოკუმპომ 23 სროლიდან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და შედეგად, ტორონტომ თითქმის წაგებული სერია შემოატრიალა.

ლეონარდი იმდენად სწრაფია, რომ შეუძლია გარდების მეურვეობა და იმდენად ძლიერია, რომ თამაშობს მასზე გაბარიტული მოთამაშეების წინააღმდეგაც. ცენტრის გარდა, მას ყველა პოზიციის წინააღმდეგ შეუძლია თამაში. გოლდენ სტეიტთან სერიის დროს ის მეურვეობდა, როგორც ნომინალური მძიმე ფორვარდის, დრეიმონდ გრინის (132 პოზიცია), ასევე გარდების - კლეი ტომპსონის (55 პოზიცია) და სტეფ კარის (46 პოზიცია) წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დურანტის ტრავმის გამო, ვერ ვნახეთ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება - დურანტი შეტევაში ლეონარდის წინააღმდეგ.

ლეონარდის დაცვაში თამაშის საიდუმლო მის ხელებშია. კავაის არაპროპორციულად გრძელი ხელები აქვს. NBA-ში ითვლიან ე.წ. wingspan-ს - მოთამაშის გაშლილი ხელების სიგრძეს. რაც უფრო გრძელი ხელები აქვს მოთამაშეს, მით უფრო მეტ მანძილს ფარავს.

201 სმ სიმაღლის ლეონარდი ხელებს 221 სმ მანძილზე შლის. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სიგანეში 15-მეტრიანი საკალათბურთო კორტის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.

გარდაქმნილი ტორონტო - ინტროვერტი ვარსკვლავის გავლენა

ამ სეზონის წინ ტორონტოსი არავის სჯეროდა. ზედიზედ სამი წელიწადი ტორონტო ლებრონის კლივლენდთან უშანსოდ ვარდებოდა - გუნდი მორალურად გატეხილი იყო. კანადელებმა დამცინავი მეტსახელიც კი მიიღეს - "ლებრონტო". საერთოდაც, ტორონტო ფინალშიც კი არასოდეს ყოფილა და ფსიქოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდად ითვლებოდა, გუნდად, რომელსაც პლეიოფურ ბრძოლებში არაფერი ესაქმება.

ამ სიტუაციაში მასაი უჯირიმ, ტორონტოს გენერალურმა მენეჯერმა, კავაი ლეონარდის გუნდში მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯად მიიჩნეოდა. კავაიმ გასულ წელს ტრავმის გამო მხოლოდ 9 თამაში ითამაშა და გრანდიოზული სკანდალით დაასრულა გრეგ პოპოვიჩსა და სან ანტონიოსთან ურთიერთობა. ლეონარდი სან ანტონიოს თავისი ტრავმის ცუდად მკურნალობას და მხარდაჭერის ნაკლებობას აბრალებდა, სან ანტონიოში კი მიიჩნევდნენ, რომ ის ჯანმრთელი იყო და სპეციალურად არ თამაშობდა. ლეონარდი ჯერ საერთოდ დაიკარგა და გუნდის ზარებსაც კი არ პასუხობდა, შემდეგ კი ტრეიდი მოითხოვა - მას კალიფორნიაში წასვლა სურდა, საიდანაც იგი წარმოშობით არის. კავაი სან დიეგოში გაიზარდა.

წაიკითხე | გმირული კალათბურთის ბოლო რაინდი - რატომ ვერ იგებს ვესტბრუკი

სან ანტონიოში ლეონარდი დასჯა გადაწყვიტეს და მზიანი კალიფორნიის ნაცვლად უკიდურეს ჩრდილოეთში, კანადაში გაგზავნეს - სან ანტონიოს ყოველთვის ჰქონდა პოპოვიჩისური ირონია.

ტორონტომ ძალიან გარისკა, რადგან ლეონარდს კონტრაქტით მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა დარჩენილი. კავაი ღიად ამბობდა, რომ ტორონტოში შემდეგ დარჩენას არ აპირებდა, მისი ტრავმების და ხასიათს გამო კი, არავინ იცოდა, ის ამ ერთ სეზონს როგორ ითამაშებდა.

კავაიც მოიქცა ისე, როგორც ჩემპიონები იქცევიან - ყველას დაუმტკიცა, რომ იგი სკანდალისტი კი არა, დიდი კალათბურთელია.

კანადაში იგი სან ანტონიოს და NBA-ს ჩემპიონის გამოცდილებით ჩავიდა. ფსიქოლოგიურად არცთუ ისე ძლიერი ტორონტო მუდამ მშვიდი, გულჩათხრობილი ლეონარდის გავლენით, მყისვე გარდაიქმნა.

ლეონარდს მამა ბავშვობაში მოუკლეს - სან დიეგოში, მის კუთვნილ მანქანების სამრეცხაოში ესროლეს და მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია. კავაიც სწორედ ამ სამრეცხაოში გაიზარდა და შრომის კულტურაც სწორედ აქედან მოჰყვება. მამის სიკვდილის შემდეგ, კიდევ უფრო გულჩათხრობილი ლეონარდი საკალათბურთო სამყაროში თითქმის არავისთან კონტაქტობს. იგი მუდამ მშვიდია და არანაირი ზეწოლა მასზე არ მოქმედებს - მნიშვნელობა არ აქვს, სუპერფინალის მეშვიდე თამაშშია გოლდენ სტეიტთან, თუ რეგულარულის რიგით შეხვედრა, რომელიმე ორლანდოსა თუ მინესოტასთან, მისი განწყობა არ იცვლება

ნიკ ნერსი ტორონტოს მწვრთნელი: "გოლდენ სტეიტთან გასვლითი თამაშების წინ გუნდს შეკრებაზე ვუთხარი, რომ გასვლაზე ორიდან ერთი თამაშის მოგება მაინც გვჭირდებოდა - კავაიმ ამ დროს რეპლიკა ისროლა: "რატომ არ უნდა მოვიგოთ ორივე?!"

ლეონარდის სიმშვიდე მის გუნდზეც გადავიდა. ტორონტო აგებდა სამივე სერიას თავის კონფერენციაში - ორლანდოსთან, ფილადელფიასა და მილუოკისთან, თუმცა ყველა გადამწყვეტ მომენტში ლეონარდმა თამაში თავის თავზე აიღო და გუნდი სერიაში დააბრუნა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ჩვეულებრივ, გუნდების და მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლები პლეი ოფში იკლებს ხოლმე. პლეი ოფში ჩაყრა უფრო რთულია. ლეონარდის შემთხვევაში პირიქით მოხდა. თუკი რეგულარულში იგი თავისი გუნდის ქულების 17 პროცენტს აგდებდა, პლეი ოფში მისი მაჩვენებელი 29 პროცენტამდე გაიზარდა. პლეი ოფში ტორონტოს ქულების თითქმის მესამედს სწორედ კავაი ყრიდა - ეს ისტორიული მნიშვნელობის მაჩვენებელია.

ყველაზე კარგად ეს ფილადელფიასთან ისტორიულ სერიაში გამოჩნდა - ლეონარდთან ერთად და ლეონარდის გარეშე, ტორონტო ორი სხვადასხვა გუნდი იყო.

ტორონტოს ყველაზე მეტად ლეონარდის უნარი დაეხმარა, აიღოს თამაში საკუთარ თავზე გადამწყვეტ მომენტში, ხოლო, როდესაც თანაგუნდელებს თამაში მისდით, შეგნებულად გადავიდეს მეორე პლანზე.

მაგალითად, ფინალში მეოთხე თამაშის დასაწყისში, ტორონტო საერთოდ ვერ ყრიდა და ლეონარდმაც პირველ მეოთხედში თავისი გუნდის 17 ქულიდან 14 ჩააგდო. ამავე თამაშის მესამე, გადამწყვეტ მეოთხედში, მან ისევ საკუთარ თავზე აიღო თამაში და ერთ მეოთხედში 17 ქულით თავის გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. მეექვსე თამაშში კი, როდესაც მას სროლა არ წაუვიდა, გადამწყვეტი პოზიციები მან ფრედ ვანვლიიტსა და პასკალ სიაკამს მიანდო. ლეონარდი თუ ხედავს, რომ მის გუნდელებს თამაში მისდით, ყოველთვის აძლევს მათ თამაშის საკუთარ თავზე აღების საშუალებას. მას ყოველთვის ურჩევნია, ბურთი გასცეს, ვიდრე ცუდი და დაბალპროცენტიანის სროლა შეასრულოს. მისმა ამ სტრატეგიამ სუპერფინალებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. პირველ თამაშში პასკალ სიაკამმა და მარკ გასოლამ ერთად 52 ქულა ჩააგდეს, მესამე თამაშში სერჯ იბაკა იყო საუკეთესო, მეექვსე თამაშში კი - ზემოთხსენებული სიაკამი, ვანვლიიტი და კაელ ლოური.

დასკვნა - რას ველოდოთ ლეონარდისგან?

ლეონარდს ტორონტოსთან კონტრაქტი დაუმთავრდა. კანადაში მისი შენარჩუნება უნდათ, თუმცა ლეონარდის სურვილი კალიფორნიაში თამაშია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო წლევანდელ ჩემპიონობამდე. რთულია გავიგოთ, რა სურს კაცს, რომელსაც მთელი თავისი კარიერის მანძილზე ზუსტად 4 ტვიტი აქვს გაკეთებული. როგორც აღვნიშნე, ლეონარდი გარე სამყაროსთან თითქმის არ კონტაქტობს. მას მეგობრები არც ჟურნალისტებს შორის ჰყავს და არც სხვა კალათბურთელებს ემეგობრება. შესაბამისად, მისი სურვილების შესახებ რაიმეს გაგება ძალიან რთული ამოცანაა. თუკი ტორონოტოში არ დარჩება (რაც ნაკლებად სავარაუდოა), კავაის გადაყვანის ყველაზე კარგი შანსი ლოს ანჯელეს კლიპერსს აქვს. ლეონარდს არ უნდა ლებრონთან თამაში. მას სურს ერთპიროვნულად თავისი გუნდი ჰყავდეს, ასეთი კალიფორნიული კლუბი კი სწორედ კლიპერსია.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ გასულ სეზონში რეგულარულში მან მხოლოდ 60 თამაში ჩაატარა - მისი ტრავმების შემდეგ ტორონტო ლეონარდს ძალიან უფრთხილდებოდა. მთავარი მიზანი პლეი ოფისთვის ფორმის პიკში მისვლა იყო. კლიპერსში მას ახალგაზრდა გუნდი დახვდება, რომელმაც ამ სეზონში უკვე მოახერხა პლეი ოფში გასვლა. შესაბამისად, ლეონარდს შეეძლება კვლავ ჩაატაროს რეგულარული ენერგიის დაზოგვის რეჟიმში.

ნათელი ერთია - რომელ გუნდშიც გადავა კავაი ლეონარდი, ის გუნდი მაშინვე ჩემპიონობის პრეტენდენტად იქცევა. კავაი ლეონარდმა წელს დაამტკიცა, რომ მას ჩემპიონობის მოპოვება მარტოს, მაიკლ ჯორდანის სტილში შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები