Thumbnail

დოგმატური მწვრთნელი პროვინციული იმიჯით - როგორი იქნება სარის იუვენტუსი?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

იუვენტუსმა მაურიციო სარის ოფიციალურად წარადგინა. ეს იყო ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მოულოდნელი დანიშვნა - თუნდაც სულ რამდენიმე თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იუვეს მწვრთნელი მაურიციო სარი შეიძლება გამხდარიყო. სპეციალისტები ბევრს დავობენ, თუ რამდენად გამართლებულია ტურინული კლუბის ეს ნაბიჯი და რას მოუტანს ეს დანიშვნა იუვენტუსს. ამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაფერს, რასაც მაურიციო სარის იუვეში მისვლის შემდეგ უნდა ველოდოთ.

1. ავტორიტეტის პრობლემა

სარი იუვენტუსის პირველი არჩევანი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც გაზაფხულიდან მოყოლებული, ტურინში მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ, ყველაზე რეალური კანდიდატი ზინედინ ზიდანი იყო. ფრანგს იუვესთვის შეეძლო ზუსტად ის შეეთავაზებინა, რაც ტურინულ კლუბს სჭირდებოდა - დახმარებოდა ძალიან გამოცდილ და ვარსკვლავურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მან ეს მადრიდში სამჯერ გააკეთა. იტალიური პრესის ცნობით, ზიდანიც თანახმა იყო ტურინში მუშაობაზე. თუმცა, მოულოდნელად ასპარეზზე მადრიდის რეალი გამოჩნდა და ზიზუ სეზონის შუაშივე მწვრთნელად დააბრუნა. ასე ჩაუვარდა იუვეს ალეგრის შეცვლის პირველადი გეგმა.

ტურინელებს არც სხვა კანდიდატებთან მიმართებაში გაუმართლათ - მაურისიო პოჩეტინო მისი 20-მილიონიანი ხელფასით იტალიური რეალობისთვის ძალიან ძვირი იყო, დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების დატოვებაზე უარი განაცხადა, ხოლო ანტონიო კონტეს კანდიდატურა პირადად ანდრეა ანიელიმ დაბლოკა - მას კონტეს სკანდალით წასვლის წყენა ჯერ კიდევ არ განელებია. მხოლოდ ამ პერიპეტიების შემდეგ დადგა დღის წესრიგში მაურიციო სარის, ან სიმონე ინძაგის მიწვევა. არჩევანი სარიზე შეჩერდა, თუმცა ტურინში ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ სარი იუვესთვის ერთ-ერთი ბოლო ოპცია იყო.

წაიკითხე‘იუვე ვალდებულია, ყველაფერი მოიგოს!’ - სარის პირველი პრესკონფერენცია ტურინში

მას ავტორიტეტს არც ის მატებს, რომ მისი ერთადერთი მნიშვნელოვანი წარმატება ცოტა ხნის წინ მოგებული ევროპალიგაა - ტურინში მას 8-გზის ჩემპიონი გუნდი და ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული კრიშტიანო რონალდო ელოდება. სარის მოუწევს, ფეხბურთელების პატივისცემა მალევე მოიპოვოს.

ამის პრობლემა მას ჩელსიშიც ჰქონდა. ყველას გვახსოვს, თასის ფინალში პენალტების წინ, ლონდონელთა მეკარემ, კეპა არისაბალაგამ შეცვლაზე უარი რომ განაცხადა. რთული წარმოსადგენია, რომ ამ ტიპის ეპიზოდი ჩელსის წინა მწვრთნელ ანტონიო კონტეს, ზიდანს ან გვარდიოლას მოსვლოდათ.

2. პროვინციული იმიჯი

მაურიციო სარი კარგი მწვრთნელი, თუმცა ძალიან უცნაური კაცია. საკმარისია, ერთხელ მოუსმინოთ მის პრესკონფერენციას იტალიურად, რომ მაშინვე მიხვდებით: ეს კაცი სუპერკლუბებისთვის არ არის შექმნილი - მისი ლაპარაკის მანერა, სიტყვები, იმიჯი ძალიან პროვინციულია.

სარის ჩასვლა ტურინში

ნაპოლის ის ძალიან კარგად ერგებოდა - საერთოდაც, სარი ნეაპოლში დაიბადა, თუმცა ნაპოლი შიდა იტალიური პროდუქტია. სხვა საქმეა იუვენტუსი, გლობალური ბრენდი, 20 მილიონი გულშემატკივარით იტალიაში და 200 მილიონით მთელს პლანეტაზე. იუვეს მწვრთნელისთვის მისი იმიჯი, თითოეული მისი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კალიბრის სუპერკლუბის დამრიგებელს დიპლომატიური და პოლიტიკური უნარები სჭირდება, სარი კი უბრალო და პირდაპირი კაცია. რთული წარმოსადგენია, რომ 60 წლის ასაკში შეიცვალოს.

ნეაპოლისგან განსხვავებით, ჩელსიში მას მსგავსი პრობლემები ჰქონდა - იგი ხშირად აცდენდა პრესკონფერენციებს, გააცდინა მაგალითად ჩელსის საქველმოქმედი მატჩი ამერიკაში ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან, სხვა ღონისძიებები და ვახშამი ნიუ ინგლენდის მფლობელ რობერტ კრაფტთან. სარისთვის ყველა ამ ტიპის ღონისძიება დროის კარგვაა, რომელიც მას უშუალო საქმიანობაში ხელს უშლის, თუმცა ისევ და ისევ, როდესაც სუპერკლუბს წვრთნი, შენს მოვალეობაში ისიც შედის, რომ კლუბის, როგორც გლობალური ბრენდის იმიჯზე იზრუნო.

არცთუ ისე სოლიდურად გამოიყურება მაურიციო სარის ცრუმორწმუნოება. ალბათ გაგეცინებათ და, სარი ძალიან ცრუმორწმუნე კაცია - ეს იტალიისთვის ტრადიციული „დაავადებაა“, თუმცა ლონდონში ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა მაგალითად ის ფაქტი, რომ სარიმ პირველივე თამაშში უარი თქვა გულშემატკივრის ტრიბუნასთან მისვლაზე - მას სჯერა, რომ როდესაც მწვრთნელი მოედნის ხაზს კვეთს, ეს ცუდის ნიშანია. ლეგენდად არის ქცეული, თუ როგორ აწყობდა იგი ნეაპოლში ვარჯიშის დროს coffee-break-ებს. იუვენტუსისთვის, კლუბისთვის, რომელსაც ყველაზე ხშირად მანქანას ადარებენ, სარი ზედმეტად ადამიანურად გამოიყურება. ტურინში მას ან მოუწევს, რომ ბევრ თავის ჩვევაზე უარი თქვას, ან ინტერესთა კონფლიქტი დაიწყება.

3. დროის პრობლემა

სარის ფეხბურთი ავტომატიზმზე, სინქრონულობაზე და გუნდურ ჰარმონიაზე დგას. ამ ტიპის თამაშის დაყენებას დრო სჭირდება. სარიმ მუშაობა წარუმატებლად დაიწყო ემპოლიშიც და ნაპოლიშიც - შედეგები გვიან მოვიდა. ჩელსიშიც ფეხბურთელები აღნიშნავდნენ, რომ მისი ფეხბურთის და ტაქტიკის სრულყოფილად ასათვისებლად დროა საჭირო.

წაიკითხერეალურად რა არის SARRIBALL? როგორ თამაშობდა ჩელსი ამ სეზონში

მოკლედ, სარი ის კაცია, რომელიც თამაშს ქმნის, აყენებს. იუვენტუსს კი სრულიად სხვა გამოწვევები აქვს. ამ თაობის იუვე ვეტერანების გუნდია - 30 წელს გადასცილდნენ კრიშტიანო რონალდო, ჯორჯო კიელინი, მარიო მანჯუკიჩი, ლეონარდო ბონუჩი, ბლეზ მატუიდი და სამი ხედირა. ამ ფორმაციის იუვეს ერთი ან ორი სეზონი აქვს დარჩენილი. ტურინში ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიქმნა. მოკლედ, იუვეს უფრო ის მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელიც ამ გუნდიდან მოკლე პერსპექტივაში მაქსიმუმს ამოიღებს, ვიდრე ის, ვინც გრძელ პერსპექტივაში თამაშს დააყენებს. იუვენტუსს თამაშის დაყენების პრობლემა არ აქვს - გუნდი ზედიზედ 8-გზის იტალიის ჩემპიონია. ერთია ფეხბურთის თამაში ასწავლო ხოსე კალეხონს და ხალიდუ კულიბალის, ან ახალი პოზიცია მოუძებნო მარეკ ჰამშიკს და მეორე რონალდოსთან, დიბალასთან და პიანიჩთან მუშაობა. 

4. დოგმატური მწვრთნელი

სარი თავისი იდეების და საფეხბურთიო ხედვების ერთგულია. მისთვის საკუთარი საფეხბურთო იდეები დოგმატურია - ის მათ არასდროს ცვლის. ერთი იყო, ნაპოლიში ფეხბურთელები დაერწმუნებინა მისი საფეხბურთი ხედვის მართებულობაში - ნეაპოლში სარი ძალიან უყვარდათ და მისი სჯეროდათ. იუვეს თამაში წლების მანძილზე სარის იდეებისგან ძალიან განსხვავდებოდა და მისთვის ძალიან რთული იქნება იუვეს ვეტერანები, რომელთაც ფეხბურთში ყველაფერი მოგებული აქვთ, დაარწმუნოს, შეცვალონ თამაშის სტილი და ითამაშონ არა ისე, როგორც წლების მანძილზე თამაშობდნენ (და იგებდნენ), არამედ ისე, როგორც სარი ხედავს.

იუვეს მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ლიგაზე ყველაზე მეტად ტაქტიკური მოქნილობაა საჭირო. სარი კი, როგორც აღვნიშნე, თავის ტაქტიკას არასდროს ცვლის, ის თავისი ფეხბურთის იდეალურამდე მიყვანაზე მუშაობს. რამდენად შეიძლება ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება? რთული სათქმელია. 

დოგმატურია მისი ვარჯიშებიც, რომელთა მიზანიც ფეხბურთელების სარის სისტემასთან ადაპტირებაა. ლონდონში ეს არ მოსწონდათ და თუკი ტურინში სარიმ ფეხბურთელები მისი იდეების მართებულობაში ვერ დაარწმუნა, მას იქაც ბევრი პრობლემა ელის.

ანტონიო რიუდიგერი: „სარის ვარჯიშები? ეს სკოლას ჰგავს. როცა შენ ზიხარ და უსმენ მასწავლებელს, მუდამ ერთსა და იმავეს. ხანდახან ეს რთული და უსიამოვნოა, თუმცა ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.“

5. როტაციის არარსებობა

როგორც აღვნიშნე, სარის ფეხბურთი ავტომატიზმსა და სინქრონულობაზე დგას, ამას კი იდეალური გუნდური მოძრაობა სჭირდება. სარიც აქცენტს, ძირითადად, ერთსა და იმავე შემადგენლობასა და ამ შემადგენლობის შეთამაშებაზე აკეთებს. იუვენტუსში მას სხვა ტიპის გამოწვევა ელოდება - ნაპოლისგან განსხვავებით, იუვეს დაახლოებით 20 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრეტეზია აქვთ.

იმისთვის, რომ სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარო და მთელი გუნდი მოტივირებული იყოს, სწორი როტაციაა საჭირო, როტაცია კი სარის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. როდესაც სკამზე დუგლას კოშტას და დიბალას კალიბრის ფეხბურთელები გიზის, აუცილებელია, მათთან მუშაობა შეგეძლოს. 

ამის პრობლემა მას ჩელსიშიც ჰქონდა. ვარჯიშებზეც კი, ორმხრივი თამაშის დროს, იგი არასოდეს ცვლიდა ძირითად და ე.წ. „მეორე“ შემადგენლობას - ეს მოთამაშეებს მოტივაციას უქვეითებდა.

6. გულშემატკივრების სიძულვილი

სარის დანიშვნის შემდეგ, იუვეს გულშემატკივრების ყველა საიტი და ფორუმი გადავათვალიერე და განწყობა ყველგან ერთია - სარი ტურინში არ უყვართ, „გობებს“, იუვეს ულტრასებს კი იგი საერთოდ სძულთ. სარი მათთვის მტერია, რომელიც მტრის ბანაკიდან, ნეაპოლიდან მოვიდა. მიუღებელია მათთვის, როგორც სარის იმიჯი, ასევე მისი ფეხბურთი.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, სარი დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ეწევა

20 წლის წინ იუვეში კარლო ანჩელოტი მივიდა, კაცი, რომელიც მისი რომაული და მილანური წარსულის გამო ტურინში ასევე არ უყვარდათ. კლუბის მენეჯმენტის მცდელობის მიუხედავად, ულტრასები მას პირველივე თამაშში დიდი ბანერით დახვდნენ - „ღორი არ შეიძლება წვრთნიდეს.“ იმ ორწელიწადნახევრის მანძილზე, რაც ანჩელოტიმ ტურინში გაატარა, თავისივე გულშემატკივარმა მას ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

სარის შემთხვევა კიდევ უფრო რთულია - ტურინში მას უკვე გაახსენეს, თუ რას ლაპარაკობდა იგი იუვეზე და როგორ უჩვენა შუა თითი ავტობუსიდან იუვეს გულშემატკივარს. ტრიბუნები გარანტირებულად სარის წინააღმდეგ იქნება. მას მხოლოდ ერთი შანსი აქვს - მოიგოს ყველაფერი. სხვანაირად გულშემატკივარი პირველივე წარუმატებლობაზე მის წინააღმდეგ წავა.

7. პროტექციონიზმი მოთამაშეებისადმი

სარი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი ფავორიტი მოთამაშეებისადმი ბრმა რწმენა აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც სარის ფეხბურთს თამაშობენ, ყოველთვის მის ფავორიტებში შედიან. მაგალითად, ჟორჟინიომ გასულ სეზონში 38-დან 37 თამაში ითამაშა. 

ფაბრეგასი: „მე შემეძლო გუნდში დარჩენა. ჩელსიმ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა იმ ფეხბურთელთან (ჟორჟინიო) ერთად, რომელსაც იგი თავისი შვილით ექცევა.“

იუვენტუსში დიდი კონკურენციაა და, თუ მაგალითად, სარიმ ჯორჯო კიელინის დანიელე რუგანი (მისი ფავორიტი ემპოლიდან) ან მარიო მანჯუკიჩს (რომელიც სარის ფეხბურთს რთულად მოერგება) გონსალო იგუაინი (სარის კიდევ ერთი ფავორიტი) ამჯობინა, მან შეიძლება გუნდის მართვა აბსოლუტურად დაკარგოს.

8. შეუთავსებელი სტილი

სარის ნაპოლი მთელი იტალია მოხიბლა. სარის იმიჯი, მეთოდიკა და სათამაშო სტილი იტალიის სამხრეთს და ნეაპოლს იდეალურად ერგებოდა. მთელი იმ წლების მანძილზე, როდესაც ნაპოლი იუვეს ებრძოდა, იგი მეტაფორულად ამბობდა -„ჩვენ მივდივართ სასახლის დასანგრევად“. სარისთვის და ნეაპოლისთვის იუვე კულტურული მტერი იყო და მასთან დაპირისპირება კლასობრივ ბრძოლაში გადაიზარდა - ღარიბი სამხრეთი მდიდარი ჩრდილოეთის წინააღმდეგ, ემოცია, რომელიც იუვეს ჯარისკაცულ მენტალიტეტს, დისციპლინასა და ორგანიზაციაზე დაფუძნებულ შრომის კულტურას ებრძვის. დღეს იგი უკვე მისთვის სრულიად უცხო კულტურულ სივრცეშია.

ფაბიო პარატიჩი, მაურიციო სარი, ანდრეა ანიელი და პაველ ნედვედი

თუკი ნეაპოლში მთავარი ლამაზად, ემოციით, თამაში იყო, ტურინში მას იმ კლუბში მოუწევს მუშაობა, რომელსაც მაისურზე აწერია - „გამარჯვება არის ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს.“ სარის იდეები, მისი შემოქმედებითი თამაში იტალიის სამხრეთში მაშინაც კი უყვარდათ, როდესაც ნაპოლი ზედიზედ სამჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ტურინში კი შედეგის გარდა არაფერს მნიშვნელობა არ აქვს - არც იმას მეორე ადგილზე გახვედი თუ მეთხუთმეტეზე, თუ იუვე პირველი არ იქნება, სარი ლამაზი თამაშით თავს ვერ გაიმართლებს. ტურინი ის ქალაქია, სადაც ანიელებმა “ფიატის” ბიზნეს იმპერია შექმნეს და იქაურებიც მიჩვეულები არიან ყველაფერს ბიზნესის, შედეგების კუთხიდან შეხედონ.   სარისთვის მთავარი გამოწვევა აბსოლუტურად ახალ კულტურულ სივრცეში მუშაობა იქნება.

დადებითი მხარეები

1. გასულ სეზონში ალეგრი ასევე 4-3-3 სქემით თამაშობდა. სარის 4-3-3 ალეგრის სისტემისგან განსხვავდება, თუმცა იუვე ისეა დაკომპლექტებული, რომ სარის ბევრი ახალი შენაძენის გარეშე იუვეს ამ შემადგენლობით თავისი 4-3-3-ის თამაში მარტივად შეუძლია. მით უმეტეს, რომ იუვეს ახალი სეზონიდან აარონ რემზი დაემატება, იმ სტილის ფეხბურთელი, რომელიც სარიმ კარგად უნდა გამოიყენოს.

2. იუვეს ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯმენტი ჰყავს. ზემოთ, იმ სირთულეებზე დავწერე, რომელიც სარის ფეხბურთელებთან და პრესასთან ურთიერთობაში ექმნებოდა. თუმცა, ერთია ნაპოლიში ან ჩელსიში მუშაობა და მეორე იუვენტუსში. იუვეს მენეჯმენტი სარის ყველა უსიამოვნო თუ კრიტიკული მომენტის დროს დაეხმარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუვე იტალიური პრესის მნიშვნელოვან ნაწილს აკოტროლებს და სარი პრესისთვის ისეთივე მარტივი სამიზნე არ იქნება, როგორც ეს ლონდონში იყო.

იუვეში, მაგალითად, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ფეხბურთელმა შეცვლის დროს მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადოს. სარი მთელი მისი უცნაურობებით ტურინში უფრო დაცული იქნება.

3. სარი ძალიან კარგად ახერხებს თავისი შემტევების პოტენციალის სრულად რეალიზებას - მის ხელში ხოსე კალეხონი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელად იქცა, ლორენცო ინსინიე ახალ სიმაღლეზე ავიდა, გონსალო იგუაინმა კი კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. იუვეს ბევრი შემტევი ჰყავს - სკამზე კუადრადოს, დუგლას კოშტას, დიბალას და ბერნარდესკის კალიბრის ფეხბურთელები რჩებიან ხოლმე. სარის შეუძლია ამ ფეხბურთელების რეალიზება მაქსიმალურად მოახდინოს. 

4. ალეგრის გუნდის რამდენიმე ლიდერთან გაუფუჭდა ურთიერთობა. მისი დარჩენის შემთხვევაში დიბალა, პიანიჩი და კანსელო გუნდიდან წასვლას გეგმავდნენ. სარის გუნდში ამ ფეხბურთელების დარჩენის ალბათობა ბევრად მეტია. პიანიჩი მისთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, რადგან ბოსნიელი ჟორჟინიოს პოზიციაზე თამაშობს. მთავარი გამოწვევა სარისთვის კი დიბალასთვის იდეალური პოზიციის მოძებნა იქნება. თუკი არგენტინელი გუნდში დარჩა, სარიმ უნდა მოიფიქროს და მას და კრიშტიანოს, იუვეს ორ საუკეთესო შემტევს, წყვილში თამაშის საშუალება მისცეს.

კრიშტიანო რონალდო და პაულო დიბალა

5. სარის მოსვლა იუვეს გლობალური რებრენდინგის ნაწილია. ორ წელიწადში პეპ გვარდიოლას სიტისთან კონტრაქტი უმთავრდება. დაახლოებით ამ პერიოდზეა გათვლილი სარის კონტრაქტიც. ანიელი გვარდიოლას მიწვევა უნდა. ტურინში იგი ფაბიო პარატიჩის შეხვდა კიდეც, თუმცა უცნობია მათ რაზე ისაუბრეს. ნათელი ის იყო, რომ გვარდიოლა ამ ზაფხულში სიტის არ დატოვებდა და მისი ტურინში შესაძლო გადმოსვლის ამბავი ფიქცია იყო. თუმცა, იუვემ შესაძლოა ჯერ სარის თამაშზე გადასვლით კარგი პლაცდარმი შექმნას გვარდიოლასთვის და შემდეგ კი მის გადმოყვანას ეცადოს. ანიელის სურს, რომ იუვე გლობალურ ბაზარზე ისეთივე მიმზიდველი იყოს, როგორც რეალი და ბარსელონა არიან. რონალდოს ტრანსფერი და გვარდიოლას შესაძლო გადმოსვლა ამ მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია. სარი კი, შესაძლოა, გარდამავალი ეტაპი იყოს ამ ტრანსფორმაციის გზაზე.

6. ფანებთან, ფეხბურთელებთან და კლუბის მენეჯმენტთან გაფუჭებული ურთიერთობების მიუხედავად სარიმ ჩელსიში სეზონის წინ დასახული ამოცანა მაინც შეასრულა - ლონდონელებს ევროპა ლიგა მოაგებინა და ოთხეულში გაიყვანა. ამას დაუმატეთ თასის ფინალი სიტისთან. მოკლედ მან შედეგი დადო ანუ გააკეთა ის, რასაც მისგან ტურინში ელოდებიან. ვერავინ იტყვის, რომ ჩელსიში ან ნაპოლიში მისი მუშაობა წარუმატებელი იყო.

სარის დანიშვნით იუვე ახალ ეტაპს იწყებს თავის განვითარებაში. ანიელის გუნდში მოჰყავს მწვრთნელი, რომელიც აბსოლუტურად უცხოა იუვეს ფასეულობებისა და სათამაშო კულტურისათვის. მისი ეს დანიშვნა ბევრ კითხვას ბადებს და შემდეგ სეზონში ტურინში სარის თავგადასავალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები