Thumbnail
  • 33 წლის თავდამსხმელმა აჭარულ კლუბთან წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა
  • ლადო დვალიშვილი ბათუმელთა ღირსებას კარიერის დასაწყისში, 2006 წელს იცავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის დინამოში დაბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და აჭარული კლუბის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელი სპორტულ მედიას წარუდგინეს. 33 წლის ფეხბურთელს არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში უთამაშია, ამიერიდან კი ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმის დინამოს დაეხმარება. ლადომ ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. პრეზენტაციაზე, დვალიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა…

“ბათუმელ გულშემატკივრებს ვპირდები რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. მომავალში ჩვენი მიზანი ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა იქნება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ”. - განაცხადა ლადო დვალიშვილმა.

ლადო დვალიშვილი

დვალიშვილი ბოლოს საბურთალოში გამოდიოდა, რომელსაც 2018 წლის ივლისში შეუერთდა და ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში ლადომ 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ლადო დვალიშვილი ბათუმელთა ღირსებას კარიერის დასაწყისში, 2006 წელს იცავდა. სამშობლოში მას, ბათუმის დინამოსა და საბურთალოს გარდა, თბილისის დინამოსა და რუსთავის მეტალურგშიც უთამაშია. მისი პირველი უცხოური კლუბი რიგის სკონტო იყო, რის შემდეგაც ჰაიფას მაქაბისა და აშქელონის ჰაპოელში, ვარშავის პოლინიასა და ლეგიაში, ასევე - შჩესნის პოგონში, დანიურ ოდენსესა და ყაზახურ ატირაუში გამოდიოდა.

ბათუმის დინამოს, რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნის, ეროვნულ ლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ, 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერ საბურთალოს სულ ერთი ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები