Thumbnail

'ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობის შანსი გაიზარდა' - პაატა გურასპაული

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 15 ივლისს გადაწყდება, უმასპინძლებს თუ არა ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი
  • კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ბოლო თვეებში ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა: მარტში საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, ხოლო მაისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი აირჩიეს.

17 ივნისს, გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტიც გახდა, ხოლო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული და კიდევ 2 წევრი ფიბა-ევროპის სხვადასხვა კომისიების წევრებად აირჩიეს. ამ მნიშვნელოვან ფაქტებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში პაატა გურასპაულმა ისაუბრა და ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობის თემას შეეხო…

საერთაშორისო საკალათბურთო სტრუქტურებში ქართველების გააქტიურება ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პრესტიჟი გაიზარდა. რამდენად ზრდის ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის შანსს, უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს.

გურასპაული: ის ფაქტი, რომ დღეს უკვე 4 ქართველია ფიბა-ევროპის სტრუქტურებში და ერთ-ერთი მათგანი აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად კომისიის პრეზიდენტია, ნათლად მიუთითებს საქართველოს როლის გაზრდას  საკალათბურთო სამყაროში. ეს არის ძალიან დიდი აღიარება და დაფასება იმ სამუშაოსი, რაც ჩვენმა ფედერაციამ გასწია გასულ წლებში. შანსი, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს, რა თქმა უნდა, არსებობს და ის ახლა უფრო გაიზარდა.

როდის გადაწყდება მასპინძლობის საკითხი და რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ საკითხში?

გურასპაული: საორგანიზაციო საკითხში უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი სათამაშო არენას უკავია, რომლის აშენების გარანტიაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფიბა-ს წარმომადგენლებთან უკვე გასცა. შერჩეულია ადგილი, სადაც 15 000-იანი, ულტრათანამედროვე არენა აშენდება. არა მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს აქვთ გამოთქმული სრული მზადყოფნა იმის თაობაზე, რასაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჰქვია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, რომლის მონაწილეობაც აუცილებელია ევრობასკეტის მასპინძლობაში.

14 ივლისს, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ევრობასკეტის მასპინძლობის საკითხზე იმსჯელებენ და 15 ივლისს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები