Thumbnail
  • მიშელ პლატინის დაკავების შემდეგ, ფიფაში ყველაფერი თავდაყირა დადგა
  • ფიფა საიდუმლო შეხვედრებს მართავს და მუნდიალის მასპინძლის ძიებაშია

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არგენტინულმა ტელეარხმა TNT Sports-მა გაავრცელა, რომლის ცნობით, ფიფაში ამ საკითხზე ფიქრი, უეფას ყოფილი პრეზიდენტის მიშელ პლატინის დაკავების შემდეგ დაიწყეს. 

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევნებში შესაძლო კორუფციის ფაქტზე, უეფას ექს-პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. ფრანგი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. პლატინიმ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მას კითხვები ყატარში გასამართ მუნდიალზეც დაუსვეს.

მიშელ პლატინის დაკავების მიზეზად ყატარის მუნდიალიც დასახელდა

მეტი ამ თემაზე: 'ეს დიდხანს გაგრძელდა' - რა საკითხებზე დაიკითხა მიშელ პლატინი

2022 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევნები ციურიხში, 2010 წლის 2 დეკემბერს გაიმართა და არაერთგზის დაიწერა, რომ ყატარმა პლანეტის პირველობის მიღების უფლება არცთუ სამართლიანი გზით მოიპოვა. სწორედ მასპინძლის არჩევნებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო, ფიფაში ჩემპოინატის სხვა ქვეყანაში სასწრაფოდ გადატანის შესაძლებლობაზე დაიწყეს ფიქრი. წყაროს ცნობით, ამჟამად ფიფა საიდუმლო შეხვედრებს მართავს იმ ქვეყნის შესარჩევად, რომელმაც შესაძლოა ტურნირი მიიღოს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო რთულ მდგომარეობაშია

მეტი ამ თემაზე: ყატარი 2022-ის მატჩები სხვა ქვეყნებში? ფიფა ვარიანტებზე ფიქრობს

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის, ყატარის გარდა, აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია იბრძოდნენ. ყატარმა ოთხივე ტური მოიგო, დასკვნითში კი აშშ-ს აჯობა - 14 ხმით 8-ის წინააღმდეგ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში 2022 წელს ყატარში 21 ნოემბრიდან, 18 დეკემბრის ჩათვლით, რვა სტადიონზე გაიმართება, რომელთა აგება ქვეყანამ “ნულიდან” დაიწყო. მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2019 წელს გაიმართება, ფინალურის - 2022 წლის აპრილში. 

კომენტარები

ბოლო ამბები