Thumbnail

‘იუვე ვალდებულია, ყველაფერი მოიგოს!’ - რა თქვა სარიმ პირველ პრესკონფერენციაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტურინულმა გრანდმა ახალი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა
  • მაურიზიო სარის პირველი პრესკონფერენცია იუვენტუსში

ტურინის იუვენტუსმა მაურიციო სარი ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა! 60 წლის იტალიელმა სპეციალისტმა პირველი პრესკონფერენცია გუნდის სპორტულ დირექტორთან, ფაბიო პარატიჩისთან ერთად გამართა.

“მაურიციო სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის იდეა თავიდანვე გვქონდა, მაგრამ პატივი უნდა გვეცა კონტრაქტისთვის, რომელიც მას ჩელსისთან ჰქონდა გაფორმებული. მინდა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებს მათი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო,” - ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა.

სარი: დავრწმუნდი, რომ იუვეში ჩემი დანიშვნა ძალიან სურდათ!

🎙 სარი: “ნაპოლიში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გუნდს მაქსიმუმისთვის მიეღწია, მერე კი გადავწყვიტე, ახალი გამოწვევა მიმეღო და სამუშაოდ პრემიერლიგაში გადავსულიყავი. იუვე ახლა საუკეთესო იტალიური კლუბია, რომელმაც იტალიაში დაბრუნება შემომთავაზა. ვფიქრობ, ეს ჩემი გრძელი სამწვრთნელო კარიერის უდიდესი მიღწევაა.”

🎙 სარი: “მწვრთნელთან მოლაპარაკებების დროს კლუბის ასეთი სიმტკიცე იშვიათად მინახავს. მალევე დავრწმუნდი, რომ მათ ჩემი დანიშვნა ძალიან უნდოდათ და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ყოველ დილით იმაზე ფიქრში უნდა გავიღვიძოთ, როგორ მოვიგოთ მომდევნო მატჩი

🎙 სარი: “ვფიქრობ, სერია A-ს ძალიან მაგარი სეზონი გველოდება. ეს განსაკუთრებით მწვრთნელებისთვის იქნება ამაღელვებელი სეზონი. პრემიერლიგის დონემდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ იმედი მაქვს, იტალიის მომავალი ჩემპიონატი კიდევ უფრო უკეთესი იქნება და ინგლისის დონეს კიდევ უფრო მივუახლოვდებით.”

🎙 სარი: “ყოველ დილით იმაზე ფიქრში უნდა გავიღვიძოთ, როგორ მოვიგოთ მომდევნო მატჩი. მუდმივად, ყველა მატჩის მოგება ძალიან რთულია, მაგრამ იუვენტუსი ვალდებულია, ყველაფერი მოიგოს. რა თქმა უნდა, ურთულესია ჩემპიონთა ლიგის მოგებაც, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის.”

🎙 სარი: “იუვენტუსის მწვრთნელობა განსაკუთრებული სიმაღლეა და ამ სიმაღლის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარე. ბედნიერი ვარ, რომ იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის მწვრთნელი გავხდი. ეს არის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ლონდონის ჩელსის შემდეგ.”

მინდა, რონალდოს კიდევ რამდენიმე ახალი რეკორდის დამყარებაში დავეხმარო.”

🎙 სარი: “ჩელსიში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი მყავდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელობა კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. მინდა, რომ მას კიდევ რამდენიმე ახალი რეკორდის დამყარებაში დავეხმარო.”

🎙 სარი: “3 წლის განმავლობაში იმაზე ფიქრში ვიღვიძებდი, როგორ დამემარცხებინა იუვენტუსი. 110 პროცენტით ვიხარჯებოდი, მაგრამ ამას მაინც ვერ ვახერხებდით. ეს დიდი გამოცდილება იყო, ახლა კი ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. სადაც მიმუშავია, ყველგან მაქსიმუმზე მეტს ვაკეთებდი და ასე იქნება იუვენტუსშიც.”

მაურიციო სარი პირველად იუვენტუსის გასახდელში

🎙 სარი: “ადამიანური ასპექტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამიხარდა, როცა ვიგრძენი, რომ ეს მნიშვნელოვანია იუვენტუსშიც. სხვა ბევრი მიზეზის გარდა, იუვე თავისი მენტალიტეტის გამოცაა ასეთი ძლიერი.”

🎙 სარი: “როდესაც გუნდში ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები გყავს, როგორებიც პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდო არიან, რომლებსაც ნებისმიერი როლის მოგება შეუძლიათ, ყველანაირ ტაქტიკაზე შეგიძლია იფიქრო. შესაძლებელია მხოლოდ როლის ინტერპრეტაციის შეცვლა.

🎙 სარი: “ნაპოლიში ბევრი გუნდური მოთამაშე მყავდა, ჩელსიში - ბევრი ტექნიკური მოთამაშე განსხვავებული ხასიათებით. ვარჯიშის მეთოდებს გუნდის და ფეხბურთელების მიხედვით ვარჩევ. ყველა ერთნაირად არ უნდა ავარჯიშო.”

წაიკითხედოგმატური მწვრთნელი პროვინციული იმიჯით - როგორი იქნება სარის იუვენტუსი?

🎙 სარი: “ფედერიკო ბერნარდესკი ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორებიც მე მომწონს. მისი მთავარი პლუსი კოორდინაციის შესანიშნავი უნარია. მას ახლა მხოლოდ თანამიმდევრულობა და სტაბილურობა აკლია. ახლა კარიერის ისეთ ეტაპზეა, რომ განსაკუთრებული როლი სჭირდება.”

🎙 სარი: “ბოლო წლებში, სეზონს ყოველთვის ერთი ტაქტიკური სქემით ვიწყებდი და სხვა ტაქტიკით ვამთავრებდი.”

🎙 სარი: “სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, იუვენტუსის 2-3 ფეხბურთელს ვესაუბრე, ჩემი იდეები გავუზიარე და მათი მოვისმინე. გუნდი საუკეთესო ფეხბურთელების გარშემო უნდა აეწყოს - ისეთების, როგორებიც მაგალითად რონალდო, დიბალა და დუგლას კოშტა არიან. თამაშით სიამოვნების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი ხშირად განაპირობებს ენთუზიაზმს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თან გავერთობით და თან მოვიგებთ!”

კომენტარები

ბოლო ამბები