Thumbnail
  • 27 წლის ბრაზილიელის კატალონიაში დაბრუნების შანსები იზრდება  
  • ბარსელონაში პარი სენ-ჟერმენთან გარიგების ვარიანტებს განიხილავენ
  • ლიონელ მესიმ თავისი სურვილი ბარსელონას პრეზიდენტს გაუმხილა

ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ბოლო დროს ბევრი იწერება. El Mundo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა პარი სენ-ჟერნემის ბრაზილიელი თავდამსხმელის დამატების ვარიანტებზე ფიქრობს.

როგორც ირკვევა, ბარსელონას პარიზელებთან გარიგებაში ანტუან გრიზმანის ჩართვა სურს. ფრანგი ფორვარდი ფორმალურად ჯერ კიდევ მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია, ბარსასთან კი წინასწარი შეთანხმება აქვს. კატალონიელებმა იციან, რომ მადრიდულ კლუბში არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვთ გრიზმანის მოსალოდნელ ტრანსფერზე და სწორედ ამიტომ, ურჩევნიათ, თავიანთ რიგებში ისევ ნეიმარი იხილონ. 

წყაროს ცნობით, თავად გრიზმანისთვისაც პარი სენ-ჟერმენში გადასვლა, ფინანსური კუთხით, გაცილებით მიმზიდველი იქნება, რადგან ბარსელონაში მას ანაზღაურების მნიშვნელოვან შემცირებაზე დათანახმება მოუწევს. 

ანტუან გრიზმანი ბარსას ფანატებს უკვე დაემშვიდობა

გრიზმანს ბარსელონაში გადასვლა ჯერ კიდევ 2018 წელს შეეძლო, თუმცა მაშინ ატლეტიკოში დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაახანაგრძლივა. 

El Mundo ასევე წერს, რომ ბარსელონაში 27 წლის ბრაზილიელის დაბრუნებას, კატალონიელთა მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესიც მიესალმება. როგორც ირკვევა, არგენტინელმა სურვილის შესახებ ბარსას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს უკვე გაუმხილა. 

ბოლო თვეებში პარიზული გრანდის ხელმძღვანელები ნეიმარის გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავდნენ, ახლა კი ცხადია, რომ მათი მიდგომა შეიცვალა და ბრაზილიელის ტრანსფერიც რეალური გახდა.

სინამდვილეში, ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს

L'Equipe-ის ინფორმაციით, ალ-ხელაიფი მზადაა, კარგი შეთავაზების შემთხვევაში, ნეიმარი გაყიდოს და კილიან მბაპეს გარშემო ააშენოს გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს. 

დაიწერა, რომ ნეიმარმა პსჟ-ის მფლობელსა და პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის SMS მისწერა ასეთი შინაარსით: "მე სახლში დაბრუნება მინდა!"

ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, რის შემდეგაც პსჟ-ში სარეკორდო,  222 მილიონ ევროდ გადაბარგდა. არაერთხელ დაიწერა, რომ ბრაზილიელი პარიზში ბედნიერი არაა და ესპანეთში დაბრუნება სურს. 

კომენტარები

ბოლო ამბები