Thumbnail

NBA-ში დიდი გაცვლა მოხდა: ენტონი დევისი ლოს ანჯელეს ლეიკერში წავიდა, სანაცვლოდ კი ნიუ ორლეან პელიკანსმა ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრემი, ჯოშ ჰარტი და სამი შემდგომი დრაფტის პიკი მიიღო, მათ შორის წლევანდელი დრაფტის, რომელზეც ლეიკერსს მეოთხე პიკი აქვს.

ეს არის ტრეიდი, რომელიც NBA-ს ძალთა ბალანსს საფუძვლიანად ცვლის. რას ნიშნავს ენტონი დევისის ლეიკერსში გადასვლა, რას უნდა ველოდოთ ამ ტრეიდისგან?

1. NBA ლებრონ ჯეიმსის სამეფოდ რჩება

ლებრონი კალათბურთის მეფე მხოლოდ პარკეტზე არ არის. მეტიც, წელს, როდესაც ლეიკერსი პლეი ოფში საერთოდ ვერ გავიდა, ამ საკითხზე საუბრისთვის არცთუ ისე იდეალური დროა. თუმცა, ლებრონი ლიგას მოედნის მიღმაც მართავს - დევისის ტრეიდი კი იდეალური მიზეზია, ეს კიდევ ერთხელ რომ გაგვახსენდეს. ის კალათბურთში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რომელიც მუდამ ახერხებს, რომ დანარჩენი ლიგა მისი გუნდის სურვილების მიხედვით ატრიალოს. 2010 წელს მაიამიში სამი დიდი ვარსკვლავი (ლებრონი, ვეიდი, ბოში) გაერთიანდა, ლებრონის ფლორიდიდან ოჰაიოში წასვლის შემდეგ იგივე სცენარი კლივლენდშიც განმეორდა. იგივე ხდება კალიფორნიაში - ლებრონი იწყებს იმ გუნდის შეკრებას, რომელიც მას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

ლებრონი აგენტი რიჩ პოლი და მისი სააგენტო „Team Klutch”, ლიგაში ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები არიან. რიჩ პოლი ენტონი დევისის აგენტიც არის. ერთი შეხედვით, NBA-ს წესები და რეგულაციები ისეა შექმნილი, რომ გუნდებს თავისი მოთამაშეების შენარჩუნება მუდამ უნდა შეეძლოთ, სანამ მათ კონტრაქტი აქვთ. ენტონი დევისმა და რიჩ პოლმა კი მაინც მოახერხეს და ნიუ ორლეანს ტრეიდი აიძულეს. დევისმა ჯერ კიდევ შუა სეზონში, სახალხოდ, ტრეიდი მოითხოვა და ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ გუნდში აღარ დაედგომებოდა, შემდეგ ღიად განაცხადა, რომ სადაც არ უნდა გაეშვათ, ერთი წლის შემდეგ იგი მაინც ლეიკერსში გადავიდოდა (დევისის კონტრაქტი კიდევ ერთი წელია ძალაში) და თითქმის სხვა ყველა პოტენციური მსურველი დააფრთხო - არავის (თუ ტორონტო რეპტორსი არ ხარ) არ უღირს ჩადოს ინვესტიცია იმ მოთამაშეში, რომელიც 1 წლის შემდეგ გარანტირებულად წასვლას აპირებს. 

ამ ყველაფრის შემდეგ კი ნიუ ორლეანი მაინც იძულებული გახდა, დევისის ტრეიდი ლეიკერსთან გაეკეთებინა. არადა, ყველამ იცოდა, რომ დევისის სკანდალური ქცევის უკან სწორედ ლეიკერსი და რიჩ პოლი (ლებრონი) იდგნენ და ნიუ ორლეანსაც თვეების მანძილზე ლეიკერსთან საქმის დაჭერა პრინციპულად არ სურდა. თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ მათ სხვა გზა მაინც არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა გუნდები თავისი სუპერვარსკვლავების წინაშე, ფაქტობრივად, დაუცველები არიან - ის დრო, როდესაც კევინ გარნეტი პროვინციულ მინესოტაში წლების მანძილზე უშედეგოდ იბრძოდა, წარსულს საბოლოოდ ჩაბარდა.

2. ლეიკერსი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ლეიკერსი უკვე 6 წელია პლეი ოფში არ ყოფილა. გასულ ზაფხულს ლებრონთან ერთად სხვა სუპერვარსკვლავის დამატება არ გამოვიდა, კალიფორნიელთა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა კი მოლოდინები ვერ გაამართლეს. ენტონი დევისი-ლებრონის წყვილი  იმის გარანტიაა, რომ ლეიკერსს საჩემპიონო ამბიცია ექნება.

თუ ამას დავუმატებთ, კევინ დურანტის და კლეი ტომპსონის სერიოზულ ტრავმებს და იმ ფაქტს, რომ გოლდენ სტეიტს ბიუჯეტში ფული ახალი მოთამაშეებისთვის არ აქვს, ლეიკერსს შანსი აქვს, რომ ახალი სეზონი დასავლეთ კონფერენციაში უძლიერესი გუნდის სტატუსით დაიწყოს.  არც ტრავმებით დატანჯული გოლდენ სტეიტი, რომელიც დიდი ალბათობით კევინ დურანტს დაკარგავს და არც ჰიუსტონი უკვე ასაკში შესული კრის პოლით და ახალი მოთამაშეებისთვის ბიუჯეტის გარეშე, ამ ეტაპზე ლეიკერსზე ძლიერად არ გამოიყურებიან.

მით უმეტეს, რომ ლეიკერსმა ლონზო ბოლი და ბრენდონ ინგრემი, ორი ის მოთამაშე გაუშვა, რომელიც ლებრონს სათამაშო თვისებებით მაინცადამაინც ვერ ერგებოდნენ. სამაგიეროდ გუნდში დარჩა კაელ კუზმა, რომელიც ამ ორზე უკეთ ისვრის პერიმეტრიდან (ზუსტი სროლების 36.6 %) , ლეიკერსის ახალგაზრდებიდან საუკეთესო სეზონი ჰქონდა და კარგად ერგებოდა ლებრონის თამაშს.

3. მესამე ვარსკვლავი ლეიკერსში?

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც, ლეიკერსი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ის არის, რომ ლეიკერსს დაახლოებით 25-დან 32-მილიონამდე თანხა რჩება ბიუჯეტში (თანხის მოცულობა დამოკიდებულია ენტონი დევისი აიღებს თუ არა ბონუსს და როგორ და როდის გააფორმებს ტრეიდს).  ეს ის თანხაა, რომელიც კავაი ლეონარდის ტიპის სუპერვარსკვლავის კონტრაქტსაც ყოფნის. ლეონარდის ლეიკერსში გადასვლა საეჭვოა, მას უფრო კლიპერსში წასვლა უნდა, თუმცა ლეიკერსი ცდილობს კემბა უოკერი ან ჯიმი ბატლერი დაითანხმოს. მას შემდეგ, რაც გუნდის ორი მთავარი სუპერვარსკვლავი - ლებრონი და დევისი- უფრო სამწამიანის მოთამაშეები არიან, ლეიკერსის მესამე ვარსკვლავი პერიმეტრის მოთამაშე - გარდი ან გამთამაშებელი უნდა იყოს.

კემბა უოკერი

კემბა უოკერი, რომელიც ამ სეზონში სამქულიანებს 41.5 პროცენტით ისროდა, ამ როლს იდეალურად ერგება. კემბას ტრანსფერს წინ არაფერი უდგას - უოკერმა მხოლოდ შარლოტში  მეტ ფულს ლეიკერსში საჩემპიონო ამბიცია უნდა ამჯობინოს - შარლოტს შეუძლია მას 5 წელიწადში 220 მილიონი შესთავაზოს, ლეიკერსს კი 4 წელიწადში 140 მილიონი. განსხვავება დიდია, თუმცა იმაშიც დიდი განსხვავებაა, როდესაც თამაში ლებრონის და დევისის გვერდზე შეგიძლია ბისმარკ ბიომბოს და ნიკლას ბათუმის ნაცვლად.

მოკლედ, კიდევ ერთი ვარსკვლავის გარეშეც, ლეიკერსი დასავლეთში ქაღალზე მაინც ყველაზე ძლიერია, ხოლო თუ კემბა (ან ჯიმი ბატლერი) დაემატება, მაშინ გოლდენ სტეიტის შემდეგ კალიფორნიაში ახალი სუპერგუნდი გამოჩნდება.

4. ყველაზე პერსპექტიული ნიუ ორლეანი

თუ ლეიკერსი NBA-ს აწმყოა, ნიუ ორლეანი მისი მომავალია. ნიუ ორლეანში ამ ტრეიდის შემდეგ ყველაზე პერსპქტიული და საინტერესო ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ. ლეიკერსიდან წასულ ლონზო ბოლსა და ბრენდონ ინგრემს, წლევანდელი დრაფტის პირველი პიკი და ბოლო წლების ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ზაიონ უილიამსონი დაემატება. გარდა ამისა, ნიუ ორლეანს ჯრუ ჰოლიდეი და ჯულიუს რენდლი ჰყავთ და დრაფტის პიკები აქვთ. ინგრემი და ლონზო ბოლი მხოლოდ 21 წლის არიან, ჯოშ ჰარტი კი 24-ის. ინგრემის კონტრაქტი კიდევ ერთი წელია ძალაში, ბოლის და ჰარტის კი ორი და ისინი ერთად მხოლოდ 18 მილიონს გამოიმუშავებენ. შემდეგი სეზონისთვის ნიუ ორლეანს 18 მილიონად სამი კარგი მოთამაშე ჰყავს.

მოკლედ, ნიუ ორლეანს ყველაფერი აქვს, რომ უკვე შემდეგ წელს პლეი ოფში გავიდეს და უახლოეს წლებში საჩემპიონო გუნდი ააშენოს - ბოლი, ჰოლიდეი, ინგრემი, ზაიონ უილიამსონი, რენდლის ხუთეული ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.

5. წაგებული ნიუ იორკი და ბოსტონი

როცა NBA-ში რამე ხდება, ამ ყველაფრით წაგებული ყოველთვის ნიუ იორკია - ასე ხდება ბოლო 20 წელია. თეორიულად, ნიქსს კევინ დურანტის და კაირი ირვინგის გადმოყვანა სურდა (ეს ამბავი თითქოს გადაწყვეტილიც იყო) და დრაფტზე პირველი ნომრის მიღების შემთხვევაში ზაიონ უილიამსონის არჩევა ან თავისი დრაფტის პიკის ენტონი დევისში გაცვლა სურდა. ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაში. პრაქტიკულად, კევინ დურანტი დაიმტვრა და დიდი ალბათობით მთელ შემდეგ სეზონს გამოტოვებს, კაირი ირვინგს უფრო მეტად ბრუკლინში წასვლა სურს, ვიდრე ნიქსში, დრაფტის პირველი პიკი ნიქსმა ვერ მოიგო, ხოლო მათი ბოლო იმედი, ენტონი დევისის შესაძლო ტრეიდი არ გამოვიდა - დევისმა ლეიკერსი ამჯობინა.

მთლად ასე ტრაგიკული არ არის ბოსტონის ბედი - სელტიკსს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა კაირი ირვინგის თითქმის გადაწყვეტილად წასვლის შემდეგ, მათაც სწორედ ენტონი დევისის დამატება სურდათ. ბოსტონს ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს და ნიქსისგან განსხვავებით, ნიუ ორლეანისთვის კარგი პაკეტის შეთავაზება შეეძლო, თუმცა ბოსტონის ვარიანტი თავად დევისმა გამორიცხა. იგი ნიუ იორკში თამაშს კიდევ უშვებდა, თუმცა ბოსტონში წასვლა არაფრით არ სურდა. შესაბამისად, სელტიკსმაც აღარ გარისკა ენტონი დევისის ერთწლიან კონტრაქტში ჯეისონ ტეიტუმის (ან რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი ახალგაზრდის) გაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები