Thumbnail

‘სახლში მინდა, ბარსელონაში!’ - ნეიმარის კონკრეტული მესიჯი პარიზელთა შეფს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როგორც ჩანს, ნეიმარს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს
  • ბრაზილიელმა პსჟ-ს შეფს შეტყობინება გაუგზავნა

ნეიმარის პარი სენ-ჟერმენიდან წასვლის ალბათობა, როგორც მინიმუმ, კიდევ უფრო გაიზარდა!

ორი დღის წინ, France Football-მა ფრანგული გრანდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც პსჟ-ს ბოსმა ფეხბურთელებს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: “ფეხბურთელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. აქამდე პასუხისმგებლობას გაურბოდნენ და ეს უნდა შეიცვალოს. მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ! აქ იმისთვის არ არიან, რომ მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრონ. თუ არ სურთ, რომ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, მაშინ ყველა კარი ღიაა - ჩაო!” - განაცხადა პარიზული გრანდის შეფმა.

ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარი

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, კატალონიური გაზეთი ‘მუნდო დეპორტივო’ სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნეიმარმა ალ-ხელაიფის SMS მისწერა ასეთი შინაარსით: “მე სახლში დაბრუნება მინდა!”

თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ მეგა-ტრანსფერის მოლოდინში უნდა ვიყოთ! როგორც იცით, პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარი ორი წლის წინ სწორედ ბარსელონადან გადაიბირა და მის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

მე ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც გუნდის წარმატებისთვის თავს არ დაზოგავენ!

France Football-მა პსჟ-ს შეფის ახალი კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც ნასერ ალ-ხელაიფი 27 წლის ნეიმარზე კონკრეტულად საუბრობს: “მას ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება არავინ აიძულა. მასზე ზეწოლას არავინ ახორციელებდა. მე ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც გუნდის წარმატებისთვის თავს არ დაზოგავენ და მზად იქნებიან, მაქსიმუმი გააკეთონ. მოთამაშეებისთვის პსჟ-ს ფორმის ჩაცმა პატივი უნდა იყოს. ვისაც ეს არ სურს, ან ვერ იგებს, რასაც ვამბობ, შევხვდები და დაველაპარაკები.”

ბოლო თვეებში პარიზული გრანდის ხელმძღვანელები ნეიმარის გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავდნენ, ახლა კი ცხადია, რომ მათი მიდგომა შეიცვალა და ბრაზილიელის ტრანსფერიც რეალური გახდა. L'Equipe-ის ინფორმაციით, ალ-ხელაიფი მზადაა, კარგი შეთავაზების შემთხვევაში, ნეიმარი გაყიდოს და კილიან მბაპეს გარშემო ააშენოს გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს.

‘მუნდო დეპორტივო’ კი იმასაც წერს, რომ პსჟ-ს შეფმა ნეიმარის ტრანსფერზე თანხმობა გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, გერმანელი თომას ტუხელისგანაც მიიღო. L'Equipe წერს, რომ ნეიმარის მრჩეველი ფინი ზაჰავი ბარსელონას ბოსებს დაელაპარაკება. ბრაზილიური გამოცემა ‘გლობო’ კი ამტკიცებს, რომ ნეიმარსა და კატალონიურ გრანდს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

თუ ეს მართალია, ახლა უკვე გასაგებია, რატომ აღარ აქტიურობენ კატალონიელები მადრიდის ატლეტიკოდან ანტუან გრიზმანის გადაბირებისთვის. ბარსა ორ ასეთ მეგა-ტრანსფერს ალბათ ვერ განახორციელებს...

კომენტარები

ბოლო ამბები