Thumbnail

'ჩვენგან განსხვავებით, შერიფი გამოცდილია' - საბურთალოს დირექტორის კომენტარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონის, თბილისის საბურთალოს მეტოქე ტირასპოლის შერიფი იქნება. ნიონში წილისყრას საბურთალოს აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია დაესწრო, რომელმაც popsport.com-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა…

“სელტიკის სახით უფრო ძლიერი გუნდიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, სულ 4 წელია ვთამაშობთ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და შესაბამისად, წილისყრის შედეგით კმაყოფილებაზე საუბარი ალბათ ზედმეტი იქნება. ჩვენგან განსხვავებით, შერიფს ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ერთი ნამდვილად ვიცი: კლუბის ხელმძღვანელებით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ”. - განაცხადა კახა კაშიამ.

საბურთალოს და შერიფის წარმომადგენლებმა ნიონში ტექნიკურ საკითხებზე მოილაპარაკეს, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება თბილისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა. კაშიას თქმით, პირველი მატჩი 10 ივლისს მოლდოვაში გაიმართება და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, საპასუხო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 17 ივლისს შედგება.  ბოლოს, საბურთალოს აღმასრულებელმა დირექტორმა სატრანსფერო პოლიტიკაზე და გუნდის შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა…

“დავიბრუნეთ გიორგი რეხვიაშვილი და დავიმატეთ გიორგი მოდებაძე, მაგრამ ვერცერთი ტრანსფერი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ბარიერს გადავლახავთ. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ გუნდის გაძლიერებაზე, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. რთულია უცხოეთიდან მაღალი დონის ფეხბურთელი ჩამოიყვანო, როდესაც ყველა ხედავს რომ თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს. ამიტომ, პირველ რიგში, ქართულ ფეხბურთს გულშემატკივარს ვუსურვებ, რაც გაზრდის ფეხბურთელთა მოტივაციას”. - განაცხადა კახა კაშიამ.

კომენტარები

ბოლო ამბები