Thumbnail
  • 2019/20 წლების ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • დინამომ, ტორპედომ და ჩიხურამ პირველი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს
  • ქუთაისის ტორპედოს მეტოქედ კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი შეხვდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირში წელს მონაწილე სამი ქართული კლუბის მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

2018 წლის ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის გათამაშების შედეგების თანახმად, ევროპალიგაში ასპარეზობის უფლება ვიცე-ჩემპიონმა თბილისის დინამომ, ქუთაისის ტორპედომ (თასის გამარჯვებული) და საჩხერის ჩიხურამ მოიპოვეს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპალიგაზე ვიცე-ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობს

დინამო თბილისი V ლა ფიორიტა\ენგორდანი
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე სან მარინოს ლა ფიორიტასა და ანდორას ენგორდანს შორის მოგებული იქნება. ეს გუნდები ერთმანეთთან 27 ივნისსა და 4 ივლისს ითამაშებენ. დინამო კი პირველ თამაშს შინ გამართავს.

ორდაბასი V ტორპედო
ქუთაისის ტორპედოს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ყაზახური ორდაბასი ერგო, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახაბერ ცხადაძე წვრთნის. კახა ჩხეტიანის გუნდი პირველ მატჩს ყაზახეთში ჩაატარებს.

ფოლა V ჩიხურა
საჩხერის ჩიხურას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ლუქსემბურგის ფოლა ეში შეხვდა. სოსო ფრუიძის შეგირდები ჯერ გასვლაზე ითამაშებენ.

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 11 ივლისს გაიმართება, საპასუხო - 18 ივლისს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გაგრას მოუგო

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 94 გუნდი იასპარეზებს (87 პირდაპირი წესით, 7 - წინასწარი რაუნდით). წილისყრის წინ შვიდი 10-გუნდიანი ჯგუფი და ორი 12-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნა. განთესილი და განუთესავი გუნდები თანაბარი ძალის ჯგუფებში განაწილდნენ. ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის დინამო იყო, რომელიც მე-7 ჯგუფში მოხვდა. განუთესავი ტორპედო და ჩიხურა კი, შესაბამისად, მე-2 და მე-6 ჯგუფებში.

ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 27 მაისს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკის არენა "ენერგა-გდანსკზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები