Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | საბურთალოს პირველი მეტოქე ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • საქართველოს 2018 წლის ჩემპიონ საბურთალოს ევროთასებზე დებიუტი ექნება
  • საქართველოს ჩემპიონის მეტოქე წელსაც მოლდოვური კლუბია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის საბურთალოს მეტოქის ვინაობა გაირკვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის დებიუტი ევროთასებზე მოლდოვურ შერიფთან შედგება, რომლის სპორტული დირექტორი ამ გუნდის ყოფილი კაპიტანი, ვაჟა თარხნიშვილია. ამ ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს, საპასუხო კი 16 ივლისს ჩატარდება. უეფას რეგლამენტის თანახმად, თბილისურმა კლუბმა პირველი მატჩი სტუმრად უნდა გამართოს.

შეგახსენებთ, რომ შერიფი ქართული კლუბის მეტოქე შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც იყო. ტორპედომ ქუთაისში მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია, ტირასპოლში კი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.  

საბურთალომ საქართველოს ჩემპიონობა პირველად 2018 წელს მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 32 გუნდი მონაწილეობს. წილისყრამდე გუნდები, განთესილებად და განუთესავებად, სამ ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ორი 10-გუნდიანი იყო, ერთ კი 12-გუნდიანი.

საბურთალო, რომელიც განუთესავი იყო, მეორე ჯგუფში მოხვდა და სავარაუდო მეტოქეებად, შერიფის გარდა, სელტიკი (შოტლანდია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი) და სლოვანი (სლოვაკეთი) ჰყავდა. რა თქმა უნდა, საბურთალოსთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე სელტიკი იყო, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი რეიტინგისაა.

თბილისის საბურთალომ 2018 წელს საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნული ლიგა 79 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და უახლოეს მდევარ თბილისის დინამოს 10 ქულით გაუსწრო. 

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 19 ივნისს ჩატარდება.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 2020 წლის 30 მაისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები