Thumbnail
  • მამუკა კობახიძე ბოლოს ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა
  • 26 წლის მცველი ბათუმის დინამოში 2021 წლის ბოლომდე დარჩება

ბათუმის დინამომ ახალი ფეხბურთელი, მამუკა კობახიძე წარადგინა. 26 წლის ცენტრალურ მცველს არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში უთამაშია, მათ შორის ზესტაფონში, გორის დილაში, თბილისის ლოკომოტივში, ყაზანის რუბინსა და ნიჟნეკამსკის ნეფტეხიმიკში. ბოლოს, კობახიძე ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა.

ახალი ფეხბურთელი მედიას ბათუმის დინამოს სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ წარუდგინა. კონტრაქტის თანახმად, მამუკა კობახიძე ბათუმურ გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

"დადებითად ვაფასებ ჩემ ტრანსფერს, რადგან ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში პირველობისთვის იბრძვის. პროფესიონალებით დაკომპლექტებული კლუბია, ბევრი ფეხბურთელი კი ჩემი მეგობარია. ვისაც არ ვიცნობდი, გავიცანი და ყველამ თბილად მიმიღო. ვიმედოვნებ, რომ სეზონი წარმატებული იქნება". - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

"კარგი შენაძენია ბათუმის დინამოსთვის. მამუკა კობახიძეს ვიცნობ დიდი ხანია, რადგან ნაკრებშიც ერთად ვმუშაობდით. ყოველთვის ამბიციურ კლუბებში თამაშობდა და მიმაჩნია, რომ წარმატებული ტრანსფერი იქნება. წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ უახლოეს ორ დღეში კიდევ გადაწყდება ერთი, ან ორი ფეხბურთელის ბედი". - ეს ასლან ბალაძის სიტყვებია.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში აჭარული გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ, 37 ქულით მეორე ადგილზეა. დინამო მხოლოდ მოქმედ ჩემპიონს, საბურთალოს ჩამორჩება.

📺 ვიდეო: მამუკა კობახიძის წარდგენა ბათუმის დინამოში

კომენტარები

ბოლო ამბები