Thumbnail

‘ვიჭიდავებ, სანამ მუხლი არ მიღალატებს’ - ტოჩინოშინი ფანებს შეხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძე კავკასიის უნივერსიტეტში ქომაგებს შეხვდა
  • ტოჩინოშინი მაისის ბაშოს იხსენებს
  • ტოჩინოშინის გამორჩეული ორთაბრძოლა კარიერაში

დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ქომაგებს შეხვდა. ქართველი სპორტსმენი ივნისში კვლავ გახდება ოძეკი (ჩემპიონი), რაც მას მაისის ბაშოზე 10-5 ბალანსის მოგროვებამ განაპირობა.

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ ქომაგობისთვის, რასაც მთელი ბაშოს განმავლობაში ვგრძნობდით მეც და გაგამარუც. მარტში სამწუხაროდ, დავკარგე ოძეკის ტიტული, მაგრამ მაისში შევძელი წარმატების მიღწევა და, როგორც შარშან წელსაც, სამშობლოში ჩამოსვლის მერე ვხდები ოფიციალურად ოძეკი".

მეტი ამ თემაზე

ბოლოს დაძინებაც მიჭირდა...

ქართველმა ოძეკიმ განაცხადა, რომ ასანოიამასთან სკანდალური ორთაბრძოლა არ იყო გადამწყვეტი იმაში, რომ მან საჩემპიონო შანსი დაკარგა.

“დიდწილად, მაინც ჩემი ბრალია, შესანიშნავი 10 დღის შემდეგ ზედიზედ სამი ისეთი ორთაბრძოლა წავაგე, რომელიც არ იყო წასაგები. რა თქმა უნდა, ასანოიამასთან ბრძოლამაც გავლენა იქონია, თუმცა მთავარი მაინც ენდოსთან ბრძოლისას მიღებული ტრავმა იყო. მუხლი დავარტყი და ისეთ დღეში ვიყავი, რომ ღამით ვერ ვიძინებდი და მე-10 დღის შემდეგ ჰოსპიტალში მივედი და ვთხოვე, რომ მუხლიდან სითხე ამოეღოთ. ვინც სპორტსმენია იცის, რომ ამის შემდეგ ათლეტი ძალას კარგავს. რაც მთავარია, ოძეკის ტიტული დაბრუნებულია და ამით ბედნიერი ვარ”.   

იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ

ტოჩინოშინს ყოველთვის უხარია სამშობლოში დაბრუნება: “14 წელია იაპონიაში ვცხოვრობ, თუმცა სამშობლოს სიყვარული არ ნელდება - აქ რომ ჩამოვდივარ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება, ხალხი, ჰაერი, წყალი… იაპონიაში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ”.

კონკურენცია მონღოლ სუმოისტებთან

ტოჩინოშინს დაეკითხნენ, რატომ აღარ გადადიან ქართველები პროფესიულ სუმოში.
“სუმოში ახლა კლუბების რაოდენობა შემცირდა, სულ 49 არის მგონი, თუმცა ერთ კლუბში მხოლოდ ერთი უცხოელის ყოფნაა შესაძლებელი. 2-3 წლის წინათ ჩამოვიდნენ ქართველი ბიჭები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დამკვიდრნენ, რადგან თითქმის ყველა კლუბში მონღოლები ირიცხებიან”. 

ტრამპის გამო 15 წუთი დააგვიანეს, ეს არასდროს მომხდარა

ტოჩინოშინმა ბაშოზე დონალდ ტრამპის ვიზიტზეც ისაუბრა: “სუმოს ასოციაცია ამისთვის 6 თვე ემზადებოდა. საოცარი რამ მოხდა, სუმოში წესებს არ არღვევენ, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა 15 წუთით დააგვიანა და დაემთხვა ჩემს გამოსვლას. ჩემი აზრით, ჯორჯია, რომ გამოაცხადეს, შეიძლება, ეგონა, რომ ჯორჯიის შტატიდან ვეგონე და ამიტომ დაინტერესდა ჩემით განსაკუთრებულად”. 

ჰენკა იოკოძუნასთან

ტოჩინოშინი V კაკურიუ

იოკოძუნასთან შეხვედრაში ტოჩინოშინმა ჰენკა გამოიყენა დაჯახებისას.

“კაკურიუსთან შეხვედრას რაც შეეხება, დასამალი არაფერი მაქვს, წინა დღესვე გადავწყვიტე, რომ ჰენკას გამოვიყენებდი. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ვაკეთებ და მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა. რა ვქნათ, იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა გამარჯვება. ალბათ, თქვენც გაგიხარდათ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვე და იოკოძუნასთან ბრძოლაში არ დავმარცხდი. საერთოდ, ეს ჩემი სტილი არ არის და ვერიდები”.

მაშინ ოძეკი პირველად დავამარცხე...

ტოჩინოშინმა მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლა გაიხსენა: “ეს იყო ჰარუმაფუჯისთან ბრძოლა, ელიტაში ახალი გადასული ვიყავი და ოძეკი დავამარცხე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჰაკუჰოსთან ბრძოლა, როცა 26-ე ცდაზე დავამარცხე იგი. ესეც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა იყო. 

ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ

ტოჩინოშინმა მომავალ სპორტულ კარიერაზეც ისაუბრა: “ამ თემაზე ყველაზე მეტად მიჭირს საუბარი. 30 წელს გადავცდი და ადრე თუ გვიან, კარიერის დასრულება მომიწევს. თუ მუხლის ტრავმა გამაძლებინებს, თავს მაინც ახალგაზრდულად ვგრძნობ. გული ბოლომდე მიმყვება, მთავარია, მუხლმა არ მიღალატოს”.

ამის შემდეგ ტოჩინოშინმა უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს და სტუმრებს კითხვებზე უპასუხა.  

კომენტარები

ბოლო ამბები