Thumbnail
  • 📅 19 ივნისი | ⌚ 04:30 | ⚽ ბრაზილია V ვენესუელა | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ტიტეს გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს
  • ლა ვინოტინტო შეეცდება, როგორმე თავი განადგურებისგან დაიძვრინოს 

კოპა ამერიკის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიისა და ვენესუელის ნაკრებები ითამაშებენ, სალვადორში, "ფონტე ნოვაზე" ჩატარდება. ამ წყვილში უპირობო ფავორიტებად ტურნირის მასპინძლები ჩანან და პირველი ტურის შედეგების გათავალისწინებით, ბრაზილიელებს მომავალ შეხვედრაში გამარჯვება პლეი ოფში გასვლას გაუნაღდებს.

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ტიტეს შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ ამ თამაშის მოსაგებად და ალბათ, მიზანს მიაღწევენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ "ლა ვინოტინტო" ("წითელი ღვინო") 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა.

ბრაზილიის ნაკრები

ბრაზილიის ნაკრებმა გულშემატკივრებს იმედი ბოლო, 2018  მუნდიალზეც გაუცრუა, რეაბილიტაციისთვის საუკეთესო შანსი კი ახლა, საშინაო კოპაზე აქვს. ტურნირის დაწყებამდე "პენტაკამპეონებმა" ამხანაგურ მატჩებში ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც შედეგი დადეს. 

ბოლივიასთან დუბლი ფილიპე კოუტინიომ გაიფორმა

ბრაზილიამ ბოლივიასთან (3:0) პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულა, შესვენების შემდეგ კი მეტოქეს სამჯერ გაუტანა და კიდევ ერთი ამდენი უნდა გაეტანა. "სელესაოს" გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ და თავიანთ ფეხბურთელებს უსტვენდნენ. როგორც წესი, რიგითი ბრაზილიელი ქომაგი ფინტების კასკადს და სწრაფ იერიშიებს ელის, მაგრამ ტიტე სხვაგვარად ფიქრობს: 

"როდესაც ფეხბურთელებს ბურთი ფლანგიდან ცენტრში შეაქვთ, შემდეგ კი მეკარეს უბრუნებენ, გულშემატკივრები სტვენას იწყებენ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ზოგჯერ თამაში სწორედ ასეთ პასებზე იგება", - ამბობს ის.

ტიტე საშინაო კოპა ამერიკაზე წარუმატებლობას აღარ აპატიებენ

ტიტეს გუნდს, რომელსაც მთავარი ვარსკვლავი - ნეიმარი, ჯერ კიდევ კოპას დაწყებამდე გამოაკლდა,  პირველი ტურის შემდეგ პრობლემები არ აქვს - ყოველ შემთხვევაში, კადრების მხრივ. 

ვენესუელას ნაკრები

ბოლო წლებში "ლა ვინოტინტოს" წარმატების მთავარი შემოქმედი მისი მთავარი მწვრთნელი რაფაელ დუდამელია, რომელიც ეროვნულ გუნდამდე ასაკობრივ ნაკრებებთან მუშაობდა. მაგალითად, 2017 წელს სწორედ მისი გაწვრთნილი გუნდი გავიდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც ინგლისთან დამარცხდა (0:1).

რაფაელ დუდამელი ბრაზილიასთან მატჩის წინ გუნდს ბოლო მითითებებს აძლევს

ვენესუელას ამ ნაკრებს ჰყავს 29 წლის ცენტრფორვარდი სალომონ რონდონი, რომელსაც ლა ლიგასა და რუსეთის პრემიერლიგაში უთამაშია, ბოლო დროს კი ინგლისში, ვესტ ბრომვიჩსა და ნიუკასლში გამოდის. ასევე, იტალიის სერია A-ში გამობრძმედილი, 31 წლის, ნახევარმცველი ტომას რინკონი, რომელიც ტორინომდე ტურინის იუვენტუსის ღირსებასაც იცავდა. 

კოპა ამერიკა 2019-ის დაწყებამდე, ვენესუელას ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთ პრეტენდენტად ასახელებდნენ, მაგრამ პირველ ტურში პერუსთან "ნულებმა", დუდამელის გუნდის შანსები საკმაოდ შეამცირა. რაც მთავარია, იმ თამაშში ვენესუელას ნაკრები უბრალოდ ძალიან ცუდი იყო. პერუელებს, რომლებსაც ორი გოლი არ ჩაუთვალეს, გასატანად კიდევ რამდენიმე კაგი მომენტი ჰქონდათ… ვენესუელამ კი ის მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა - მეორე ყვითელი ბარათის გამო, მოედანი მარცხენა მცველმა ლუის დელ პინომ დატოვა და ახლა ბრაზილიელებთან ვერ ითამაშებს.

სალომონ რონდონიმ გასულ სეზონში ნიუკასლის მაისურით  11 გოლი შეაგდო 

საინტერესო ფაქტები

⚽ მუნდიალის შემდეგ, ტიტეს გუნდმა 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ (ბურთები: 27:2).

⚽ ბრაზილიის ნაკრებმა ვენესუელას ბოლო სამი მატჩი მოუგო და თითოეულში, მინუმუმ ორ გოლს უტანდა.

⚽ ბრაზილიის ნაკრებმა ვენესუელასთან ჩატარებულ ბოლო 8 მატჩიდან 6-ში პირველი ტაიმის მოგება მოახერხა. 

⚽ ვენესუელას ნაკრებმა ბრაზილიიას 2008 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში მოუგო - 2:0. მას შემდეგ მეტოქეებმა 6-ჯერ ითამაშეს (4 ბრაზილიამ მოიგო, 2 ფრედ დასრულდა).

⚽ "ლა ვინოტინტოს" მუნდიალზე არასდროს გაუღწევია, მისი საუკეთესო შედეგი კი 2011 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალში გასვლაა.

⚽ ვენესუალეას ნაკრებმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში მოახერხა გამარჯვება - აშშ-სთან (3:0).

⚽ ვენესუელამ ბოლო 7 მატჩიდან 5-ში ანგარიში გახსნა და თან, ეს ისეთ მეტოქეებთან შეძლო, როგორებიც არიან: არგენტინა, მექსიკა, აშშ და ეკვადორი.

⚽ ვენესუელას ნაკრების ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - ალვეში, მარკინიოსი, სილვა, ლუისი - კაზემირო, ფერნანდინიო - რიშარლისონი, კოუტინიო, ნერეში - ჟეზუში.

ვენესუელა (4-5-1): ფარინესი - ჰერნანდესი, ჩენსელორი, ვილიანუევა, როსალესი - სავარინო, ერერა, რინკონი, მურილიო - რონდონი.

კომენტარები

ბოლო ამბები