Thumbnail
იანვარში ბარსელონამ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა [€ 160M] - ლივერპულიდან ფილიპე კოუტინიო იყიდა!

საფეხბურთო სპეციალისტთა შორის კოუტინიოს ტრანსფერი აქტიურად განიხილება და მრავალი კითხვა ჩნდება, თუ როგორ მოახერხებს ახალწვეული კატალონურ კლუბში მორგებას და ხომ არ დაარღვევს იგი არსებულ ტაქტიკურ ბალანსს?!

როგორ გაჩნდა კოუტინიოს შეძენის იდეა?

კოუტინიოს ყიდვის იდეა 2017 წლის ზაფხულში, ნეიმარის პარი სენ-ჟერმენში სკანდალური ტრანსფერის შემდეგ გაჩნდა. ბრაზილიელის წასვლა კლუბისთვის დიდი დარტყმა იყო როგორც სპორტული, ასევე მარკეტინგული და საიმიჯო თვალსაზრისით.

ბარსელონა ბრაზილიელის წასვლის შემდეგ ეცადა, რომ მისი შემცვლელი ეპოვა და კლუბის უპირველეს მიზნად სატრანსფერო ბაზარზე შემტევი გარემარბის, ნეიმარის ტიპის ფეხბურთელის მოძებნა იქცა. სწორედ ამ ლოგიკით შეარჩიეს მათ უსმან დემბელე, რომელსაც ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში და ფილიპე კოუტინიო, რომელიც  წლების მანძილზე ლივერპულში მარცხენა შემტევის პოზიციაზე თამაშობდა. კატალონური კლუბის მესვეურთა ლოგიკით, ამ მოთამაშეებს ნეიმარის პოზიცია უნდა შეევსოთ. 

ბარსელონას პირველი წრე ნეიმარის შემცვლელის გარეშე

უსმან დემბელე სეზონის სტარტზევე დაშავდა და დაბრუნება მხოლოდ ახალი წლისთვის მოახერხა, კოუტინიოს ტრანსფერი კი იანვრამდე გაიწელა. კლუბმა პირველი წრე, ფაქტობრივად, ნეიმარის შემცვლელის გარეშე ჩაატარა და შესანიშნავი შედეგებიც აჩვენა:

  • დიდი უპირატესობით ლიდერობს პრიმერადივიზიონში
  • მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი
  • არ წაუგია არცერთი თამაში და მოახერხა პრინციპული მოწინააღმდეგეების - რეალისა და იუვენტუსის დამარცხება

[სტატია დაიწერა პრიმერადივიზიონის პირველი წრის შემდეგ და მასში შეტანილი მონაცემები ასახავს შეხვედრებს რეალ სოსიედადთან მატჩის ჩათვლით]

ერნესტო ვალვერდე საკმაოდ დიდი დილემის წინაშე დგას - მან კოუტინიოსა და დემბელეს ადგილი უნდა მოუძებნოს იმ გუნდში, რომელმაც პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და, ერთი შეხედვით, მოცემულ მომენტში გაძლიერებას არც საჭიროებს.

ვალვერდეს ბარსელონა ციფრებში

პრიმერაში ბარსელონამ 19 თამაშში 52 გოლი შეაგდო, საიდანაც 30 ორი მოთამაშის - ლეო მესის და ლუის სუარესის ანგარიშზე მოდის (17+13). მესამე ადგილზე კი კლუბის ბრაზილიელი ახალწვეული პაულინიოა - 8 გოლით. ზემოთ ხსენებული სამი მოთამაშის გარდა, არცერთ სხვა ფეხბურთელს პრიმერასა თუ ჩემპიონთა ლიგაში ამ სეზონში 2 გოლზე მეტი არ გაუტანია.

ბარსა ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობს დაცვაში

სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ:

  • ბარსა ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობს დაცვაში და ბურთის ფლობის მაჩვენებლის შემცირების ფონზე უკეთესად იცავს თავს პოზიციურად.
  • შეტევაში ორი მოთამაშის (მესი, სუარესი) იმედზეა და გუნდის თამაში იმდენად მკაცრად არის ორგანიზებული, რომ საგოლე პოზიციებში ძირითადად ერთი და იგივე მოთამაშე (მესი, სუარესი, პაულინიო) ხვდება. 
  • დაცვით ფაზაში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც სისტემურ, ასევე ინდივიდუალურ ფაქტორებს უკავშირდება.
  • სისტემური ფაქტორია სათამაშო სქემის ცვლილება: ბარსამ ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები 4-4-2 სქემით ითამაშა, მაშინ, როდესაც გასულ სეზონში ძირითადი და უალტერნატივო სქემა 4-3-3 იყო. 

ბარსელონას ტაქტიკური პრობლემები გასულ სეზონში

წლევანდელი 4-4-2 შარშანდელ 4-3-3-თან შედარებით, დაცვით ფაზაში სტაბილურობასა და კომპაქტურობას უზრუნველყოფს. გასულ სეზონში ბარსასთვის შეხვედრები შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგეების, იმ გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც კატალონელთა პრესინგის პირველი ტალღიდან ამოსვლა შეეძლოთ, ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. როგორც კი ბარსა ვერ ახერხებდა დაებრუნებინა ბურთი, მყისვე, მისი დაკარგვის მომენტში, პოზიციურ დაცვაში გადაწყობისას ბევრ შეცდომას უშვებდა და თავისუფალ სივრცეებს ტოვებდა.

ეს პირველ ყოვლისა იმას უკავშირდებოდა, რომ ბარსას შემტევი სამეული მესი, ნეიმარი, სუარესი დაცვით ფუნქციებს ხარისხიანად არ ასრულებდა. თანამედროვე ტაქტიკური სპეციფიკა დაცვითი ფუნქციებისგან მხოლოდ ერთი ან ორი შემტევი მოთამაშის გათავისუფლებას გულისხმობს, ხოლო, როდესაც ერთდროულად სამი მოთამაშე არ არის ჯეროვნად თამაშის დაცვით ფაზაში ჩართული, ეს დამცველ მხარეს კატასტროფის წინაშე აყენებს. ნეიმარი  მარცხენა ფრთაზე თავის ვიზავის, უმეტეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის მარჯვენა მცველს, არ მიყვებოდა, ცოტას მოძრაობდა უბურთოდ და არ აზღვევდა ალბას (ან სხვა მარცხენა მცველს).

ბარსას შემტევი სამეული ასიმეტრიულად იყო განლაგებული - მაშინ, როცა ნეიმარი მარცხნივ თამაშობდა, სუარესი - ძირითადად მეტოქის საჯარიმოსა და მის მისადგომებთან, მესი კი ყველგან სადაც, მოისურვებდა - ძირითადად კი ცენტრში, როგორც საჯარიმო მოედანში, ასევე საჯარიმოდან ცენტრამდე ნებისმიერ მონაკვეთში და იშვიათად - მარჯვენა ფრთაზე. 

ეს იმას განაპირობებდა, რომ ბარსას მარჯვენა ფრთა ღიად რჩებოდა.

მესი თამაშის დაცვით ფაზაში ჩართული თითქმის არ იყო და ბარსას დაცვის მარჯვენა ფლანგი ღია რჩებოდა. ამ დილემის გადაჭრა რაკიტიჩს უწევდა, რომელსაც ან უნდა დაეტოვებინა თავისი პოზიცია - მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველის და გადასულიყო მარჯვენა ფრთაზე, ან ღიად ტოვებდა მარჯვენა ფრთას. 

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გუნდიდან დანი ალვეშის წასვლის შემდეგ გახდა, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებიდან და უნივერსალიზმიდან გამომდინარე, თითქმის ერთდროულად ახერხებდა მარჯვენა მცველისა და ნახევარმცველის ფუნქციების შეთავსებას.

რაკიტიჩის მარჯვნივ გადასვლა შუაში სერხიო ბუსკეტსს ანდრეს ინიესტასთან ერთად ტოვებდა, რომლის ძლიერი მხარე დაცვითი თამაში არასოდეს ყოფილა, ასაკის მატებასთან ერთად კი მოძრაობას და სისწრაფეს მოუკლო. შესაბამისად, დაცვით ფაზაში პასიური იყო ინიესტა, რომელიც უბურთოდ ნაკლებს და ნელა მოძრაობს და სუსტია ორთაბრძოლებში.

4-4-2 და მისი ძლიერი მხარეები

მიმდინარე სეზონში, დაცვით ფაზაში მარჯვნივ რაკიტიჩი დგას, მარცხნივ ინიესტა, ცენტრში კი პაულინიო და ბუსკეტსი. დაცვით ფაზაში სულ მცირე 8 ფეხბურთელი მონაწილეობს (განსხვავებით შარშანდელი 7-სგან), რომელიც ორ 4-კაციან ხაზად განლაგდება. დაცვით ფაზაში სუსტი ინიესტა მარცხნივ არის გადაწეული, მას ზურგიდან ალბა ეხმარება და დაცვითი კონსტრუქციისთვის თავად მარცხენა ნახევარმცველის პოზიცია ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცენტრალური ნახევარმცველის, რომელსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციის, საჯარიმოს მისადგომების დაცვა ევალება.

კოუტინიოს პრობლემა

ვალვერდე რთული თავსატეხის წინაშე დგას. კოუტინიო იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელიც შარშან ნეიმარს ეკუთვნოდა - მარცხენა შემტევის ადგილზე. ამ ფორმაციის ბარსელონაში ეს პოზიცია კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

კოუტინიოს გამო სქემის შეცვლა დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. 4-4-2-ის შენარჩუნების შემთხვევაში კი კოუტინიომ ან შუაში უნდა ითამაშოს ან მარცხნივ.

პირველ შემთხვევაში, ვალვერდე სკამზე არ დასვამს თავის ტაქტიკურ აღმოჩენა პაულინიოს, რომელიც დაცვით ფაზაში ბალანსს უზრუნველყოფს. კოუტინიო პაულინიოსგან სრულიად განსხვავებული მოთამაშეა და მისი ძლიერი მხარე უბურთოდ მოძრაობა ნამდვილად არ არის.

ინიესტა ასაკშია, მაგრამ ვალვერდე მას ამ სეზონში ვერ შეელევა

ერთადერთი ადეკვატური პოზიცია მისთვის მარცხენა ნახევარმცველის ადგილი უნდა იყოს. ინიესტა ასაკშია, თუმცა ვალვერდე მას ხელაღებით ამ სეზონში ვერ შეელევა და, სავარაუდოა, რომ კოუტინიოსა და ინიესტას სათამაშო დროს გაუყოფს. კოუტინიოს ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა ბევრად უფრო მეტად მოუწევს კონცენტრირება ბურთის გათამაშებაზე (ინიესტას ყველაზე ძლიერი მხარე). ამისთვის მან თავისი სათამაშო სტილი საგრძნობლად უნდა შეცვალოს.

კოუტინიოს სათამაშო სტილი და ბარსელონა

ლივერპულში კოუტინიო პირველ რიგში შემქმნელი ფეხბურთელი იყო, რომელიც მარცხნიდან და ცენტრიდან უშუალოდ ამზადებდა საგოლე მომენტებს ან ასრულებდა მათ. 

სტატისტიკური მონაცემი არა ინიესტას სათამაშო ფორმის მკვეთრი გაუარესებით [ამ შემთხვევაში იგი დაკარგავდა ადგილს ძირითადში], არამედ ბარსელონას სათამაშო მოდელისა და კონცეფციის ცვლილებით უნდა აიხსნას.

კოუტინიოს ძირითადი ფუნქცია მოედნის ბოლო მესამედში აქტიურობა და გოლის შექმნა/შეგდებაა, ინიესტას ბარსას სქემაში ბურთის გათამაშება, სიღრმიდან ამოტანა, შეტევისა და ბურთის ფლობისათვის საჭირო ტემპისა და რიტმის მოძებნა ევალება.

თუკი კოუტინიო ძირითადად მაღალ ტემპში თამაშს და ე.წ. პირველი ტემპით შეტევას ამჯობინებს და ბურთის მიღების მომენტში ბურთიანად ან უბურთოდ [პასი + გახსნა] ჩქარდება, ინიესტა ხშირად ტემპს აგდებს, ცდილობს ბურთი გაათამაშოს და დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს შეტევის გასაგრძელებლად. ამ მოსაზრებას ადასტურებს ინიესტას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში.

ინიესტა სივრცეს ქმნის, კოუტინიო პირიქით, სივრცეს უტევს

კოუტინიო ლივერპულის ლიდერად მოიზრებოდა, რომლის გარშემოც იყო თამაშში აწყობილი, ინიესტას შეცვლის შემთხვევაში კი მას ბევრად უფრო ეპიზოდური როლით მოუწევს დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც ლივერპულის შეტევებში ჩართულობის ხარისხის მიხედვით, იგი პირველ ადგილზე იყო და ინგლისური კლუბის სხვა მოთამაშეებზე მეტად (მეტი შეხება და დრო ბურთთან) მონაწილეობდა შეტევაში.

კოუტინიო უმეტესად შორიდან ურტყამს - საჯარიმოს გარედან დარტყმა მისი ერთ-ერთი საყვარელი საფეხბურთო ელემენტია

კოუტიონიო ბევრს და შორიდან ურტყამს [ინიესტაზე 6-ჯერ მეტს]. საინტერესოა, მისი დარტყმების დისტანციაც: იგი საშუალოდ 20.88 მეტრის დისტანციიდან ურტყამს (ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს საჯარიმო დარტყმებს) და საჯარიმოს გარედან დარტყმა მისი ერთ-ერთი საყვარელი საფეხბურთო ელემენტია.

კოუტინიოს დარტყმების სტატისტიკა დიამეტრულად არ შეეფერება ბარსელონას საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელიც უკვე მრავალი წელია შორიდან დარტყმებს თავს არიდებს და მას უკიდურესად იშვიათად მიმართავს. პრიმერა დივიზიონში ბარსას კარში დარტყმების ყველაზე ახლო დისტანცია აქვს და საშუალოდ, 16 მეტრიდან არტყამს კარში.

დასკვნა

სტატისტიკური მონაცემები გვარწმუნებს, რომ კატალონურმა კლუბმა ფელიპე კოუტინიო გასულ ზაფხულში ნეიმარის შემცვლელად, ამ უკანასკნელის პროფილის მიხედვით აარჩია, რომელიც იდეალურად 4-3-3-ს მოერგებოდა და შეითავსებდა იმ ფუნქციებს, რომლებიც შარშან ნეიმარს ეკისრა - თამაშის გამწვავება დრიბლინგისა და კარში დარტყმების მეშვეობით, გოლები და საგოლე პასები.

ვალვერდე ან რისკზე უნდა წავიდეს და მთლიანად შეცვალოს სათამაშო სქემა ერთი მოთამაშის გამო ან კოუტინიო ეტაპობრივად უნდა მოარგოს ინიესტას როლს

ბარსამ 4-4-2-ით პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა. ამ სიტუაციაში ერნესტო ვალვერდე ან რისკზე უნდა წავიდეს და მთლიანად შეცვალოს სათამაშო სქემა ერთი მოთამაშის გამო (რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან კოუტინიო ეტაპობრივად უნდა მოარგოს ინიესტას როლს, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციას. ამ შემთხვევაში კი კატალონელთა ბრაზილიელ ახალწვეულს თავისი სათამაშო სტილის დიამეტრულად შეცვლა მოუწევს.

ამ შემთხვევაში, კოუტინიომ უნდა შეამციროს დრიბლინგის, კარში დარტყმებისა და თამაშის მომენტალური გამწვავების პროცენტი, ითამაშოს უფრო სიღრმიდან, უფრო მეტად ნახევარმცველის, ვიდრე შემტევის პოზიციაზე და მისი ძირითადი ფუნქცია ბურთის გათამაშება და შეტევის მომზადება იქნება. 

გადახდილი კოლოსალური თანხის გათვალისწინებით, დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ წარიმართება კოუტინიოს ინტეგრაცია კატალონურ კლუბში და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბრაზილიელმა რთულად დაიწყოს თავისი კატალონური კარიერა.

კომენტარები

ბოლო ამბები