Thumbnail

'ჯობდა, მოვმკვდარიყავი' - ფრანჩესკო ტოტი რომადან სკანდალით წავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას ლეგენდამ, რომელსაც კლუბში მენეჯერის პოსტი ეკავა, თანამდებობა დატოვა
  • 42 წლის იტალიელმა გადაწყვეტილების მიზეზებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა
  • რომაში 30-წლიანი ეპოქა დასრულდა 

რომას ყოფილმა კაპიტანმა და თავდამსხმელმა, ბოლო დროს კი ჯალოროსის მენეჯერმა ფრანჩესკო ტოტიმ, კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. რომას ლეგენდამ თავისი ნაბიჯის შესახებ იტალიის დედაქალაქში, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც მხოლოდ 250 ჟურნალისტი ესწრებოდა (განაცხადი მედიის 1000-მდე წარმომადგენელს ჰქონდა შეტანილი).

42 წლის ფრანჩესკოს რომადან წასვლის მიზეზი, კლუბის ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასა და დირექტორთა საბჭოს წევრთებთან უთანხმოებაა, რის შესახებაც ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. 

მეტი ამ თემაზე: კონფლიქტი ბოსებთან - ფრანჩესკო ტოტი 30 წლის შემდეგ რომადან მიდის!

იუწყებოდნენ, რომ ტოტი უკმაყოფილო და გაბრაზებული იმის გამო იყო, რომ რომას ხელმძღვანელებმა რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში "ჯალოროსის" მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაინიშნა.

ტოტი რომას რეკორდსმენია - 785 მატჩი, 307 გოლი

"რომას მენეჯერის თანამდებობას ვტოვებ. იმედი მქონდა, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ეს იმაზე უარესია, ვიდრე ფეხბურთელის კარიერის დასრულება. ალბათ ჯობდა, მოვმკვდარიყავი… 

იმედი მაქვს, ეს გუნდისთვის უკეთესი იქნება. მაგრამ ჩემთვის ძალიან რთული იყო შეგუება იმ ვითარებასთან, როდესაც მმართველებისთვის სულერთი იყო კლუბის ბედი. მათ შეეძლოთ ნებისმიერ დროს, ერთი კვირით წასულიყვნენ სადმე, თავიანთ საქმეებზე და არაფერზე ეფიქრათ. და ამ ყველაფერს თითქოს ვერც ვერავინ ამჩევნდა, მე კი ასე არ შემიძლია. ჩემთვის რომა ძალიან ბევრს ნიშნავს", - თქვა ტოტიმ.

არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ფრანჩესკო ბოლომდე რომას ერთგული დარჩა

ფრანჩესკო ტოტის რომას ახალგზრდულ გუნდში დებიუტი 1989 წლეს ჰქონდა, სამი წლის შემდეგ კი მთავარ გუნდში მისი დებიუტიც შედგა. ფორვარდმა რომაში მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა (1992-2017 წლებში), გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი და ორ-ორჯერ იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა. კარიერის დასრულებისთანავე, ფრანჩესკომ კლუბის სტრუქტურაში მენეჯერის თანამდებობა მიიღო. 

ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2000 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები