Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას და დღეს სახელოვანი წარსულის მქონე გრანდს შემოგთავაზებთ, რომელსაც ბოლო წლებია, სერიოზული კრიზისის ხანა უდგას.

ისტორიული პანორამა

საფრანგეთი ერთ-ერთი უძველესი სარაგბო ქვეყანაა. პირველად რაგბი 1872 წელს, ბრიტანელმა ვაჭრებმა და სტუდენტებმა შეიტანეს, თუმცა პირველ საერთაშორისო ტესტამდე 34-წლიანი მოცდა მოუწიათ. 1906 წელს, საფრანგეთის ნაკრებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო 1910 წლიდან 5 ერის გათამაშებაში ჩაერთო.

თავიდან ფრანგებს ძალიან უჭირდათ: პირველი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ იმარჯვეს - შოტლანდიასთან 1 ქულით.

სიტუაცია დიდად არც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეცვლილა, მთელი დეკადა ინგლისის სრული დომინაციით მიმდინარეობდა, ხოლო 1931 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ფრანგ მორაგბეს კლუბები ხელფასს უხდიდნენ, ბრიტანელებმა ეს რაგბის სამოყვარულო პრინციპების დარღვევად მონათლეს და საერთოდ 5 ერიდან მოკვეთეს.

პირველი საზიარო ჩემპიონობა (ინგლისთან და უელსთან ერთად) 'მამლებმა' 1954 წელს მოიპოვეს, ხოლო ერთპიროვნული გამარჯვებულები ტურნირში ჩართვიდან 49 წლის თავზე, 1959 წელს გახდნენ.

ჯამში 5 ერი/6ერი ფრანგებს 25 ჯერ აქვთ მოგებული, აქედან 8-ჯერ საზიაროდ, ხოლო 5-ჯერ თანამედროვე ექვს ერში უჩემპიონიათ.

საფრანგეთი ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა და რვავეჯერ პლეი-ოფში გასვლა მოახერხა. პირველ მსოფლიოზე, 1987 წელს, ნახევარფინალში მასპინძელი ავსტრალია დაამარცხა და ფინალში ოკლენდში, მეორე მასპინძელ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. მათთვის სამწუხაროდ, მატჩი 'შავების' გამარჯვებით, 29:9 დასრულდა. ჯამში, საფრანგეთს ფინალში სამჯერ უთამაშია. აქედან, ორჯერ ზელანდიასთან, ხოლო ერთხელ ავსტრალიასთან დამარცხდნენ და მათი მონაგარი მხოლოდ სამი ვერცხლია.

საფრანგეთი V ახალი ზელანდია

ცალკე აღსანიშნავია ფრანგების და 'ოლ ბლექსის' თამაშები მსოფლიო ჩემპიონატებზე. ფრანგებმა ორჯერ (1999 და 2007) დიდი სენსაცია მოახდინეს და აშკარა ფავორიტი ზელანდიელები მსოფლიო თასს გამოთიშეს. 1999 წლის ნახერვარფინალი რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ლომუს ვერ აჩერებდნენ, მეორე ტაიმში საოცარი ქამბექი დადეს და ფინალში გავიდნენ. 2011 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ოქლენდში მასპინძლების დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ და 'ოლ ბლექსმა' გამარჯვება მხოლოდ მსაჯის დიდი დახმარებით მოახერხა.

მამლები

გალურ მამალს უძველესი რომაული და ქრისტიანული ფესვები აქვს, საფრანგეთის სიმბოლო კი შუა საუკუნეებში გახდა, თუმცა მალევე გაქრა, ვიდრე ფრანგულ რევოლუციამდე (1789), როცა ამ სიმბოლომ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

აქედან მოყოლებული, მამალი ფრანგების ეროვნული სიმბოლოა და ამ ქვეყნის სპორტული გუნდები საკუთარ გერბადაც აქტიურად იყენებენ. მამალი გამოიყენება სპორტული ბრენდების სიმბოლოებშიც. მაგალითად, თანამედროვე საფრანგეთის ნაკრებს Le coq sportif (სპორტული მამალი) აცმევს.

ფრანგთა მეორე მეტსახელი “ლურჯებია”. შეძახილი 'allez les bleus!' ალბათ ყველას გვსმენია და ამ ბოლო დროს უფრო შორსაც წავიდნენ - სავარაუდოდ All Blacks-ის მიმბაძველობით, სპორტულ მაისურებზე all bleus-საც აწერენ ხოლმე.

ტოპ 14

საფრანგების ლიგა მსოფლიოში ყველაზე მდიდარია. რაგბში პირველად დიდი ფული სწორედ ტოპ 14–ში, კერძოდ კი ტულონში გამოჩნდა. გუნდის ოდიოზურმა პრეზიდენტმა, მურად ბურჯალელმა, სამხრეთიდან სუპერ ვარსკვლავების გადმობირება დაიწყო და ტრადიციული გრანდები – ტულუზა, სტად ფრანსე, კლერმონი და ბიარიცი შეავიწროვა.

სწორედ ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდის, ტულუზას კრიზისი დაემთხვა საფრანგეთის ნაკრების კრიზისს. ბურჯალელს კონკურენტებიც გამოუჩნდა და სხვა ფრანგმა მილიარდერებმაც არანაკლები ფულის ჩადება დაიწყეს. ლიგაში ძალიან გაიზარდა ლეგიონერების რაოდენობა. ტოპ 14-ის მესვეურებმა, საფრანგეთის ნაკრების პრობლემები, სწორედ ლეგიონერების სიმრავლეს დააბრალეს და ამჟამად ლიგაში უცხოელებზე სხვადასხვა ტიპის კვოტები ვრცელდება. ბოლო წლებში, სარასენსის და ლენსტერის დომინირების ხანას თუ არ ჩავთვლით, ფრანგული გუნდები წარმატებით თამაშობენ ევროთასებზე. ტულონი ერთადერთი გუნდია, ჩემპიონთა თასის ზედიზედ სამჯერ მოგება რომ მოახერხა.

ტოპ 14-ის წლევანდელი ფინალი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ტულუზამ, კლერმონი დაამარცხა და ჩემპიონობა 6 წლიანი პაუზის შემდეგ, მეოცედ მოიპოვა.

საკმაოდ მაღალი დონისაა რანგით მეორე  დივიზიონი პრო დ2, სადაც ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდები თამაშობენ, მაგრამ დიდი ფულის ეპოქაში დიდ ქალაქებს კონკურენციას ვეღარ უწევენ. პრო დ2–ს რამდენიმე ნახევრად სამოყვარულო და სამოყვარულო დივიზიონი მოსდევს. უნდა ითქვას, რომ სამხრეთ საფრანგეთში რაგბი ფეხბურთზე პოპულარული სპორტია და გუნდების დიდი ნაწილი, სწორედ სამხრეთ საფრანგეთიდანაა.

სათამაშო სტილი

შამპან რაგბი - ასე ერქვა ფრანგების სათამაშო სტილს, რომელმაც ფრანგულ რაგბს უამრავი გულშემატკივარი შესძინა.  ხელით ბურთაობა, სწრაფი შეტევები ნებისმიერი პოზიციიდან - სწორედ ეს იყო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მახასიათებელი. თუმცა, ბოლო 7-8 წელია, მამლები თავს მხოლოდ უფერული თამაშით თუ გვამახსოვრებენ. ტოპ 14-იც ალბათ ერთ–ერთი ყველაზე მძიმედ საყურებელი ჩემპიონატია,  გარდა რამდენიმე გამონაკლისი გუნდისა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ შამპან რაგბის სიკვდილი მაინც საერთო სარაგბო ტენდენციების ცვლილებამ გამოიწვია - თამაში ძლიერ ფიზიკურ მომზადებაზე სულ უფრო მეტად ორიენტირებული ხდება. დღეს საფრანგეთი ძალისმიერ, უფანტაზიო და ნელ რაგბს თამაშობს. მაგრამ, ბოლო პერიოდში რამდენიმე ძლიერი ახალგაზრდას გამოჩენა, ფრანგებს მცირე იმედს აძლევს.

საკვანძო მოთამაშეები

გიომ გირადო - ფრანგთა ვეტერანი კაპიტანი და ლიდერი, მოედანზე და მოედანს მიღმა.
ძალისმიერი ტიპის კვაჭია, ღია თამაშში ბურთი წინ კარგად მიაქვს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საუკეთესო აუტი არ აქვს.

ლუი პიკამოლი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და კონტაქტში უპირატესობის გაკეთებას სულ ახერხებს. დიდ რაგბში, მამუკა გორგოძესთან ერთად, მონპელიეში გამოჩნდა.

დამიენ პენო - ფრანგების ამომავალი ვარსკვლავი. არაორდინალური მორაგბეა, რთულ სიტუაციაშიც შეუძლია შეტევის გამწვავება. ძირითადად ფრთაზე თამაშობს, თუმცა 13 ნომერზეც ძლიერია. ლეგენდარული ფრანგი მორაგბის, ალან პენოს შვილია.

მეთიუ ბასტარო - ფრანგთა ყველაზე მებრძოლი მორაგბე. მიუხედავად იმისა, რომ შუამარბია, აგებულებით პირველხაზელს გავს. განსაკუთრებით კარგი ბრეიქდაუნზეა და სულ ახერხებს ან ბურთის ამოცლას, ან მეტოქის შეტევის ტემპის დაგდებას.

ანტუან დუპონი - პენოსთან და რომეინ ნტამაკთან ერთად, ფრანგების ამომავალი ვარსკვლავია. 9 ნომერზე მორგან პარა და მაქსიმ მაშნო შეავიწროვა. ერთი წელი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ნელ-ნელა საუკეთესო ფორმას უბრუნდება. ტულუზაში ხშირად ათ ნომერზეც თამაშობს.

იაკუბა კამარა - ახალგაზრდა მესამეხაზელი. შეტევაშიც და დაცვაშიც მოვლენების ეპიცენტრშია. ძალიან კარგია ბოჭვებში და აუტში.

სამწვრთნელო შტაბი

2015 წლის ჩაგდებული მსოფლიოს მერე, ფრანგებმა აქცენტი ასაკოვან მწვრთნელებზე გააკეთეს.  ლეგენდარულმა გი ნოვესმა მხოლოდ 2 წელი გაძლო და 2017 წლიდან ფრანგებს ჟაკ ბრუნელი წვრთნის. მისი ერთადერთი მიღწევა, შარშან ინგლისთან გამარჯვებაა. სხვა ყველა მნიშვნელოვანი თამაში კი წააგო, მათ შორის პირველად ისტორიაში, ფიჯისთან. მსოფლიოს თასისთვის ფრანგების სამწვრთნელო შტაბს ფაბიენ გალტიე და ლორენ ლაბიტი გააძლიერებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე რამდენი წელია ფრანგულ რაგბს კრიზისი აქვს, სხვა ევროპული გუნდებისგან განსხვავებით, ფრანგები უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას უკადრისობენ. თუმცა, ეს უცნაური ტრადიცია შეიძლება მსოფლიო თასის შემდეგ შეიცვალოს.

ფრანგების ლეგენდა

საფრანგეთის ნაკრებში ბევრ სუპერვარსკვლავს უთამაშია, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ ფრანგები დღემდე სერჟ ბლანკოს მიიჩნევენ. კარაკასში დაბადებული,  ვენესუელელი მამის და ბასკი დედის შვილი, 80-იან წლებში რაგბის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო და შამპან რაგბის საუკეთესო წარმომადგენელი. ამ პერიოდში, ბლანკოს ლიდერობით, ფრანგებმა ექვსჯერ მოიგეს 5 ერი და 1987 წელს, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში გავიდნენ. სწორედ ბლანკომ გაუტანა ავსტრალიელებს გადამწვეტი ლელო ბოლო წუთებში და ფრანგები ფინალში გაიყვანა.

გზა მსოფლიო თასზე

ფრანგები სიკვდილის ჯგუფში არიან და უშუალო კონკურენტებად ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ინგლისი და არგენტინა ჰყავთ. საკმაოდ რეალურია, რომ ისტორიაში პირველად ფრანგებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლონ. უნდა ითქვას, რომ ქვედა კალათებიდანაც საკმაოდ ძლიერი გუნდები დაუჯდათ - ტონგა და აშშ. 2011 წელს ფრანგებს ტონგასთან ჯგუფში მარცხის გამოცდილება უკვე აქვთ.

პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში მამლები D ჯგუფიდან გასულ პირველ ან მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებთან რაგბში დიდი კავშირები გვაქვს, ეროვნული ნაკრებების დონეზე, მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის ჩემპიონატზე, მარსელში ვითამაშეთ და 64:7 გავნადგურდით. სამაგიეროდ, ხშირად ვთამაშობთ ახალგაზრდულ დონეზე და სხვადასხვა ფორმაციის საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებები ჩვენი ყველაზე ხშირი მეტოქეა. შარშან, ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულები სწორეთ მათი ძლევით გავხდით.

ქართველები საფრანგეთში

90-იან წლებში, როცა საქართველოში მაღალი დონის რაგბის სათამაშოდ არანაირი პირობები არ იყო, საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მორაგბეების საფრანგეთში გაშვებაზე ზრუნვა დაიწყო. დაბალ ფრანგულ დივიზიონებში სათამაშოდ ათეულობით ქართველი მორაგბე წავიდა. მათ შორის საუკეთესოებმა (ძირითადად მორკინალებმა) ძლიერი კლუბების ყურადღებაც მიიქციეს და მას შემდეგ, პროფესიულ ფრანგულ ლიგებში, ქართველების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტი საფრანგეთში ბურჯებს აქვთ.

თითქმის არ არსებობს არცერთი თავმოყვარე ფრანგული გუნდი, ერთი ქართველი ბურჯი მაინც რომ არ ჰყავდეს. ყოველწლიურად იზრდება სხვა პოზიციის მორაგბეების რაოდენობაც. ბოლო პერიოდში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესების გამო, ფრაგებმა აქცენტი 18-20 წლის მორაგბეების თავიანთ აკადემიებში წაყვანაზე გადაიტანეს. რამდენიმე კლუბი განსაკუთრებით ქართულია -კლერმონი, მონპელიე, ტულონი, ბრივი, ორიაკი - ამ გუნდებში ქართველები ყოველვის მრავლად იყვნენ. განსაკუთრებული შემთხვევაა ორიაკი და ბრივი. წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე, დღე ისე არ გავა, ორიაკმა ერთი ქართველი რომ არ აიყვანოს. ჯამში ამ ორ გუნდში 21 ქართველი თამაშობს. 

წარმატებას მიაღწია რამდენიმე ქართველმა მწვრთნელმაც - აქვსენტი გიორგაძე ლა როშელის სამწვრთნელო შტაბშია, ხოლო დავით ბოლღაშვილმა და ვიქტორ დიდებულიძემ, თავიანთი კლუბების პრო დ2-ში აყვანა შეძლეს.

ფრანგი იყო ჩვენი პირველი უცხოელი მწვრთნელი - კლოდ სორელიც. ქართული რაგბის პირველი დიდი წარმატება და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, სწორედ მის სახელს უკავშირდება.  

ქართული რაგბის მაღალ დონეზე გასვლაში დიდი წვლილი სწორედ ამ ქვეყანას მიუძღვის. რომ არა ფრანგები, ქართულ რაგბს 90-იან წლებში გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა და თუ გადარჩებოდა, საქართველოს ნაკრები ერთა თასის ერთ-ერთი რიგითი გუნდი თუ იქნებოდა.

ჩვენი პროგნოზი

როგორც ზემოთ ვთქვით, ფრანგები არც თუ ისე კარგ ფორმაში არიან, მეტოქეები კი ძალიან ძლიერები ყავთ. მათი ჯგუფიდან გასვლის შანსს 30%–ით შევაფასებდით, ხოლო ჯგუფში პირველობის შანსი დაახლოებით 10%-ია. რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ის პრაქტიკულად ნულის ტოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები