Thumbnail
  • იტალიაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო
  • პირველივე დღეს ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ
  • ესპანელები დანი სებალიოსის ბრწყინვალე გოლით იგებდნენ
  • იტალიელების ქამბექი ფედერიკო კიეზას დამსახურებაა

ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და პირველივე დღეს ბრწყინვალე მატჩი შედგა. ბოლონიის ‘სტადიო რენატო დალ’არაზე’ იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთის U21 გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

იტალია (U21) 3:1 ესპანეთი (U21)

გოლები: 0:1 სებალიოსი (9), 1:1 კიეზა (36), 2:1 კიეზა (64), 3:1 პელეგრინი (82-პენ)

იტალია U21 (4-3-3): მერეტი - კალაბრეზი, მანჩინი, ბონიფაცი (88. ბასტონი), დიმარკო - ბარელა, მანდრაგორა, პელეგრინი - ძანიოლო (42. ორსოლინი), კინი (60. კუტრონე), კიეზა.

ესპანეთი U21 (4-1-4-1): სიმონი - აგირეგაბირია, ვალეხო, მერე, კარიკოლი - სუბელდია (67. ფორნალსი) - სოლერი, რუისი (46. მერინო), სებალიოსი, ოიარსაბალი (85. მირი) - მაიორალი.

ესპანელები დანი სებალიოსის ულამაზესი გოლით იგებდნენ. მადრიდის რეალის ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი გუნდი მე-9 წუთზე, 20 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ ფედერიკო კიეზამ (დუბლი) და ლორენცო პელეგრინიმ (პენალტით) თამაშის შეტრიალება მოახერხეს.

იტალიის U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 5-ჯერ აქვს მოგებული. მეორე ადგილზე სწორედ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებია 4 ტიტულით.

ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვებით, ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი A ჯგუფში გალიდერდა. პირველი ტურის შემდეგ მეორე ადგილზე პოლონეთია, რომელმაც ბელგია დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა. მეორე ტურში იტალია სწორედ პოლონეთს შეხვდება.

ევროპის U21 ჩემპიონატზე სულ 12 გუნდი თამაშობს. 3 ჯგუფიდან ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. მოქმედი ჩემპიონი გერმანია ასპარეზობას დღეს იწყებს - 21-წლამდელთა ბუნდესგუნდი პირველ მატჩში დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფედერიკო კიეზა და რიკარდო ორსოლინი მეორე გოლს ზეიმობენ

აღსანიშნავია, რომ იტალიის U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 5-ჯერ აქვს მოგებული (1992, 1994, 1996, 2000, 2004 წლებში). მეორე ადგილზე სწორედ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებია 4 ტიტულით (1986, 1998, 2011, 2013), მესამეზე კი - საბჭოთა კავშირი (3 ტიტული - 1976, 1980, 1990). შემდეგ მოდიან გერმანია (2009, 2017), ინგლისი (1982, 1984) და ჰოლანდია (2006, 2007). ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი თითოჯერ აქვთ მოგებული ჩეხოსლოვაკიას (1972), უნგრეთს (1974), იუგოსლავიას (1978), საფრანგეთს (1988), ჩეხეთს (2002) და შვედეთს (2015).

📺 ვიდეო: იტალია (U21) 3:1 ესპანეთი (U21)

კომენტარები

ბოლო ამბები