Thumbnail
  • საქართველო მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხე მატჩს გამართავს
  • საქართველოსა და ფიჯი ამ ტურნირში ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 შეხვედრას გამართავს. მათი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება.

ჯგუფის ბოლო ტურში, შოტლანდიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველო ფიჯისთან ბრძოლისთვის მზადაა და ეცდება, რომ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი გაიმეოროს. შეგახსენებთ, რომ ილია მაისურაძის გუნდმა 2018 წელს 12 საუკეთესო ნაკრებს შორის სარეკორდო მე-9 ადგილი დაიკავა.

მატჩი 17 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV შემოგთავაზებთ.

U20 | საქართველო - შოტლანდია | საუკეთესო მომენტები

U20 | 👀 ნახე უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო მომენტები შოტლანდიის წინააღმდეგ 🔥 🇬🇪 საქართველო 17-12 შოტლანდია 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 პლეიოფებში, მე-9 ადგილის ნახევარ-ფინალში #ფიჯის ვეთამაშებით 🔥 🇬🇪 საქართველო v ფიჯი 🇫🇯 | 17/06 🕗 20:00 უქომაგე უმცროს ბორჯღალოსნებს რაგბი TV/Rugby TV-ზე #GEOvFIJ #GeorgiavsFiji #უმცროსიბორჯღალოსნები #რაგბიჩვენითამაშია #WorldRugbyU20s #Argentina2019

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019

საქართველოსთან თამაშამდე ფიჯელებმა ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს. კუნძულელებმა შარშანდელ ჩემპიონ საფრანგეთს ორი ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ. მათ ორი ლელო გაუტანეს მასპინძელ არგენტინასაც და მატჩი 14:41 დათმეს, ხოლო ბოლო ტურში უელსთან 4 ლელოს გატანა მოახერხეს და ბონუს ქულა აიღეს.

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს მძიმე მატჩი ელის. ფიჯელები შეტევაში ძალიან სწრაფები არიან, მაგრამ დაცვაში ცუდად თამაშობენ. მათი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილის შენარჩუნებაა.

ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებს 28-ვე მოთამაშის იმედი ექნებათ. 

შერკინების პირველ ხაზში ლუკა აზარიაშვილი, ლუკა ნიორაძე და გია ხარაიშვილი დადგებიან. ეს ის სამეულია, რომელიც შოტლანდიასთან მეორე ტაიმში თამაშობდა. წინა შეხვედრის შემდეგ, უცვლელი დარჩა შერკინების მეორე ხაზის წყვილი - ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით, ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და თამაშს კობა კოლოტაური იწყებს. მეორე ფლანკერად ადგილი შეინარჩუნა ბექა ყორიაულმა, ხოლო შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი იქნება. 

ღერძად თამაშს იწყებენ მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ, შოტლანდიასთან შესვენებისას შეცვლაზე შევიდნენ და მატჩში გარდატეხა შეიტანეს. ცენტრში კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია დემურ თაფლაძე, რომელსაც ამჯერად ლაშა ლომიძე შეუწყვილდება.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ოთარ ლაშხმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ფრთაზე ზურა ქავთარაძე ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ჭიჭინაძე. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი). 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე),

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი). 

კომენტარები

ბოლო ამბები