Thumbnail
  • იუვენტუსი მატეის დე ლიხტის შეძენის იმედს არ კარგავს
  • ჰოლანდიელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
  • მას ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენშიც ეპატიჟებიან

იუვენტუსი ამსტერდამის აიაქსის მცველის, მატეის დე ლიხტის გადაბირების იმედს არ კარგავს. მაურიციო სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდა ჰოლანდიელი უკანახაზელის შეძენაა. გავრცელებული ცნობების თანახმად, იუვეს ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ვარსკვლავი პაველ ნედვედი მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დე ლიხტი სამივე გრანდის წინადადებას მოისმენს

'მარკას' ინფორმაციით, ნედვედი დე ლიხტის აგენტ რაიოლას მონტე კარლოში შეხვდება. პირველი მოლაპარაკებების შემდეგ უნდა გაირკვეს, რა პირობებზე შეიძლება იყოს თანახმა 19 წლის დე ლიხტი. ფაქტია, ეს ამბავი ბარსელონაში არ გაუხარდებათ. ცნობილია, რომ ბარსა ასევე იბრძვის ჰოლანდიელის ხელში ჩასაგდებად. იტალიური ‘ტუტოსპორტი’ კი წერს, რომ დე ლიხტზე პრეტენზიას პარი სენ-ჟერმენიც აცხადებს - ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, პარიზელებმა ამსტერდამელებს უკვე შესთავაზეს 90 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 15 მილიონს სთავაზობენ.

როგორც ჩანს, დე ლიხტი სამივე გრანდის შეთავაზებას მოისმენს და მერე დაფიქრდება, რომელს მიანიჭოს უპირატესობა. მარკა წერს, რომ ბარსელონას ხელმძღვანელებს უკვე არ მოსწონთ დე ლიხტის ქცევა და, შესაძლოა, მისი ყიდვა გადაიფიქრონ.

პაველ ნედვედი და იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი

იტაილური მედიის ცნობით, პაველ ნედვედი მინო რაიოლას პოლ პოგბას შესახებაც უნდა ელაპარაკოს. ფრანგს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს, რაც უკვე დაადასტურა, მაგრამ მისი სურვილი მადრიდის რეალში თამაშია. მართალია, პოგბას გადაბირება რეალსაც სურს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა ტრანსფერებში 300 მილიონ ევროზე მეტი უკვე დახარჯეს (ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ედერ მილიტაო, როდრიგო, ფერლან მენდი)...

კომენტარები

ბოლო ამბები