Thumbnail

‘დროა, რაღაც ახალი ვცადო!’ - პოლ პოგბამ აღიარა, რომ იუნაიტედიდან წასვლა სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა გადაწყვიტა
  • ფრანგს მიაჩნია, რომ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა

მსოფლიოს ჩემპიონმა პოლ პოგბამ, როგორც იქნა, აღიარა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა არ სურს.

“ვფიქრობ, ჩემთვის ახლა კარგი დროა საიმისოდ, რომ ახალი გამოწვევა სხვაგან ვეძებო,” - განაცხადა 26 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ PR-შეხვედრაზე ტოკიოში.

ინგლისურ და ესპანურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პოგბას მადრიდის რეალში გადასვლა სურს. ‘სამეფო კლუბის’ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლს თავის გუნდში სიამოვნებით იხილავდა.

“მე ის ძალიან მომწონს, ცოტა სხვანაირი ფეხბურთელია. მას შეუძლია, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულება, ისე შეტევების ორგანიზება და გოლების გატანაც. ნახევარდაცვაში მას უბრალოდ ყველაფერი შეუძლია,” - თქვა ზიზუმ.

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ რეალი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ ინგლისური გრანდი გაცილებით მეტს, კონკრეტულად კი 180 მილიონს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ იუნაიტედმა პოლ პოგბა სამი წლის წინ, იუვენტუსიდან 105 მილიონ ევროდ შეიძინა. ინგლისის 20-გზის ჩემპიონთან ფრანგს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა, პოგბას მაინც აკრიტიკებენ. მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები