Thumbnail

ტრანსფერები | ბაიერნი ჰუმელსს თმობს! დორტმუნდში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანული მედია: ბაიერნი და დორტმუნდი უკვე შეთანხმდნენ
  • ნიკო კოვაჩი თანახმაა, რომ ჰუმელსმა გუნდი დატოვოს
  • ტრანსფერის დასრულებისთვის რუმენიგეს თანხმობაა საჭირო

ბუნდესლიგაში დიდი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია!

გერმანული მედიის ინფორმაციით, მატს ჰუმელსი მიუნხენის ბაიერნს ტოვებს და დორტმუნდის ბორუსიაში ბრუნდება. როგორც იცით, გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერი BVB-ში 2008 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა.

2012 წელს მატს ჰუმელსმა დორტმუნდში დუბლი შეასრულა - თასიც მოიგო და ჩემპიონატიც

“ბილდი” წერს, რომ ბაიერნი და დორტმუნდი ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ! როგორც ირკვევა, ბორუსიამ რეკორდმაისტერს 20 მილიონი ევრო შესთავაზა და ბონუსებსაც დაპირდა, რაზეც ბავარიელები დათანხმდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ დორტმუნდში დაბრუნების იდეა თავად ჰუმელსსაც მოსწონს - მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი შეუმცირდება. გერმანიის ნაკრების მცველი ბაიერნში წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს, BVB-ში კი მისი წლიური ხელფასი 10 მილიონზე ნაკლები იქნება.

მატს ჰუმელსი ბაიერნიდან მიდის

მას მერე, რაც ბაიერნმა ატლეტიკოდან 80 მილიონ ევროდ 23 წლის ლუკა ერნანდესი გადაიბირა, რეკორდმაისტერის დაცვაში კონკურენცია გაიზარდა. ეს უკანასკნელი პირველ რიგში ცენტრალური მცველია, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში, მაგრამ ბაიერნს დაცვის მარცხენა ფლანგისთვის დავიდ ალაბა ჰყავს და ცხადია, რომ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ერნანდესს დაცვის ცენტრისთვის განიხილავს. თანაც, ცნობილია, რომ ჰუმელსს და კოვაჩს არცისე კარგი ურთიერთობა აქვთ. “ბილდი” წერს, რომ კოვაჩი თანახმაა, ბაიერნმა ჰუმელსი გაყიდოს! როგორც ჩანს, მომავალი სეზონისთვის ის დაცვის ცენტრში ერნანდესისა და ნიკლას ზიულეს წყვილს განიხილავს.

დორტმუნდისთვის ეს მეოთხე დიდი ტრანსფერი იქნება. ბორუსიამ მანამდე თორგან აზარი (26 წლის, 25,5 მილიონ ევროდ გლადბახიდან), იულიან ბრანდტი (23 წლის, 25 მილიონად ლევერკუზენიდან) და ნიკო შულცი (26 წლის, 25,5 მილიონად ჰოფენჰაიმიდან) გაიფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები