Thumbnail

კონფლიქტი ბოსებთან - ფრანჩესკო ტოტი 30 წლის შემდეგ რომადან მიდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანჩესკო ტოტი რომას 30 წელი ემსახურა
  • ‘ჯალოროსის’ ლეგენდა კლუბს ტოვებს
  • მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაა

იტალიური მედია წერს, რომ ფრანჩესკო ტოტი რომას მენეჯერის თანამდებობას ტოვებს და ეს ამბავი ორშაბათს ოფიციალურად დადასტურდება. როგორც ჩანს, ‘ჯალოროსიში’ რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რადგან ტოტის მენეჯმენტიდან წასვლა დიდი ამბავია!

42 წლის ტოტი რომას სიმბოლო და სავიზიტო ბარათია. არცერთი სხვა ფეხბურთელი არ ასოცირდება რომასთან ისე, როგორც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფრანჩესკო. ‘ჯალოროსის’ ფორმა მას 1989 წლიდან ეცვა, მიუხედავად ზღაპრული შეთავაზებებისა კლუბს არ უღალატა და არაერთი რეკორდი დაამხო - ყველაზე მეტი მატჩი (786), ყველაზე მეტი გოლი (307) და ა.შ.

ტოტიმ კარიერა 2017 წელს, თითქმის 41 წლის ასაკში დაასრულა, რის შემდეგაც, როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბში დაასაქმეს - ფრანჩესკო რომას ელჩი და სპორტული ადმინისტრატორი გახდა. ახლა კი ამ თანამდებობას ტოვებს. ‘გაძეტა დელო სპორტში’ ვკითხულობთ, რომ რომა ტოტის წასვლის ამბავს ოფიციალურად ორშაბათს დაადასტურებს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მიზეზი კლუბის ამერიკელ მფლობელთან უთანხმოებაა. როგორც ირკვევა, ტოტი უკმაყოფილო და გაბრაზებულია იმის გამო, რომ რომას ხელმძღვანელებმა რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ‘ჯალოროსის’ მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაინიშნა.

ფრანჩესკო ტოტი რომას ლეგენდა, რეკორდსმენი და 'სავიზიტო ბარათია'

იტალიური მედია წერს, რომ ტოტი რომას გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს და ადრე თუ გვიან, ისევ დაბრუნდება - ოღონდ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც უფრო დიდ თანამდებობას და მეტ ძალაუფლებას შესთავაზებენ.

ფრანჩესკო ტოტი რომას ბავშვთა გუნდში 1989 წელს გამოჩნდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 1993 წელს შედგა და მთელი კარიერა ‘ჯალოროსის’ მიუძღვნა. 1997 წლიდან ის რომას კაპიტანი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები