Thumbnail
  • 📅 17 ივნისი | ⌚ 02:00 | ⚽ არგენტინა V კოლუმბია | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ოსკარ ტაბარესის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტია
  • ეკვადორის ეროვნულ ნაკრებს წელს ჯერ თამაში არ მოუგია 

კოპა ამერიკაზე პირველი მატჩები C ჯგუფშიც გაიმართება. 17 ივნისს ერთმანეთს ურუგვაი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან, ერთი დღის შემდეგ კი იაპონია და ჩილე ითამაშებენ. 

ოსკარ ტაბარესის შეგირდები, რომლებსაც ექსპერტები ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირზე გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებს შორის არცთუ უსაფუძვლოდ მოიაზრებენ (მასპინძელთა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად), პირველი სამი ქულის მოპოვებას ქალაქ ბელუ-ორიზონტიში, "მინეირაოზე", არცთუ კარგ ფორმაში მყოფ ეკვადორთან შეხვედრაში შეეცდებიან.

ურუგვაი

ლუის სუარესს ამ თასისთვის 8 წელიწადია, აღარ უკოცნია

ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკის გათამაშების ყველაზე წარმატებული მონაწილეა. “სელესტეს” ანგარიშზე 15 ტიტულია და ამდენი არც ბრაზილიას აქვს და არც - არგენტინას. მართალია, ურუგვაელთა მიღწევები შორეულ წარსულს უფრო უკავშირდება, თუმცა გუნდი არც ბოლო ტურნირებში ყოფილა სტატისტის როლში. ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკის უკანასკნელი 7 გათამაშებიდან 6-ში სტაბილურად ახერხებდა ჯგუფიდან გასვლას, თითოჯერ კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებიც მოიგო. კოპა ამერიკაზე ურუგვაის უკანასკნელი ჩემპიონობა 2011 წლით თარიღდება.

ოსკარ ტაბარესის გუნდი ცუდად არც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე გამოსულა, შესარჩევში ბრაზილიის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა, უშუალოდ რუსეთის მოედნებზე მიმდინარე მუნდიალზე კი ¼-ფინალში ისე გავიდა, ყველა მატჩი მოიგო. აქ ურუგვაი მხოლოდ მომავალ ჩემპიონ საფრანგეთს დანებდა, მაგრამ პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის იმ ქვეყნის ნაკრების მოხვედრა (მერვეა ფიფას ივნისის რეიტინგშიც), რომლის მოსახლეობა 3 მილიონზე ცოტა მეტია, თავისთავად უკვე არის შთამბეჭდავი წარმატება.

ურუგვაის ნაკრებს მრისხანე  შეტევის ხაზი აქვს, სადაც  სუარესი (106 მატჩი, 55 გოლი) და კავანი (109 მატჩი, 46 გოლი) მოქმედებენ

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტაბარესის გუნდი წლევანდელ კოპა ამერიკაზეც ერთ-ერთი ფავორიტია. ურუგვაიმ უმტკივნეულოდ გადაიტანა თაობათა ცვლა, დღეს კი გუნდში როგორც მაღალი დონის ვეტერანები (კავანი, სუარესი, გოდინი, მუსლერა), ისე -  პერსპექტიული ახალგაზრდები (ტორეირა, ბენტანკური, ვალვერდე) არიან. "სელესტე" განსაკუთრებით კარგი კოპას წინ გამართულ სპარინგებში იყო - უზბეკეთთან (3:0), ტაილანდსა (4:0) და პანამასთან (3:0).

ნაკრების ლიდერი ლუის სუარესი ტურნირის დაწყების წინ ურუგვაის შანსებზე საუბრობს, მაგრამ არც ბარსელონაში თავისი არგენტინელ თანაგუნდელს, ლეო მესის ივიწყებს: 

"გვყავს ფეხბურთელები საიმისოდ, რომ ამერიკის თასისთვის ვიბრძოლოთ. ტიტულის მოგების პრეტენდენტები ნამდვილად ვართ. ყველა ნაკრები პატივს სცემს ურუგვაის, რადგან ტურნირზე ყველაზე მეტი გამარჯვება გვაქვს. რა თქმა უნდა, პრეტენდენტია არგენტინაც, რომლის რიგებშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - მესი გამოდის".

ტაბარესის გუნდი კოპა ამერიკაზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება 

ეკვადორი

როგორც წესი, "ლა ტრი" დიად მიზნებს ვერც კოპა ამერიკაზე ისახავს, ბოლო 7 გათამაშებიდან 6-ში ჯგუფიდან გასვლაც ვერ მოახერხა. ეკვადორელები არც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში ბრწყინავდნენ, მერვე ადგილი დაიკავეს და რუსეთის საგზურის გარეშე დარჩნენ.

დარიო ერნან გომესის გუნდმა კოპა ამერიკის წინ 4 სპარინგი ჩაატარა და ვერცერთი მოიგო - 0:0 ჰონდურასთან, 1:1 ვენესუელასთან, 0:1 აშშ-სა და 2:3 მექსიკასთან. ეკვადორი ფიფას უკანასკნელ რეიტინგში კი 59-ე ადგილზეა და თამამად შეიძლება ითქვას, ტურნირს არცთუ კარგ სათამაშო ფორმაში ხვდება.

ანტონიო ვალენსიას (მანჩესტერ იუნაიტედი) 94 სანაკრებო მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი 

ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელების: ერასოს, მონტეროსა და პარედესის არყოფნაა. პლუს, ეკვადორელებს არც მთავარი დისპეჩერი - კრისტაინ ნაბოა ჰყავთ, რომელსაც ტრავმის გამო ლამის მთელი სეზონი გაუცდა.

ეკვადორის ნაკრები რთული მატჩისთვის ემზადება

საინტერესო ფაქტები

⚽ ურუგვაი და ეკვადორი 2016 წლის შემდეგ პირველად ხვდებიან. ბოლო თამაში, რომელიც მუნდიალის შესარჩევში გაიმართა, ურუგვაიმ მოიგო - 2:1. იქამდე ორჯერ ეკვადორმა იმარჯვა.

⚽ ურუგვაისა და ეკვადორის ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან მეტოქეებმა 2-2 მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

⚽ ურუგვაისა და ეკვადორის ბოლო ათ შეხვედრიდან ექვსში, 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა, ხუთში კი გატანას ორივე ახერხებდა.

⚽ ურუგვაის ნაკრებმა წელს ჩატარებულ სამ შეხვედრაში ჯამში 10 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. 

⚽ ურუგვაის ნაკრებმა წელს გამართულ სამივე შეხვედრაში პირველი ტაიმის მოგება მოახერხა. 

⚽ ტაბარესის გუნდი ბოლო 11 მატჩიდან (6 მოგება, 5 წაგება) 6-ში საშუალოდ 2,5-ზე მეტ გოლს იტანდა.

⚽ ურუგვაის ნაკრებს ბოლო 17 შეხვედრიდან ფრედ არცერთი დაუსრულებია - 11 მოგება, 6 წაგება. 

⚽ ეკვადორი კოპა ამერიკაზე CONMEBOL-ის უსუსტესი წარმომადგენელია (16 მოგება, 22 ფრე, 80 მარცხი).

⚽ ეკვადორის ნაკრებმა წელს გამართული 4 მატჩიდან ვერცერთი მოიგო - 2-2 მოგება და ფრე. გაიტანა 3 გოლი და მიიღო 5. 

⚽ ეკვადორის ნაკრებმა 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე გატანილი 14 გოლიდან 13 მეორე ტაიმში მიითვალა.

სავარაუდო შემადგენლობები 

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - კასერესი, გოდინი, ხიმენესი, ლაქსალტი - ნანდესი, ბენტანკური, ვესინო, ლოდეირო - კავანი, სუარესი.

ეკვადორი (4-3-3): ბანგერა - კინტერო, არბოლედა, აჩილიერი, კაისედო - გრუესო, ორეხუელა, ინტრიაგო - ა.ვალენსია, ე.ვალენსია, იბარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები