Thumbnail

რა მოხდებოდა, ევროპალიგის ფინალი აზერბაიჯანულ გუნდებს ლონდონში რომ ეთამაშათ?!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის ფინალის ბაქოში გამართვის გამო, ინგლისელებმა უეფა გააკრიტიკეს 
  • უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა კრიტიკოსებს არგუმენტებით უპასუხა

ბაქოში გამართულ ევროპალიგის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს ლონდონური კლუბები: ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდნენ (4:1), წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა. ბრიტანელები უეფას ტურნირის გადამწყვეტი მატჩის გასამართ ადგილად აზერბაიჯანის დედაქალაქის შერჩევის გამო საყვედურობდნენ. სხვა მიზეზებთან ერთად, იყო არსენალის სომეხი ლეგიონერის, ჰენრიხ მხითარიანის ფაქტორიც, რომელიც ფინალის სათამაშოდ ბაქოში პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ ჩავიდა. 

მეტი ამ თემაზე

ახლახან, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ინგლისელთა პრეტენზიებს უპასუხა.

 "როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, მხარი 76%-მა დამიჭირა, მაგრამ ინგლისმა არჩევანი სხვა კანდიდატზე გააკეთა. ყოველთვის, როდესაც საქმე ინგლისურ კლუბებს ეხება, მათგან პრეტენზიები გვესმის. ეს ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის კარგი არაა.

რატომ მივეცით ბაქოს ფინალის მასპინძლობის უფლება? ხალხი იქაც ცხოვრობს. თამაში ადგილობრივი დროით 11 საათზე გაიმართა, მაგრამ ბაქოს მაცხოვრებლებს ამაზე არ უწუწუნიათ. ლონდონში რომ ეთამაშა ორ აზერბაიჯანულ გუნდს, ხმას არავინ ამოიღებდა. მშვიდად ჩამოვიდოდნენ და ითამაშებდნენ.

ჩელსიმ ბაქოში არსენალს ედენ აზარის დუბლით, ანგარიშით 4:1 მოუგო

ბაქოს თანამედროვე სტადიონი 70 ათას ადამიანს იტევს. თუ არ ვცდები, ინგლისს დიდი ტევადობის მხოლოდ ერთი არენა აქვს. 
 
ჩვენ გვსურს, ადამიანებს ფეხბურთის სუპერვარსკვლავების ცოცხლად ნახვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ფეხბურთი ყველგან უნდა განვავითაროთ და არამხოლოდ ინგლისსა და გერმანიაში", - ამბობს უეფას პრეზიდენტი. 

51 წლის სლოვენიელი ჩინოვნიკი შეხედულებას ჩემპიონთა ლიგის ფინალების მასპინძელ სტადიონებზეც გამოთქვამს.

უეფას პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალების დიდი ტევადობის არენებზე გამართვას ემხრობა

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალები მხოლოდ დიდ არენებზე უნდა ტარდებოდეს. ბოლო ფინალის დროს, რომელიც მადრიდში ჩატარდა, 62 ათას ბილეთზე 980 ათასი მოთხოვნა მივიღეთ. ის თამაში "უემბლიზე" რომ ყოფილიყო, დამატებით 30 ათასი ბილეთი გვექნებოდა. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უმაღლესი დონის ღონისძიებაა და ალბათ, ის მხოლოდ ტოპსტადიონებზე უნდა ტარდებოდეს. მაგრამ ევროპალიგისა და სხვა დანარჩენი ტურნირების შემთხვევაში, მასპინძლობის საშუალებას ყველა იმ ქვეყანას უნდა ვაძლევდეთ, სადაც ფეხბურთი უყვართ".

კომენტარები

ბოლო ამბები