Thumbnail

'არასდროს დამავიწყდება' - როგორ აფასებს კრიშტიანო რონალდო 2018/19 წლების სეზონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 34 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი 2018/19 წლების სეზონს აფასებს
  • კრიშტიანო რონალდო მიღწეულის გამო მადლობას გულშემატკივარს უხდის

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის ინსტაგრამზე 2018/19 წლების სეზონი შეაფასა. 

34 წლის პორტუგალიელისთვის ეს სეზონი ჩვეულებრივი ნამდვილად არ იყო. ვარსკვლავმა გასულ ზაფხულს მადრიდის რეალი დატოვა, რომლის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა. მართალია, კრიშტიანომ იუვესთან ერთად მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ჩემპიონთა თასი ვერ აღმართა, მაგრამ სამაგიეროდ, მოიგო სერია A და იტალიის სუპერთასი. სულ ახლახან კი რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

კრიშტიანომ სერია A-ში 21 გოლი გაიტანა და ჩემპიონობა იზეიმა

დღეს კრიშტიანო აცხადებს, რომ გასული სეზონი მისთვის დაუვიწყარი გამოვიდა.

"როგორი დაუვიწყარი სეზონია! ახალი შთაბეჭდილებები, დიადი კლუბი, მომხიბვლელი ქალაქი, ახალი რეკორდები და კიდევ სამი ტიტული.

მადლობა უნდა გადავუხადო იუვენტუსის ყველა გულშემატკივარს იმისთვის, რომ ასე მიმიღეს იტალიაში. თქვენ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხართ. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით პორტუგალიაში, რომლებიც დამეხმარნენ, ქვეყნისთვის კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოგვეტანა. თქვენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გაქვთ ჩემს გულში.

პირადად მე არასდროს დამავიწყდება ბრწყინვალე მომენტები და ახალი რეკორდები, რომლებიც 2019 წლეს მქონდა:

📌 გამარჯვების გოლი იტალიის სუპერთასზე

📌 სერია A-ს ტიტული, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და 21 გოლი

📌 უეფას ერთა ლიგაში გამარჯვება და ჰეთ თრიკი

📌 პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მე-100 მატჩი მოიგო და 125 გოლი გაიტანა

📌 პირველი ფეხბურთელი, რომელმაც უეფას ეგიდით გამართული 10 ტურნირი მოიგო

📌 პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში გოლები გაიტანა ყველა ტურნირის ფინალურ სტადიაზე: მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, კონფედერაციათა თასსა და უეფას ერთა ლიგაზე.

📌 პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლები ნაკრებში ზედიზედ 10 ფინალურ სტადიაზე გაიტანა, 2004 წლიდან 2019 წლის პერიოდში. 

მომავალ შეხვედრამდე! ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი და საოცარი გამარჯვებებისთვის! მე თქვენი იმედი მაქვს!", - წერს კრიშტიანო.

კომენტარები

ბოლო ამბები