Thumbnail
  • ლონდონელები და ტურინელები სარისთან დაკავშირებით შეთანხმდნენ
  • 60 წლის იტალიელი სულ მალე ინგლისს დატოვებს და იუვეს ჩაიბარებს
  • ჩელსიში მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი ფრენკ ლამპარდია

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ტურინის იუვენტუსში დანიშნვა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. როგორც იტალიური მედია იუწყება, 60 წლის სპეციალისტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კლუბებს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. 

როგორც ირკვევა, ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონშია და ინგლისური კლუბის დირექტორთან, მარინა გრანოვსკაიასთან ბოლო დეტალებს ათანახმებს.

იუვენტუსს მაურიციოს სანაცვლოდ ჩელსისთვის დაახლოებით 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს

მაურიციო სარის ჩელსისთან კონტრაქტი, რომლის თანახმად წელიწადში ხელფასად 5 მილიონ ფუნტს იღებს, კიდევ ორი წლით აკავშირებს. შესაბამისად, ტურინელებს ჩელსისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფიქსირებული თანხა და ასევე, კონკრეტული მიღწევებისთვის ბონუსები. 

ვარაუდობენ, რომ მაურიციო სარი ჩელსის უკვე დღეს, 14 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ტურინის იუვენტუსთან 3-წლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს. 

მაურიციო სარიმ კარიერაში პირველი ტიტული ჩელსისთან ერთად მოიგო

მაურიციო სარიმ ლონდონის ჩელსი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე თანამემამულე ანტონიო კონტე შეცვალა. სარიმ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ჩელსისთან ერთად პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა. იტალიელი უტიტულოდ მაინც არ დარჩა და ლონდონელებს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი - ევროპალიგა მოაგებინა.

40 წლის ფრენკ ლამპარდი სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურიციოს სარის წასვლის შემდეგ ლონდონის ჩელსის, ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს. 40 წლის სპეციალისტი ბოლო დრომდე დერბი ქაუნთის წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები